Thursday, April 16, 2009

რუსული სამკუთხედი


ასიმეტრიული ომი და კავკასიური სიძულვილის გეომეტრია


ემბრიონის სტადიაში მყოფი ქართული კინოინდუსტრია მილიტარიზმის ლიანდგაზე შედგა, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ პაციფისტები მართავენ. ბოლო ათწლეულის ყველაზე ამბიციური კინოპროექტის _ `მოგზაურობა ყარაბაღში” დასრულების შემდეგ, პროდიუსერებმა ლევან კორინთელმა, არჩილ გელოვანმა და გუკა რჩეულიშვილმა მილიტარისტულ პათოსით არანაკლებ გაჯერებული ფილმი, ალეკო ცაბაძის სცენარის მიხედვით დადგმული `რუსული სამკუთხედი” დააფინანსეს.

სიმართლე ითქვას, ქველმოქმედებას ზღვარი აქვს, მერე ბიზნესი იწყება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცაბაძის ფილმის პროდიუსირება უბრალოდ მეგობრული ჟესტია. მეტიც, `რუსული სამკუთხედი” აპრიორი არაქართულენოვანი აუდიტორიისათვის შეიქმნა და რუსული კინემატოგრაფის ამომავალი ვარსკლვავი – კონსტანტინ ხაბენსკის მონაწილეობის წყალობით ფილმს საერთაშორისო კინობაზარზეც შეამჩნევენ.

”რუსული სამკუთხედის” თბილისურმა კინოპრემიერამ დიდი ხმაურით ჩაიარა. პრემიერას ხაბენსკიც დაესწრო, რომელიც მენშიკოვისა და მაშკოვის შემდეგ რუსული კინემატოგრაფის თვალსაჩინო ფიგურაა და ჰოლივუდში ”ღამის გუშაგის” ფანტასტიკური წარმატების შემდეგ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფილმის პრემიერა საკმაოდ ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოდგა _ პროდიუსერების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მოსაწვევები სამხედრო ჟეტონების სახით დარიგდა, რაც მაყურებელში ერთიორად ზრდიდა მილიტარიზმის განწყობას და ქვეცნობიერ დონეზე ეკრანზე განვითარებული მოვლენების თანამონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ორსაათიანი კინოსეანსის შემდეგ მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო; ფილმის შეფასებისას ცდილობ იმ მერკანტილიზმის ზღვარს გასცდე, რომელიც ფილმის კრიტიკას საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმით გამწარებული ადამიანის რეფლექსიის შთაბეჭდილებას დატოვებს. პირიქით, თითქმის ულტიმატუმში გადაზრდილი უკიდურესად დაძაბული დიპლომატიის ფონზე, ფილმი საოცრად პოლიტკორექტული გამოვიდა.

ცაბაძესთან ნაკლებად ისმის პასუხი კითხვაზე _ რატომ იწყება ომი და მით უმეტეს ნაკლებად კეთდება აქცენტი გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. აქ უფრო წმინდა ადამიანურ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არ ვარდებიან უკიდურეს ლირიკაში და არ ამტკიცებენ, რომ ომის მიზეზი მოწყენილობაა... როგორც ჩანს, ცაბაძე არც მწვადს წვავს და არც შამფურს _ ამის არგუმენტად ისიც კი კმარა, რომ ფილმის პირველადი სათაური `რუსული ენის მასწავლებელი” (მხოლოდ ჩეჩენის ბედზე პროეცირება) ორგანულად გადაიზარდა სამი თანაბარუფლებიანი პერსონაჟის მიუკერძოებელ ბიოგრაფიაში.

”რუსულ სამკუთხედში” წინა პლანზე იწევს ის ადამიანური, შეიძლება ითქვას გეომეტრიული ურთიერთობა, რომელიც ერთიანობაში კრავს ჩეჩენის, რუსისა და, ალბათ, უფრო მეტი ობიექტურობისათვის გარუსებული ქართველის (რეჟისორის ალტერ-ეგო) კოლია მალცევის ხედვას ომსა და მშვიდობაზე. ჩეჩენისა და რუსის ტრაგიფარსულ დუელში ამ უკანასკნელს სეკუნდანტის როლი ერგო.

ალეკო ცაბაძის ფილმი, შეიძლება ითქვას, წარმატებული ექსპერიმენტია ფიგურალური ფრაზა `კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული” გაათავისუფლო პირობითობისაგან და ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები განიხილოს დეტექტივის ჟანრის პრიზმაში. მით უმეტეს, რომ პოსტაფხაზური სინდრომის ქვეშ მყოფი ქართველი რეჟისორისგან რუსი ჯარისკაცის პოსტჩეჩნური სინდრომისა და ჩეჩენი პატრიოტის რუსული ფობიის შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება არცთუ მოულოდნელია. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ ქართული გენეოლოგიის მქონე და აბსოლუტურად აპოლიტიკური კოლია მალცევი ჩეჩნეთის კამპანიის ვეტერანებთან გადაკვრით ისაუბრებდა აფხაზეთის ომზე, რაც ფილმში ერთადერთი ირიბი თუ პირდაპირი და, რაც მთავარია, სუსტი ბრალდებაა და ცაბაძის ანტირუსული `პა”.

”რუსული სამკუთხედი” დაახლოებით იმ დეტექტიური ჟანრის სტილშია გადაღებული, რომელშიც გმირი ფაშიზმის უკვე მოხუცებულ ჯალათებს პოულობენ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ასამართლებენ _ ჩეჩენი ალიოშინი სნაიპერის თოფით ხოცავს რუს ჯალათებს, რუსი მალცევი კი, თავისი ბრმა ძმის `საპატივცემულოდ” ბრმა თემიდას განასახიერებს (ამ შემთხვევაში ალეკო ცაბაძე არ ღალატობს ქართულ იგავისებურ-კინოს და აზრის ლაკონურობისათვის იშველიებს სიმბოლო-მეტაფორებს) და ცხელი კვალის ნიადაგზე კლავს მოსკოვში გახიზნულ ჩეჩნებს. თავისთავად საგულისხმოა ცაბაძის და ზოგადად ფილმის პროდიუსერების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი, რომელიც ნებისმიერ ომს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და კრიმინალს უფარდებს.

ამ ქაოსში, ვფიქრობ, მაინც იკვეთება ქართველი რეჟისორის მსუბუქი `პრო” და `ანტი” და განსაკუთრებით სოლიდარობა. არცაა გასაკვირი, ჩეჩნებისადმი სოლიდარობა ისტორიულ და ნაწილობრივ კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობად გვერგო. სოლიდარობა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმით `ელისო” დაიწყო და ცაბაძის `რუსული სამკუთხედით” გრძელდება. ჯერ კიდევ კომუნისტური კრიტიკა ხაზგასმით აღნიშნავდა და ცაბაძის შემთხვევაში ეს სიმპტომურიცაა, რომ ნიკოლოზ შენგელაია ფილმში `ელისო” ეხება ცარიზმის თვითმპყრობელობით შევიწროვებული კავკასიის ხალხთა შორის სოლიდარობის თემას... უმნიშვნელოა, რომ მოგვიანებით, სტალინიზმის ეპოქაში ჩეჩნების დეპორტაციას ხელმეორედ განახორციელებს უკვე გასაბჭოებული რუსეთი, რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით არ იცვლება ჯამი და აბორიგენი მოსახლეობის მიმართ რუსეთის გეოპოლიტიკური მიდგომა.

ვფიქრობ, ესეც რეჟისორის ვუალირებული პოზიციაა, რომლის ღიად გამოხატვას შეგნებულად ერიდება _ რუსეთი ხომ ქართული ღვინის საექსპორტო სივრცის გარდა ქართული ფილმების კინოგაქირავებაში გაშვების დიდ პერსპექტივას სთავაზობს.

”რუსულ სამკუთხედთან” დაკავშირებით გამუდმებით გახსენდება ორი დიდი მოაზროვნის, რემარკისა და ნაპოლეონის დამოკიდებულება: პირველის ღრმა რწმენით, ომში ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, მილიონისა კი სტატისტიკა, ხოლო ნაპოლეონი შემზარავი რაციონალიზმით ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცს უწოდებდა...


ალეკო ცაბაძის ფილმში ამჯერად უკვე პოლიტიკური სამკუთხედი სწორედ ამ ადამიანური და არაადამიანური მორალისაგან იგება. ზედმეტი ლირიკის გარეშე ცაბაძე ეკრანიდან შემყურე ექსტრასენსივით `გმუხტავს” ომის იმ ნაწილაკებით, რომელიც ორივე მხარეს ტრაგიზმის დაღს ასვამს. ორივე მებრძოლი, ჩეჩენიც და რუსიც მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის ველზე რწმუნდებიან, რომ `წმინდა ომი” არ არის ომის სიწმინდის სინონიმი და ტყვეებითა და იარაღით ვაჭრობა ნებისმიერი ომის კანონზომიერებაა. ფილმის ფინალი განსაკუთრებით მძაფრია _ სავარაუდოდ ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზას ჯერ კიდევ გაუაზრებლად მიუყვება ახლად გაწვეულთა ოცეული _ კალის ჯარისკაცები, რომელთაც დაუნდობლად გადაადნობს ომის ალი და დეფორმირებულებს დაუბრუნებს დედა-სამშობლოს... სიუჟეტის გათვალისწინებით ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერთი ყალიბით განაგრძობს იმ `სალდაფონების” კონვეირებას, რომელთაც ბრმად წამთ, რომ რუსეთის კარი ტაიგიდან იწყება და კავკასიონის ქედის მიღმა, თითოეული კავკასიელის ეზოში მთავრდება... ცაბაძის ”რუსული სამკუთხედი” რადიკალურად განსხვავდება რუსული მილიტარისტული სერიალებისაგან და სწორედ ამაშია მისი ღირებულება და ნაწილობრივ სუსტი მხარე. გამორიცხული არ არის რუსმა მაყურებელმა ფილმი სწორედ ამ ნიშნით დაიწუნოს. მით უმეტეს, რომ ერთადერთი რაც `რუსულ სამკუთხედში” რუსულ კვალზე მიანიშნებს, ნახევარტონში გაჟღერებული კულტურულ–ლიტერატურული პასაჟებია: მილიციის ლეიტენანტი ბულგაკოვისეული მეტსახელით `აზაზელო”, დოსტოევსკის `ეშმაკუნები”... სამწუხაროდ დანარჩენი, ქართული კინოკულტურისთვის დამახასაიათებელი მანერულობა, უტრირებული, თითქმის თეატრალიზებული ემოციები (`ემოციობანა”) მნიშვნელოვნად აგებს თავისი ღირსებითა და ექსპრესიულობითYფილმთან `მოგზაურობა ყარაბაღში”. თუმცა გამორიცხულია არ არის, რომ დიდი საფესტივალო სამეულის _ `ბერლინალე”, `კანი”, `ვენეცია” _ აუდიტორია, რომელსაც უმიზნებს `რუსული სამკუთხედი”, ხარვეზებისა და სუსტი დრამატურგიის მიღმა გარკვეულ კლასიკურ ქართულ ეგზოტიკას დაინახავს.

No comments:

Post a Comment