Friday, April 17, 2009

ტარანტინიზმი


სტუდია ”მირამაქსისთვის” ისეთივე თილისმად ვიქეცი, როგორიც მიკი მაუსი იყო დისნეისთვის...”, - ხშირად უმეორებს ჟურნალისტებს ქვენთინ ტარანტინო. არ ცრუობს! მანამდე ტარანტინოს შემოქმედებითი ქორწინება ჰქონდა ”თრაი სთართან”, მაგრამ ეს კავშირი ფიქტიური აღმოჩნდა და მათ გაყრაში მოსამართლეობა ქვეყნის პირველმა პირმა - ბილ ქლინთონმა ითავა. მაშინ არც ამერიკის ე.წ. ზნეობრივი ლიგა აქტიურობდა და არც 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტების ეშინოდა ვინმეს; სხვათა შორის, პოლიტიკურ ჰორიზონტზე არც მონიკა ლევინსკის ფაქტორი მოჩანდა და ქლინთონიც თამამად ალაპარაკდა ჰოლივუდის ”სოციალურ პასუხისმგებლობაზე”... ტარანტინოს Pulp Fiction-ს კი სწორედ პასუხისმგებლობა აკლდა. სიმართლე ითქვას, პასუხისმგებლობა ისეთი მორალურ-ზნეობრივი იმპერატივია, რომელიც არასოდეს ახასიათებდა და არ ახასიათებს ტარანტინოს და ამის წყალობით ის ყოველთვის იდეოლოგიის მიღმა იმყოფება. რეპუტაციის თვალსაზრისით, იგი ”წმინდა” რეჟისორია.


სანამ ტარანტინო მეტამორფოზას განიცდიდა და მიკი-მაუსად იქცეოდა, იყო უიღბლო ბიჭუნა, არასახარბიელო ფიზიონომიითა და გაურკვეველი პერსპექტივით. ”სოციალურ პასუხისმგებლობას” კი მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როდესაც დოლფ ლუნდგრენის გადასაღებ მოედანზე მისი ძაღლების მოსაქმებულს კრეფდა, ცელოფნის პაკეტში ახვევდა და ნაგვის ურნისკენ ეზიდებოდა... იმასაც ამბობენ, რომ 1992 წელს ”ცოფიანი ძაღლების” გადაღების იდეა სწორედ ამ დროს გაუჩნდა. ”ცოფიანი ძაღლების” გადაღებას წინ უძღოდა რამდენიმე ფილმის სცენარის გაყიდვა - ერთი ტონი სკოტმა, მეორე კი ოლივერ სთოუნმა შეიძინა. ამ უკანასკნელმა ტარანტინოს ”მკვლელებად დაბადებულნი” სწორედ იმ იდეოლოგიის პრიზმაში გატარებით გადაიღო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებდა სცენარი. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, როგორი იქნებოდა ”მკვლელებად დაბადებულნის” ტარანტინოსეული ვერსია. იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ტარანტინომ შვილობილი უარყო და სტოუნს ტიტრებში სცენარისტების სიიდან ამოშლა კატეგორიულად მოთხოვა.

სტოუნისგან განსხვავებით, ტარანტინოსგან თითქმის წარმოუდგენელია მას-მედიის პასუხისმგებლობისა და კოლექტიური ფსიქოზის თემაზე დიდაქტიკური ხასიათის რეფლექსიები (”მკვლელებად დაბადებულნი”). Pulp Fiction ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. თუ სტოუნის შინაგანი კონსტიტუცია და მოქალაქეობრივი პოზიცია მეტ-ნაკლებად ჩანს მის შემოქმედებაში, ტარანტინო არასოდეს ახდენდა თავისი მრწამსის დეკლარირებას და ეკრანზე მეტწილად ფაქტის კონსტატაციას ახდენს. ტარანტინოს რეჟისორული პოზიცია უფრო მკვლევარის პრინციპებს ეყრდნობა, ვიდრე ხელოვანისათვის ჩვეულ მისიონერობას. მკვლევარის, რომელიც, რეფლექსებს იკვლევს და ნაკლებად ცდილობს მაყურებელზე თავისი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მორგებას. მკვლევარის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა დიქტატურა - ტარანტინოც არავის ახვევს თავის იდეებს, ამ შემთხვევაში ის მაყურებლის რეაქციას იკვლევს, რომელიც არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი და ცალსახა.

ტარანტინომ Pulp Fiction-ში უამრავ კინოვარსკვლავს მოუყარა თავი: უმა თურმანი, ჯონ ტრავოლტა, ბრუს უილისი, სემუელ ლ. ჯექსონი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი მსახიობები სცენარის წაკითხვისთანავე დათანხმდნენ ფილმში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, ტარანტინოს ხედვა იმდენად ახლებური იყო არა მხოლოდ მსახიობებისათვის, არამედ ზოგადად კინოხელოვნებისათვის, რომ ახალბედა რეჟისორი იმთავითვე აკურთხეს რევოლუციონერად. თუმცა ტარანტინოს ესთეტიკა გაცილებით ახლოს იმყოფება ევოლუციურ პროცესებთან, ვიდრე რევოლუციურთან - ლარს ფონ ტრიერისგან განსხვავებით ტარანტინოს არ მოუხდენია რაიმე მნიშვნელოვანი მანიფესტის დეკლარირება.

თუმცა ქვენთინ ტარანტინო არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა და, როგორც ყველა კულტს, მიმდევრები მასაც ჰყავს. ინგლისში, სადაც ტელევიზიაზე მკაცრი ცენზურა ვრცელდება, ”ცოფიანი ძაღლებისა” და Pulp Fiction-ის ”გაფილტრულ” ვერსიას უჩვენებდნენ. ცხადია, ამ ფაქტს ტარანტინო თვითირონიით გამოეხმაურა, - ”სად ნახეს ჩემს ფილმებში სისხლი?! ეს ხომ მხოლოდ ტომატის პასტაა...” სწორედ ტარანტინოს ფაქტორს უნდა უმადლოდენ გაი რიჩის ფენომენის აღმოჩენასა და ახალგაზრდული ინგლისური კინოს გამოჯანსაღების პროცესის დაწყებას. მართალია გაი რიჩი ყოველთვის დისტანცირებას ახდენდა ტარანტინოსგან, მაგრამ ხელწერის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ყოველთვის კალიგრაფიული სიზუსტით ბაძავდა ორიგინალს. ტარანტინოს ფანებისთვის კი იმის თქმაც კმარა, რომ გაი რიჩისგან განსხვავებით ტარანტინო არასოდეს მეორდება.იმავე Pulp Fiction-ის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ (”პალმის ოქროს რტო” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1994 წ. და ”ოსკარი საუკეთესო სცენარისათვის” 1995 წ.) ბევრს საუბრობდნენ მის კონფორმიზმზე, დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, მაგრამ მას თვითმყოფადობა არც ლაურეატობის დროს დაუკარგავს და, მით უმეტეს, არც კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობისას. მეტიც, 1995 წელს ტარანტინომ თითქმის მოლიერისეული ექსცენტრიკითა და შავი იუმორით გაჯერებული ”ოთხი ოთახი” გადაიღო. ფილმის ნოველისტური წყობა, ექსპრესია და საინტერესო მონტაჟი და, რაც მთავარია, ყოფითსა და შეთხზულ სამყაროს ზღვარზე წარმოქმნილი შავი იუმორი ტარანტინოს რევანშისტულ სულისკვეთებაზე მიანიშნებდა.

”ჯეკი ბრაუნით” იმედგაცრუებული მაყურებელი, მათ შორის კინოკრიტიკოსები ტარანტინოს შემოქმედებით კრიზისზე ალაპარაკდნენ... კრიზისი 6 წელი გრძელდებოდა. ამის გათვალისწინებით ”მოკალი ბილის” გამოჩენა უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა; ან კიდევ იმ შენელებული მოქმედების ნაღმს, რომლის ნამსხვრევებმაც უმალ გამოაფხიზლა საზოგადოება. ტარანტინო ექსპერიმენტატორია - Pulp Fiction-იდან მოყოლებული და დღემდე იგი საუბრობდა მკვლელის ფენომენზე, მის გარემოზე. საუბრობდა ამერიკელებზე და ამერიკაზე. თუ ფილმში Pulp Fiction სემუელ ლ. ჯექსონის კინოპერსონაჟი ბიბლიის ციტირებას ახდენს, ”მოკალი ბილში” უმა თურმანი ლამის კონფუციანიზმის მიმდევარია და სამურაის წეს-ჩვეულებას იცავს. ლაპარაკია იმაზე, რომ ტარანტინოს ფილოსოფიურ წიაღსვლებში ყველაზე ნაკლებად იჩენს თავს მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი. ორივე შემთხვევაში, სემუელ ლ. ჯექსონიც და უმა თურმანიც ჰუმანიზმის ფილოსოფიას ეზიარებიან როგორც სტილს და არა ჭეშმარიტებას. ”არა კაცთ კლა” - ექოდ გასდევს Pulp Fiction-ს, მაგრამ სემუელ ლ. ჯექსონის, ჯონ ტრავოლტას და ბრუს ვილისის კინოპერსონაჟები გარემოებათა ”მსხვერპლნი” არიან და ქრისტიანული ცნებას არქაული პრინციპი ”კბილი კბილის წილ” ცვლის. ბიბლიის ციტატებით თამაში შავი იუმორის ფონზე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ტარანტინოსთვის ბიბლია წმინდა წყლის ლიტერატურული წყაროა, რომელსაც მოკრძალების გარეშე მიმართავს. ასეთივე ირონიულობით აშარჟებს ტარანტინო ”მოკალი ბილში” სამურაის კოდექსს...

”მოკალი ბილი” ტარანტინოს გამოცდილების აკუმულაციას ახდენს. აქ ყველაფერია, რასაც თავის დროზე ეზიარა ვიდეო-მაღაზიაში მუშაობის დროს თვითნასწავლი რეჟისორი: შავი იუმორი, რევერანსი აღმოსავლური ორთაბრძოლებისა და კინოს მისამართით (მათ შორის, თურმანის ყვითელი ფერის სპორტული კოსტიუმი, რომელსაც აღმერთებდა ბრუს ლი), მასკულტურისა და მაკულატურის ჰიბრიდი, ეკლექტიკა (სამურაის ხმლები + ესპანური მუსიკა) და ალბათ პირველად ზედაპირზე და არა ზედაპირულად ჩანს ქვეტექსტი - ”მოკალი ბილი” ღრმად ფემინისტური ფილმია, რომელშიც ტარანტინომ თავისი მუზა, უმა თურმანი ფალიკური სიმბოლო-ატრიბუტიკით (სამურაის ხმლით) აღჭურვა. ტარანტინოს კულტის ფემინიზაცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ძლიერ ქალზე აქცენტს ის თავის ბოლო, სიმართლე ითქვას წარუმატებელ ფილმში Grindhose. Death Proof-შიც აკეთებს. საინტერესო მიგნებები აქაც უხვად გვხვდება, მაგრამ ძირითადად ეს მაინც სტილიზებული პასაჟებია.

სამწუხაროდ, Grindhose. Death Proof ”მოკალი ბილის” მარკეტინგული ბედიც გაიზიარა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ წინა ფილმის ორ ნაწილად დაყოფამ ეკრანზე ორი სრულიად განსხვავებული ფილმი მოავლინა, Grindhose-ის შემთხვევაში კი ხელოვნური ხერხით მიღებული სიამის ტყუპების დაყოფა მივიღეთ...

Tarantino 4ever - ალბათ ყველაზე ბანალური ფრაზაა და ამასთანავე მისი შემოქმედების ყველაზე ობიექტური დეფინიცია, რომელიც მოკლედ და კონკრეტულად ახდენს იდეის დეკლარირებას - ტარანტინო მუდამ და ყველასათვის. არცაა გასაკვირი, რომ Pulp Fiction-ის შემდეგ, რომელიც ტარანტინოს ფანებმა ლამის ბიბლიის რანგში აიყვანეს, რეჟისორი ერთსა და იმავე დროს იქცა ჰოლივუდის მთავარ კულტად და საკულტო რეჟისორად. ღმერთი - ღმერთია, მუდამ და ყველასათვის, მაგრამ ტარანტინოს ბოლოდროინდელმა კინომოძღვრებამ ნიჰილიზმის ტალღა გამოიწვია. ”მოკალი ბილის” შემდეგ ბევრს საუბრობდნენ მის რეაბილიტაციაზე, მაგრამ Grindhose-ის ეკრანებზე გამოჩენამ ნაწილობრივ გაანელა ეს პათოსი. ტარანტინომ ერთხელ აღნიშნა, - Кубрик снимал, когда ему это было важно. ჩანს, ნიჭიერი ადამიანისთვის ეს აქსიომად უნდა იქცეს. მით უფრო, რომ ტარანტინო არასოდეს ყოფილა რაოდენობაზე ორიენტირებული რეჟისორი.

2 comments:

  1. კარგი რეცენზიაა, ტარანტინოც კარგია

    ReplyDelete
  2. ძალიან დიდი დაგვიანებული მადლობა :) დიდი ხანია არ დამიდია ახალი არაფერი და "ქუჩის დღეებზე" მინდა დავწერო და კიდევ ამ "ავატარზე - სტიქიის მბრძანებელზე".

    ReplyDelete