Thursday, April 16, 2009

გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა


ერთი თვის წინ მთიან ყარაბაღში გამგზავრება 9 ლარი ღირდა. კონფლიქტურ რეგიონში ასეთი კომფორტული და უსაფრთხო ვოიაჟი უკვე მეორედ მომიწია. უკმაყოფილო არც გიდით დავრჩენილვარ, მით უმეტეს, რომ კინოპროდიუსერმა, ლევან კორინთელმა ყარაბაღში აფხაზეთის გავლით ჩამიყვანა... ვფიქრობ, ასეთივე განცდა ჰქონდა ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც იხილა ახალი ქართული ფილმი „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“. პროდიუსერების - ლევან კორინთელისა და არჩილ გელოვანის იმედი გამართლდა - თბილისის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.

ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პრემიერას არა მხოლოდ დიდი ინტერესით, არამედ გარკვეულწილად დიდი სკეპსისით ელოდნენ. ბუნებრივია, როდესაც პროდიუსერები კომერციულად წარმატებული ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას არა იმავე ლევან თუთბერიძეს, არამედ ახალბედა რეჟისორ ვანო ბურდულს ანდობენ, ფილმის პრემიერას გარკვეული რისკ-ფაქტორი ახლავს. თუმცა, ვანო ბურდულმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი „გრაფიტით“ იცნობდნენ (გიო ნაკაშიძისა და ნანკა კალატოზიშვილი მონაწილეობით), წარმატებით გაიარა კრიტიკით დანაღმული მონაკვეთი და უვნებლად აიდგა ფეხი ქართულ კინემატოგრაფში...

არადა ვანო ბურდულს რთული გზა და თავისებური ესტაფეტა ჰქონდა გასავლელი. ბურდულს, ფაქტობრივად, დაუსრულებელი ნაწარმოების გაგრძელება უნდა შეეთხზა და თანაც ისე, რომ მის ოპუსს ე.წ. ღია ფინალი ჰქონოდა, რომელიც პროდიუსერებს ტრილოგიის დასრულების საშუალებას მისცემდა. ხოლო „გასეირნება ყარაბაღში“ რომ ტრილოგია იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ყარაბაღის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი ფაქტობრივად იმპროვიზაციაა. თუმცა არც იმდენად ცუდი, რომ მაყურებელს აკა მორჩილაძის ნოსტალგია გაუღვივოს. აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ უდაოდ კარგი ნაწარმოებია, მაგრამ ვანო ბურდული თავისებურად საინტერესო ისტორიას თხზავს. ასეა თუ ისე, ორი რეჟისორის - ლევან თუთბერიძისა და ვანო ბურდულის განსხვავებული ხელწერა არც ისე კონტრასტულია, რომ „გასეირნება ყარაბაღში“ და „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ ერთიანი კონტექსტიდან ამოვარდეს და ფრაგმენტარული შთაბეჭდილება დატოვოს. ორივე ფილმში მთავარია ომის თემა და მისი ექო, ხანდახან იმდენად შორეული, რომ რთულია გაიგო და დაინახო კონფლიქტის ანატომია. ასე, მაგალითად, ფილმში „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ მოქმედება პირდაპირ ენგურის ხიდიდან იწყება; კადრში ჩანან გიო (ლევან დობორჯგინიძე) და „ქართველი აფხაზი“ მეტსახელად „მესტნი“ (ზურაბ ინგოროყვა“) და არ ჩანს იმის მინიშნებაც კი, რატომ და როგორ ჩაინგრა ჩვენს შორის არსებული ხიდი და რატომ დამკვიდრდა ჩვენში ტერმინი „ქართველი აფხაზი“, რომელიც აფხაზებს ორ კატეგორიად - მტრებად და მოყვარეებად ჰყოფს...

ფილმში „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ არა მხოლოდ აფხაზეთის თემა, არამედ მისი ნოტებიც ჟღერს. მართლაც, ახალი ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს, მუსიკა კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის, რომლებმაც თავის დროზე ასეთივე ტანდემი შეკრეს გოგა ხაინდრავას ფილმში „ოცნებების სასაფლაო“... მათთვის აფხაზეთის თემა იმდენად ახლობელია, რამდენადაც მტკივნეული. სხვათა შორის, მტკივნეულია ის პარალელი და ასოციაციებიც, რომელსაც ბადებს ყარაბაღის მეორე ნაწილი დღევანდელობასთან, საქართველო-რუსეთის ომისდროინდელ თუ მის შემდგომ პერიოდთან, როდესაც ყველა რესტორანში ქეიფობდნენ, სამორინეებში ქონებას აგებდნენ, ქუჩებში „თავნებს“ აბარებდნენ, მეძავეებთან ერთად საუნებში ერთობოდნენ, ღამის კლუბებში ღამეებს თეთრად ათენებდნენ. რა თქმა უნდა, მტკივნეულია რეჟისორის თუ სცენარისტის არაცნობიერი პასაჟი, რომელიც გახსენებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, - „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“, რომელიც დიდი ხანია, რაც სავალდებულო საზეპიროდ იქცა მხოლოდ სკოლის მოწაფეებისთვის და დაკარგა თავისი ძალა, როგორც კონკრეტულმა დებულებამ...

„გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ იმ პერიოდზეა, როდესაც თვალსმოკლებული ადამიანები, მათ შორის ომში დაღუპული გმირები მხოლოდ ქელეხში გახსენდება... ასეთ რეალობაში უწევს ცხოვრება ნარკომან გოგლიკოს (მიშა მესხი) იქამდე, სანამ ომის მაცნე - „მესტნი“ არ გამოაფხიზლებს. მას შემდეგ იწყება გოგლიკოს ტრაგიკომიკური თავგადასავალი და, რაც ყველაზე საინტერესოა, ტრანსფორმაცია. როგორც ნარკომანი, გოგლიკო ფხიზელ მდგომარეობას ვერადავერ ეგუება, მაგრამ მის ცხოვრებაში მაინც ხდება გარდატეხა, როდესაც მის თვალწინ, მის გვერდით „მესტნის“ ჩაცხრილავენ. ასე გაფხიზლებენ, როდესაც სილას გაწნიან; როდესაც ძალდატანებით, მაგრამ კეთილშობილი მიზნით გაბრუნებენ რეალობაში. ამბობენ, ყველაზე სასარგებლო წამალს მწარე გემო აქვსო. ამ შემთხვევაშიც ასეა. რაოდენ პათეტიკურიც არ უნდა ჩანდეს ამის შემდეგ გოგლიკოს აფხაზეთში ჩასვლა (აშკარად ვხედავთ მის კათარზისს, მით უმეტეს, რომ „მესტნი“ მის გამო დაიღუპა და ამ ცოდვას გოგლიკო თავისებურად გამოისყიდის), უარესი იქნებოდა გოგლიკოს თბილისში დარჩენა ან დამალვა და ნარკომანის უარყოფითი სტერეოტიპის გამყარება... ამრიგად, ფილმის რეჟისორის ზომიერი პათოსიც სავსებით მისაღებია და არ იწვევს უკურეაქციას.

„გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“, პირადად ჩემთვის, როგორც ქართული კინოს მკვლევარისთვის, იყო ფილმი აღმოჩენა, რომელმაც გამოავლინა ახალი ტენდენცია თანამედროვე ქართულ კინოში. მართალია, უკვე მრავალჯერ აღინიშნა, რომ ეს პირველი ქართული სიქველია, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება არა ფილმის გაგრძელებაზე, არამედ ერთი ფილმიდან - მეორე ფილმში გარდამავალ კინოგმირზე (მიშა მესხის კინოპერსონაჟი), რომელიც ლევან თუთბერიძისა და ახლა უკვე ვანო ბურდულის წყალობით იქცა გზობის სიმბოლოდ თანამედროვე ქართულ კინოში.

თუ ლევან თუთბერიძის ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ ქართველ თომ სოიერზეა, სიქველი - ჰეკელბერი ფინის მოგზაურობას აღწერს. მიშა მესხის კინოპერსონაჟი კი მართლაც ტიპური ხულიგანი და ავანტურისტია, რომელიც განსხვავდება ლევან დობორჯგინიძის კინოგმირისაგან, როგორც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მარკ ტვენის ლიტერატურული გმირები. შესაბამისად, გოგლიკო იქცა გზობის, ან თუ გნებავთ მოგზაურის ისეთივე სიმბოლოდ ქართულ კინოსივრცეში, როგორიც იყო და არის ჰეკელბერი ფინი ამერიკულ ლიტერატურაში... მოგზაური კი ყოველთვის ეძებს ახალ შთაბეჭდილებებს და გაურბის „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“; მიილტვის სხვა, განსხვავებული სინამდვილისკენ... ორივე ფილმის ე.წ. ღია ფინალი არა მარტო ამის თქმის საბაბს, არამედ იმის მყარ საფუძველსა და მოლოდინსაც ქმნის, რომ პროდიუსერები - ლევან კორინთელი და არჩილ გელოვანი სამომავლოდ ტრილოგიის ბოლო ნაწილზე დაიწყებენ მუშაობას. ქართული ოდისეა აუცილებლად გაგრძელდება, გოგლიკო ისევ იმოგზაურებს და გეზს სავარაუდოდ კავკასიის სხვა ცხელი წერტილისკენ აიღებს... ასეთი კი მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის გარდა რამდენიმეა.

აღსანიშნავია, რომ „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ თავისებურად ნეკრორეალისტურია არა ჟანრული გაგებით, არამედ მახასიათებლით - უფერული, თითქმის მკვდარი ფაქტურით. ამ ფაქტურას აცოცხლებს ფილმის ტემპორიტმი, რომელიც არ განიცდის მნიშვნელოვან ვარდნას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავისი წინამორბედისაგან ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ სიუჟეტი კინონოველის პრინციპით იგება და ვანო ბურდული ერთი პერსონაჟის ისტორიის ნაცვლად რამდენიმე პერსონაჟის ისტორიას აღწერს. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ რთულია როგორც ერთიანი რიტმის, ისე ფაბულის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, უფრო მრავალფეროვანია თუ არა ყარაბაღის მეორე ნაწილი, ნუცა კუხიანიძისა და ლევან დობორჯგინიძის სასიყვარულო ურთიერთობამ უკან გადაინაცვლა და მათ ფონზე წინა პლანზე წამოიწია მიშა მესხის პერსონაჟმა. ვფიქრობ, რომ პროდიუსერებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და „უფერული“ ფილმის ტიპაჟურ მრავალფეროვნებას ერთი კოლორიტული კინოპერსონაჟი არჩიეს.

ალბათ, ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ წარმატება იმ დოზირებულმა შავმა იუმორმაც განაპირობა, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას და თინეიჯერებს უყვართ. თინეიჯერებს ე.წ. ტუალეტის იუმორიც ახალისებს, მაგრამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „გასეირნება ყარაბაღში 2“ ასეთი იაფფასიანი პასაჟებით არ სცოდავს და მიშა მესხის კინოგმირის ბილწსიტყვაობა ნაკლებად ტოვებს ხოლმე უკბილო ხუმრობის შთაბეჭდილებას. საბედნიეროდ, ირაკლი სოლომონაშვილმა და ვანო ბურდულმა არ აქციეს ფილმი ერთ უბრალო უხამს კინოანეკდოტად, რომელზეც, როგორც კინოკრიტიკოსს, მწვავე რეაქცია მექნებოდა.

სამაგიეროდ არ მინდა უპასუხოდ დავტოვო ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერების ის განცხადება, რომელიც 2008 წლის ნოემბერს გააკეთეს პრესკონფერენციაზე. შეიძლება თუ არა ფილმს უწოდო წარმატებული? წარმატების ინდიკატორი გახლავთ კინოსეანსზე დასწრების სტატისტიკა და შემოსავალი, რომელიც არსებული ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გაიზრდება. მაგრამ რამდენად სწორია ან მართებული, როდესაც ფილმის გადაღების წინ პროდიუსერები მოკრძალებულად აღნიშნავენ, რომ მთავარია ფილმმა კინოგაქირავებიდან მის გადაღებაზე გაწეული ხარჯი ამოიღოს და არა მოგება მოიტანოს?

მახსენდება გოგა ხაინდრავას ფრაზა, რომელიც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხრა - ქველმოქმედებას ზღვარი აქვს, მერე ბიზნესი იწყებაო. ვფიქრობ, ლევან კორინთელისა და ფილმის სხვა პროდიუსერებისათვის ისევე, როგორც ნებისმიერი კინომწარმოებლისათვის ეს მოწოდება აქსიომატური უნდა იყოს. მით უმეტეს, ისეთი კინოპროდიუსერისათვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავით აღმაშენებელზე მსხვილბიუჯეტიანი, კოსტიუმირებული და ბატალური სცენებით გაჯერებული ფილმის გადაღებას გეგმავდა... მხოლოდ ფილმზე გაწეული ხარჯის დაფარვაზე ორიენტირება აკნინებს პროდიუსერის პროფესიას. ასეთი ალტრუისტული დამოკიდებულება უადგილოა. მით უმეტეს, რომ ასეთი დამოკიდებულება ძალიან ჰგავს მოწოდებას „ხელოვნება - ხელოვნებისთვის“ და ისეთივე არამომგებიანია, როგორც, მაგალითად, რომელიმე ქართულ საწარმოს ან ბიზნესმენს რომ დაეწყო წარმოებული პროდუქციის გაყიდვა ერთადერთი მიზნით - ამოეღო გაყიდვებიდან წარმოებაზე გაწეული ხარჯი (და არა მოგება, გაეზარდა შემოსავალი) და ამ თანხებით ისევ, აი, ასე უანგაროდ ეწარმოებინა პროდუქციის ახალი პარტია... თუ არ ვცდები, ფილმის ერთ-ერთ კადრში მიშა მესხს ლუდი 3დ-ეს ბოთლი უჭირავს. თუკი ლუდი 3დ-ეს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ფილმში მათი ბრენდის ირიბი რეკლამირება გაზრდის ამ ლუდის გაყიდვების მაჩვენებელს და, შესაბამისად, შემოსავალს, მაშინ რატომ შემოიფარგლებიან ფილმის პროდიუსერები მხოლოდ ხარჯის დაფარვით?

ვისურვებდი, რომ ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერებმა ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობა უფრო მეტი ამბიციით და შემართებით დაიწყონ. რაც მთავარია, უკვე მოხერხდა ქართველი მაყურებლის „გაწევრიანება“ მოგზაურთა კლუბში, რომელიც მათ კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხო და საინტერესო გასეირნებას სთავაზობს...

No comments:

Post a Comment