Thursday, April 16, 2009

დახუთული რეალობა


რატომ ვაქცევთ ეროვნულ კინოს იდეოლოგიის მარწუხებში?

ახლო წარსულ რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ერთი იდეით შეპყრობილი ქართული კინო და პოლიტიკა საერთო იდეალის ძიებაშია _ ორივეს სჭირდება გმირი. მით უმეტეს ანტიკავკასიური ისტერიის, ქართული ღვინის ემბარგოსა და ქართველების მასობრივი დეპორტაციების ფონზე. ჩიხში შესული ქვეყანა ვიღაცამ უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან და, როგორც წესი, კოლექტიური პასუხისმგებლობას შეუჩვეველ, ან ნაწილობრივ უპასუხისმგებლო ქართველ ხალხს ასეთი გმირი უკვე ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი.

თავად სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით ირგებდა გმირის იმიჯს და ხანდახან დემონსტრაციულად კი ახდენდა მის ექსპლუატაციას. ერთ-ერთ ტოკ-შოუში განაცხადა კიდეც, ოპოზიცია მებრძვის მე, მე კი ვებრძვი სიღარიბესო... თუმცა საზოგადოების ნაწილი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლებას მიაჩნდა. 7 ნოემბრის დარბევა აშკარად არ იწერება გმირობის და მით უმეტეს ტანჯული გმირის (მერძვიან მე, მე კი ვებრძვი სიღარიბეს) კონტექსტში და იქნებ ამიტომ სააკაშვილს გმირი მხოლოდ მერაბ სეფაშვილმა უწოდა სიმღერით, რომელსაც სულაც არ ემღერებოდა... გარდა ამისა, 2004 წლის არჩევნებიდან განსხვავებით ამჯერად სააკაშვილს მხოლოდ 50 პროცენტზე ოდნავ მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. რა თქმა უნდა, იმ 96 პროცენტთან შედარებით, რომელიც მან 2004 წელს მოიპოვა, 50 პროცენტი, უნდა ვაღიაროთ, არსებული კრიზისის ბარომეტრია...

ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს რატომღაც გახშირდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველის, დავით აღმაშენებლის ხსენება. გასაგებია, რომ დავით აღმაშენებელმა ქვეყანა სწორედ კრიზისიდან გამოიყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღმაშენებელზე მინიშნება მეტწილად სპეკულაციურ ხასიათს ატარებს, ვიდრე სამაგალითო. ჩანს, ხელისუფლებას სუფთა ჟანგბადივით სჭირდება ძლიერ ისტორიულ პირთან იდენტიფიცირება, რომელმაც გააერთიანა დაშლილი სამეფო, აღადგინა და ააყვავა ქვეყანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დავით აღმაშენებელი არის ის გმირი, რომელმაც უნდა მოახდინოს სააკაშვილის რეაბილიტაცია. აქ გასაკვირი არაფერია. ფაქტობრივად, ასეთი ”ასოციაციობანა” ისტორიაში ცნობილი ამა თუ იმ ტოტალიტარული რეჟიმის წამყვანი ტენდენცია იყო. რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ტენდენციები? პირველ რიგში ეს არის გრანდიოზულობის მანია, რომელსაც კაცობრიობის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ამჟღავნდებდა ჰიტლერი, სტალინი და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილი. ამ პარალელმა არ უნდა შეგვაშინოს, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის დიქტატორთან თუ ტირანთან გაიგივება არ არის სტატიის თვითმიზანი. მიზანი სულ სხვაა - სააკაშვილის ისტორიულ ნოსტალგიას, ამავე ისტორიისადმი პათოლოგიურ ლტოლვას მოვფინოთ ნათელი. პათოლოგიური კი იმიტომ, რომ პრეზიდენტის დევალვირებული იმიჯის გამყარება ხანდახან დიად წარსულზე, ან ისტორიულ პირზე აპელირებით ხდება, რაც თავისთავად პარაზიტობაა და სხვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ჰგავს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი გასაგები ხდება, რომ სააკაშვილს, რომელიც 2004 წელს პრეზიდენტად მოსახლეობის 96 პროცენტმა აირჩია და 2008 წელს კი 50 პროცენტზე ოდნავ მეტმა, მართლაც დასჭირდება ისეთ ძლიერ ისტორიულ პირთან იდენტიფიცირება, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი. ამიტომ თითქმის ორი წლის წინ დაბადებულ იდეას - გადაიღონ ეპიკური ჟანრის ფილმი დავით აღმაშენებელზე - მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მიესალმება და კინემატოგრაფისტებს დახმარებას აღუთქვამს.

პრეზიდენტის დაპირება დიდ მოტივაციას ქმნის, მაგრამ დავით აღმაშენებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კანონიკური ფიგურაა. შესაბამისად, თემა იმდენად ფაქიზია, რამდენადაც სახიფათო - ქართული ეკლესიის მიერ წმიდანათ შერაცხული მეფის შესახებ ფილმი დიდი მოკრძალებითა და რწმენით უნდა გადაიღონ. ამან ნაწილობრივ შეამცირა ისტორიული თემით აღტკინებული რეჟისორების რაოდენობა. მაგალითად, პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა, რომელშიც შედის ლევან თუთბერიძე და მისი გუნდი - სტუდია ”რემკა” და პროდიუსერი ლევან კორინთელი, ასეთი ფილმის გადაღების სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოთქვეს, მაგრამ მათთვის მაშინვე ცხადი იყო, რომ ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილის აპოლოგიას დაუკავშირებდნენ. პროექტი დროებით შეჩერდა...

თავის დროზე ლევან კორინთელმა განაცხადა, რომ ფილმი შეიძლება ნილ ჯორდანმა (”ინტერვიუ ვამპირთან”) გადაიღოს... ეს თავისთავად იძლეოდა იმის მინიშნებას, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი თვალსაჩინო კინორეჟისორი რელიგიურ მისტიფიკაციებს გასცდებოდა და მსხვილ ბიუჯეტიან ბლოკ-ბასტერს შექმნიდა. ამრიგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნილ ჯორდანი პატრიარქთან მისულიყო ლოცვა-კურთხევისთვის, რაც ქართველებისთვის უკვე, სამწუხაროდ, სპეკულაციურ მარკეტინგულ სვლად იქცა. პატრიარქის სიტყვას ზოგი ისე უყურებს, როგორც გარანტირებულ ბილეთს დიდ და ნათელ მომავალში; ყველა, იქნება ეს ერი თუ ბერი, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე, ცდილობს მიეკედლოს მის უწმიდესობას, ან მის მიერ გამოთქმულ აზრს. რომ არა ილია მეორე, არავინ იცის რა ირონიას გამოიწვევდა პარლამენტში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა. ამ შემთხვევაში კი იდეის ავტორი გახდა ქვეყანაში ერთადერთი არაკომპრომიტირებული და უმწიკვლო წარსულის მქონე პირი.

დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღებას ილია მეორეც გამოეხმაურა. მაშინ რა შუაშია ტოტალიტარიზმი და ის უარყოფითი მუხტი, რომელზეც ვსაუბრობთ? საუბარია კონტექსტზე და ალბათ უფრო მეტად იდეოლოგიურ ქვეტექსტზე, რომელიც ექნება (და ამასთანავე ექმნება) ფილმს. დოქტრინა - მხატვრული კინო მასების მანიპულაციის იდეალური ხერხია - დღესაც მოქმედებს, ვინაიდან ისტორიული ჟანრის ფილმები და ისტორიული პირები ზემოქმედებენ ქვეცნობიერ დონეზე. პროპაგანდისა და მანიპულაციის ხერხისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიმღები ადამიანის წინააღმდეგობის განეიტრალება. ამრიგად, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ნებისმეირი პროპაგანდა უნდა იყოს გასართობი, საინფორმაციო და დამარწმუნებელი მეთოდების კომპონენტების ერთობლიობა. ახლა, კინო რომ ასეთი კომბინაციურ მეთოდს გვთავაზობს, ალბათ, ზედმეტი დასაბუთება არ უნდა სჭირდებოდეს.

ეპიკური ჟანრის ფილმებს რომ გადავხედოთ, არსებითი ხდება ასოციატიურ მეთოდზე ლაპარაკი, როდესაც საზოგადოებას აწოდებენ კლიშეს (პირს თუ სიტუაციას), რომლის მიმართ მან უკვე გამოიმუშავა კონკრეტული შეფასება; რეალურად არსებული სახე-ხატის ”შედუღება” ხდება იმ პოზიტიურ სახე-ხატთან, რომელიც უკვე ინახება მასების ცნობიერებაში. ამ შემთხვევაში კი ასეთია დავით აღმაშენებელი - მეფე, წმინდანი, ქვეყნის გამაერთიანებელი...

სხვათა შორის, არც ისეა საქმე, რომ ამ ტენდენციას მხოლოდ ქართული კინო იზიარებდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ და თავის გეოპოლიტიკის გამართლებას ნაწილბრივ კინორესურსებზე დაყრდნობით ცდილობენ. ასე, მაგალითად, თავის დროზე მეორე ანტიერაყულ კამპანიას წინ უძღოდა ალექსანდრე მაკედონელზე ფილმის გადაღება, ირანისა და ამერიკის რთულ დიპლომატიურ ურთიერთობას კი ფონს უქმნის 2007 წელს გადაღებული ”300 სპარტელი”, რომელშიც სპარსეთის ყველაზე დიდი ხელმწიფე კსერკსე უზარმაზარი ტრანსვესტიტია.
შესაბამისად, ყველა ქვეყანა თავისებურად იყენებს კინოპროპაგანდას. მაგრამ ჩვენს შემთხვევა გარკვეულწილად ეხმაურება ძველი საბჭოთა და გერმანული დიქტატორული, ანუ ტოტალიტარული რეჟიმის არა მხოლოდ კინოტენდენციებს, არამედ ზოგადად კულტურაში მიმდინარე პროცესებს. ისევე, როგორც ჰიტლერის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც მრავალი არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებიან ქართველი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ პირველი ევროპელი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა (არქეოლოგიური გათხრებით ჰიტლერი ცდილობდა არიული რასის უნიკალურობის, უპირატესობისა და დომინირების თეორია წამოეწია წინა პლანზე). შესაძლოა, ამ ჰიპოთეზას პირველმა ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა საფუძველი. რამდენადაც მახსოვს, ევროპული კვალის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჟღერდა ისტორიული ფრაზა - ”მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”...

ამ და სხვა პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით მკითხველს ასოციაციობანას თამაშში ჩართვას ვთავაზობ. ამჯერად წარსულთან, კერძოდ კი საბჭოთა კინემატოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთზემოქმედების შორის საკმაოდ მკვეთრ პარალელს გავავლებთ. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კინო გერმანიისგან მტრის ხატს ქმნიდა და მოსახლეობაში მეომრის სულისკვეთების გასაღვივებლად ხანდახან ფსევდოისტორიულ ფაქტებსაც კი არ იშურებდა. ამ ეტაპზე თავად რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ეიზენშტეინის მიერ 1939 წელს გადაღებული ”ალექსანდრე ნეველი” ახდენს ისტორიის ფალსიფიცირებას, რადგან ყინულზე გერმანელებთან ბრძოლა და მათი დამარცხება (ე.წ. ლედოვოე პობოიშე) თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბავია და მას რეალურად ადგილი არ ჰქონია ისტორიაში... ფსევდოისტორიას თან სდევს ”ივანე მრისხანე” - ძლიერი და მტრებისადმი დაუნდობელი მეფის პორტრეტი. მაგრამ ივანე მრისხანე (და ეს ისტორიულად ცნობილია) იყო ტირანი, რომელიც სისხლის წყურვილს მეგობრების მოკვლითაც იკმაყოფილებდა; ნადიმზე ამალას წამლავდა; აიძულებდა დიდგვაროვანი თავადების ცოლებს აღვირახსნილობას... და ამის შემდეგ სლობოდაში ფეხშიშველი მიდიოდა ხოლმე ცოდვების მოსანანიებლად. ცხადია, იყო არათანმიმდევრული და აბსოლუტურად არაადეკვატური...

ამიტომ სტალინიზმის ეპოქაში ”ივანე მრისხანეს” ეკრანებზე გამოჩენა უამრავი ქვეტექსტის მატარებელი გახდა. ჯერ კიდევ 1938 წელს კარლ იუნგი სტალინზე ასეთ რამეს წერდა: ”თავისი ქცევით სტალინი სრულიად განსხვავდება თავისი ეპოქის სხვა დიქტატორებისაგან. მასში იმდენად დიდია მეფური, ანუ ერთპიროვნული მართვის სურვილი, რომ თავისი დესტრუქციით მას მხოლოდ ჩინგიზ ყაენს შევადარებდი... არ გამიკვირდება თუ ის თავს მეფედ აკურთხებს”, - ასე ასრულებს იუნგი ინტერვიუს და საინტერესოა, რომ ეიზენშტეინის ფილმი - ”ივანე მრისხანე” სწორედ მის სიტყვებს ეხმაურება.

თავად სტალინისთვის გაცილებით მისაღები იყო სხვა ფილმი. 1942-43 წლებში სტალინის დაკვეთით მიხეილ ჭიაურელმა `გიორგი სააკაძე” გადაიღო. კინოს ისტორიიდან ჩანს, რომ ფილმს იმდენად დიდი აგიტაციის ძალა გააჩნდა, რომ კინოსეანსიდან მაყურებლები პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ. საგულისხმოა, რომ ჭიაურელის ფილმის მთავარი გზავნილი _ სტალინი და მხსნელი - მაყურებლის მიერ ცალსახად იკითხებოდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ”დავით აღმაშენებლის” გადაღების შემთხვევაში არანაკლებ ხიბლავს იმის პერსპექტივა, რომ ქართველი მაყურებელი სააკაშვილსა და აღმაშენებელს ერთ სახე-ხატში გააერთიანებს. თავისთავად, მიხეილ სააკაშვილსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველმა ხალხმა ის წარმატებულ რეფორმატორად აღიაროს და დაიმახსოვროს, როგორც საქართველოს აღმშენებელი. თუ გიორგი სააკაძე, ან იგივე იოსებ სტალინი ფილმში და რეალობაში ტყვეობაში ჩავარდნილ შვილს (პაატა - იაკობი) სამშობლოს საკეთილდღეოდ წირავს (მსხვერპლშეწირვა, რომლის ნეგატივს ნაწილობრივ ანეიტრალებს ძველ აღქმასთან, აბრაამის მითთან ასოციაცია. ის ხომ შვილს მხოლოდ ღმერთის სამსხვერპლოდ წირავს), მიხეილ სააკაშვილისათვის მსგავსი პარალელები გამორიცხულია და ის თავის სახელს არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირებს დაფარულ ნეგატივსაც კი. პირიქით, დავით-აღმაშენებლის მსგავსად და ამას თავად მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღნიშნავს, მან წამოიწყო საქართველოში `უპრეცედენტო” რეფორმები: საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო... ანუ, სააკაშვილი 21-ე საუკუნის რენესანსის ინიციაციაზე აკეთებს აქცენტს.

გარდა ამისა, თუ დავით აღმაშენებელმა დაამარცხა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, სააკაშვილმა დაამარცხა აჭარის ლომად წოდებული ასლან აბაშიძე და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს გაერთიანებისაკენ; მაშინ, როდესაც აღმაშენებელმა ჩამოასახლა 40,000 ყივჩაღი და ყივჩაღთა 12 ათასიანი ძლიერი არმია შექმნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმ 120,000 თურქი მესხის ჩამოსახლებას აპირებს, რომელთა გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. თუმცა არცთუ წარმატებული რეფორმების სერია – ერთადერთი ასოციაციაა, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებაში სააკაშვილისა და აღმაშენებელის იდენტიფიცირებას იწვევს და ამ ორს ერთ პოლიტიკური ნების აღმასრულებლად მოიაზრებს.


სააკაშვილისა და აღმაშენებლის იდენტიფიცირება მართლაც რთულია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ საზოგადოება ამ პროცესს ჯერჯერობით ირონიით უყურებს და ისტორიულ წარსულზე აპელირებით ქმნის მიშას პოზიტიურ და ნეგატიურ იმიჯსაც - ვიღაცისთვის ის დავით აღმაშენებლის კურსის გამგრძელებელია, ვიღაცისთვის კი შაჰ აბასის დაუნდობელი პოლიტიკის გამტარებელი (ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა და სხვა). ორივე კონტექსტში, ანუ ”დარია თუ ავდარია - მიშა მაგარია”... სააკაშვილს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ის შევარდნაძის ”გაზრდილია” და არა ჭყონდიდელის. შესაბამისად, სხვა პოლიტიკური კულტურისა და კურსის მატარებელია. ამ ნეგატივისაგან ის დღემდე ვერ დაიცალა - ”მამის” წინააღმდეგ ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ასაკში უფრო გვიან დასრულდა, ვიდრე ეს მოახერხა აღმაშენებელმა, მის ყველა გამოსვლაში ვლინდება. უნდა თუ არა სააკაშვილს დავით აღმაშენებელთან გაიგივება? ალბათ მაინც კი. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იყენებს ისტორიულ წყაროს საკუთარი პოლიტიკური კურსის მართლზომიერების არგუმენტად. რამდენიმე წლის წინ დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცი კი იმას მოასწავებდა, რომ 20 იანვარს სააკაშვილი ისევ გელათში დაბრუნდებოდა აღმაშენებლისთვის სიმბოლური ანგარიშის ჩასაბარებლად. თუმცა უცნაურია, რომ აღმაშენებლის კულტივირების ჟამს ქვეყნის პირველი პირი მაქსიმალურად შორდება თავის იდეალს - რუსთაველზე, ”ვარდების მოედანზე” დავით აღმაშენებელს აღარაფერი ესაქმება. ჩანს, სააკაშვილისთვის ის თვისობრივად სხვა გამარჯვების სიმბოლო იყო, რომლის წინაშეც ოდეზღაც პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით გაბრწყინებული ”ივერია” იდგა...

No comments:

Post a Comment