Thursday, April 16, 2009

დურაკობანა


ნინო კირთაძის ივანუშკები და სულელები ფილმში ”დურაკოვო - სულელების სოფელი”



უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია მაინტერესებდა, რას ნიშნავდა რუსული Богостроительство და Богоискательство. როგორც იქნა, კინოდოკუმენტალისტისა და მსახიობის, ნინო კირთაძის ფილმი ”დურაკოვო: სულელების სოფელი” (2008 ”სანდენსის” კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო უცხოენოვანი დოკუმენტური ფილმისთვის გრან-პრი მოიპოვა) მეც ვნახე და მივხვდი - ეს ის მარკეტინგული შეთავაზებაა, როდესაც არსებობს პროდუქტი და მასზე მოთხოვნა: ერთი აგებს, შემდეგ რეკლამას მიმართავს, მისაღებ ფასში სთავაზობს, მეორე კი იძენს იმ არამატერიალურ ფასეულობას, რომლის ღირებულებაც მხოლოდ სულიერი კომფორტით განისაზღვრება.


მეტიც, ქრისტიანული რელიგია ერთგვარი ბრენდის სახით რომ განვიხილოთ, აშკარაა, რომ ეკლესია ნუგეშისა და იმედის ყველაზე წარმატებული, ამასთანავე, ყველაზე კონკურენტუნარიანი დისტრიბუტორია. ბრენდი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ თავის დროზე ინდულგენციის სახით ვატიკანმა ქვე-ბრენდი და საკრედიტო ბარათიც კი შექმნა, მაგრამ თავისი სასიცოცხლო ციკლის გავლის შემდეგ ამ პროდუქტმა აქტუალობა ამოწურა. აქტუალობას არ კარგავს რელიგია, რომელზეც ზოგი აპელირებს, ზოგიც სპეკულირებს. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ეს არის Богостроительство და მისი გამოვლენის ნათელი მაგალითი.

ნინო კირთაძის ფილმის ”დურაკოვო: სულელების სოფელი” არცკი ვიცი, გმირი თუ ანტიგმირი, ყოფილი ლოთი, ე.წ. ახალი რუსი და პირველი ჩეჩნური კამპანიის დროს კანონიკური ხატების სპეკულაციაზე გამდიდრებული, ”ბოგოსტროიტელი” მიხეილ მოროზოვი კი სწორედ ასეთი ჯიშის მარკეტოლოგებს განეკუთვნება, რომელიც აღმოჩნდა В нужное время внужном месте...

საჭირო დროს და ხელსაყრელ პირობებში მოროზოვი ფაქტობრივად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის იდეებს აჟღერებს და ამასთანავე ქადაგებს - რუსეთი უფლებას იტოვებს იპოვოს დემოკრატიის ”თავისებური ფორმაო”... ტოტალიტარულ სახელმწიფოში დემოკრატიის თავისებური ფორმა თავისებურად ვლინდება. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ერიხ ფრომი ასე წერს - ”მონა და ბატონი კორელატიურნი არიან; მათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ”. მართლაც, მოროზოვის მიკროკლიმატურ გარემოში მთავარია ქრისტეს სახელით დამონებული ადამიანი იმ სიგრძის ჯაჭვზე იყოს მიბმული, რომ მონობის ბორკილის შეგრძნება არ დარჩეს, ან ნაწილობრივ გაანეიტრალოს და ლუკმა-პური არ ქონდეს საძებნელი. ასე ყიდულობენ ძაღლურ ერთგულებას და არა სიყვარულს. კირთაძის ფილმი იმდენად ანატომიური სკრუპულოზობით აღწერს ყოველივე ამას, რომ ფირზე ნელ-ნელა აღიბეჭდება ”იდუმალი რუსული სულის” ხილული სურათი. ”დურაკოვო” კირთაძის მისტიკური ქვეყანა არ გეგონოთ. ის მოსკოვიდან ასი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლის ისტორიული სახელწოდებაა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია. ოთხ საუკუნეზე მეტია არსებობს დურაკოვო და თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რაც იქ მოროზოვი ბატონობს. რუსი ერი ბატონ-ყმობას შეჩვეულია. მით უმეტეს, რომ მოროზოვი გულმოდგინეთ განმარტავს მის ღვთაებრივ წარმომავლობას. ამასთანავე განმარტავს საკმაოდ გრამატიკულად, მასებისთვის გასაგებ ენაზე, - ”ცაზე და მიწაზე არსებობდა, არსებობს და იარსებებს იერარქია. იერარქია ღმერთისა და ანგელოზების შორისაც არსებობს... ამიტომ არ არის არავითარი დემოკრატია”.

ამიტომ მიხეილ მოროზოვის ”დურაკოვოშიც” მხოლოდ ერთი სახელდახელოდ შეთხზული ლოცვა იციან სხაპასხუპით, - Боже, дай мне разум и душевный покой принять то, что я не в силах изменить; мужество изменить то, что я могу, и мудрость отличить одно от другого. Аминь... როგორც ვხედავთ, აბსოლუტურად უგულებელყოფილია ქრისტიანობის მთავარი და ლიბერალური პოსტულატი - ნებისმიერი ადამიანი თავად ქმნის და განაგებს თავის ბედს. ღმერთი მას მხოლოდ არჩევანს სთავაზობს... ამის ნაცვლად მოროზოვი ფატალიზმს ქადაგებს, მისი კრება კი კომპარტიის სხდომას ჰგავს.

არცაა გასაკვირი, რომ მოროზოვის გენში გულმხურვალე პატრიოტისა და თავმდაბალი მორწმუნის საწყისი ერთი-მეორეს კი არ ებრძვის, არამედ ჰარმონიულად ერწყმის. თუმცა ჰარმონიაც ისეთივე ამორფულია, როგორიც, ერთის მხრივ ფსევდოფასეულობებზე, მეორეს მხრივ კი ნამგალსა და უროზე აღმოცენებული რუსული დემოკრატია. მოროზოვისთვის თანამედროვე რუსეთი და დემოკრატია ორთავიანი არწივი და სახეშეცვლილი სოციალისტური ჰიმნია. სხვათა შორის, ჰიმნი, ძირითადად მუსიკას ვგულისხმობ, მართლაც არაჩვეულებრივია. ის ხომ ცალსახად გადმოსცემს რუსი ერის ნოსტალგიას, აჟღერებს ყველაზე დემოკრატიულ მესიჯს - Вся власть - народу!

ნინო კირთაძის თქმით, სხვა რეჟისორებისაგან განსხვავებით დემოკრატიის თემაზე ფილმის გადაღება მან რუსეთში არჩია. არ ვიცი, რატომ და რისთვის. ფაქტია ერთი. კინოდოკუმენტალიზმის პრინციპები მისთვისაც აქსიომატურია და ფილმში ყველა სცენა აუთენტიკურია. ჩემი მეგობრისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო კირთაძე ასე იგონებს ფილმზე მუშაობის პროცესს: ”ასეთი დამთრგუნველი და ფსიქოლოგიურად მძიმე სამუშაო პირობები არასდროს მქონია. ასეთ მდგომარეობაში იყო გადამღები ჯგუფიც, თუმცა ამ გარემოსთან წინასწარი შეხება ძალიან დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მჭირდებოდა და კონკრეტულად რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება”, (ია ვეკუა, ”დურაკები”, გაზეთი ”24 საათი”).

კირთაძეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ის გარემო, რომელშიც დოსტოევსკისეული ”ადამიანს ხანდახან ღმერთის სწამს სიამაყისგან” დიამეტრალურად განსხვავდება მოროზოვისეული რეპრესიული ”სიამაყე ამპარტავნებაა, მორჩილება - კეთილშობილება”. თუმცა დოსტოევსკი გულისხმობდა იმას, რომ, ადამიანს სწამს ღმერთის სიამაყისგან ერთი მიზეზით - ამქვეყნად ის ქედს იხრის მხოლოდ ღმერთის წინაშე... ”დურაკოვო” კი, ისევე როგორც მთლიანად რუსეთი, პარადოქსულ რეალობას გვთავაზობს, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ემსახურებიან მოროზოვს... თავისი ნებით იდებენ მონობის უღელს, უარს ამბობენ გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე, კომუნიკაციაზე - ტელევიზორზე, სატელეფონო კავშირზე, დიალოგზეც კი.

თუმცა პარადოქსი ის არის, რომ ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დატოვონ მოროზოვის სასახლე, მაგრამ თავისუფლებას მაინც მონობას არჩევენ. ამ დროს გახსენდება ნაით შიამალანის მხატვრული ფილმი ”სოფელი” (Village), რომელიც რუსულად, რატომღაც, ”იდუმალ ტყედ” თარგმნეს. არადა სათაური ”სოფელი” ზუსტად გადმოსცემს როგორც შიამალანის, ისე ნინო კირთაძის ფილმის ქვეტექსტს - იზოლაციის შედეგად ინდივიდის თანმიმდევრული დეგრადაციის საფრთხეს, გარე სამყაროსთან გაუცხოვებას.

თავის დროზე კირთაძის დოკუმენტურმა ფილმმა ”ჩეჩნური იავნანა” ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. ოდეზღაც არსებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა მის ფილმში მიწასთან გასწორებულია. ფილმმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე. ფაქტობრივად გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესახებ გადაღებულ ფილმს უარყოფითი გამოხმაურება მხოლოდ რუსეთში მოჰყვა. არ არის გამორიცხული, მით უმეტეს მოროზოვის ”გაშიშვლების” შემდეგ, ფილმი ”დურაკოვო” - სულელების სოფელი” ანტირუსულ კამპანიად მონათლონ. მით უფრო, რომ რუსულ-ქართული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილება, გადაიღოს ფილმი რუსეთში დემოკრატიის არარსებობის შესახებ, პუტინის პოლიტიკის ირიბი თუ პირდაპირი კრიტიკის მცდელობას ჰგავს.

სიმართლე ითქვას, კირთაძე ფილმში მოროზოვის უახლოესი მეგობრის, დუმის ვიცე-სპიკერის, სერგეი ბაბურინის შოვინისტური და ნეონაცისტური იდეების აფიშირებას ახდენს. ბაბურინის პარტიის სხდომაზე ცალსახად ქადაგებენ ”გაურკვეველი ეროვნების” მოსახლეობის თითქმის დისკრიმინაციულ პოლიტიკას. ცხადია, მოროზოვს არ მოსწონებია ფილმი. მით უფრო, რომ რეჟისორმა ”დურაკოვოს” თავისებური ინტერპრეტაცია შესთავაზა - ”დურაკოვო - სულელების სოფელი”. მაგრამ რა ქნას ნინო კირთაძემ თუ ოდითგანვე ”დურაჩოკები” რუსული კულტურისა და ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. ამბობენ კიდეც, - ”რუსეთში ორი უბედურებაა - გზები და სულელებიო”. თუმცა ჯერ კიდევ ოტო ბისმარკს უთქვამს ასეთი რამ, - ”არასოდეს იომოთ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ნებისმიერ თქვენს გონივრულ ტაქტიკურ სვლაზე რუსები გიპასუხებენ თავიანთი მოულოდნელი სისულელეთი”... ტყუილად არ ემუქრებიან კირთაძის ფილმში ნატო-ს მოროზოვის მეგობრები - ცხვირის შემოყოფა არც გაბედოო! ტყუილად არ ყოლიათ რუსებს ზღაპრის მთავარი გმირი ივანუშკა დურაჩოკი, რადგან დურაჩოკები იყვნენ ყოველთვის და ასეც იქნებიან ქვეყნის მმართველები, ვიდრე დემოკრატიის თავისებური ფორმის ძიებას არ მორჩებიან; ვიდრე ბუხარზე შემომჯდარს სხვა ემსახურება.

ამ ექსპრესიულ ფილმს ფინალიც შესაბამისი აქვს. ფილმის ფინალი ყველაზე დამთრგუნველია. რეჟისორის კითხვაზე მოროზოვის ყმები არადამაჯერებლად პასუხობენ. ნათელი ხდება, რომ რაც ჩასძახეს, იმას ამოსძახებენ. მერე დაზუთხულ ფრაზებს მრავლისმთქმელი დუმილი ენაცვლება. მერე იმასაც ხვდები, რომ ამ ხალხს უკვე მერამდენედ, მრავალი საუკუნეა ”ადურაკებენ”...

No comments:

Post a Comment