Tuesday, January 18, 2011

WANTED

ექსკლუზიური ინტერვიუ ტიმურ ბეკმამბეტოვთან

სპეციალურად ჟურნალისთვის „ტაბულა“

ჯინსები, დიდი თეთრი ფერის ბოტასები და დაახლოებით ისეთი მანტო, 90-იანებში რომ ღირსეულ კონკურენციას უწევდა „ვარიონკა“ ჯინსის ქურქებს ბაზრობაზე... ასეთ უშუალო ფორმაში წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორების ხუთეულში შემავალი ყაზახი ტიმურ ბეკმამბეტოვი, რომელიც ჩემი თაობის მაყურებელს ახსოვს ბანკი „იმპერიალის“ საიმიჯო რეკლამებით (И брал Тамерлан камни и говорил он сними...). მის რეკლამაში ჩინგიზ ყაენი და თემურ ლენგიც კი, ისეთ თბილ ტონალურობებშია წარმოდგენილი, რომ ხვდები, ბეკმაბეტოვისთვის მთავარია ისტორიული ფესვები და არა ის ისტორიული კვალი, რომელიც ამ პერსონაჟებმა დატოვეს სხვადასხვა ქვეყნებში... მისთვის მთავარია ტრადიცია! ტრადიცია აღმოჩნდა მთავარი ახალი წლის შემთხვევაშიც, რომელსაც რეჟისორმა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ნაძვის ხეები“ უძღვნა.


ანდრეი კანჩალოვსკის შემდეგ („გაპარული მატარებელი“, „ტანგო და კეში“, „ოდისეა“) ბეკმამბეტოვი მეორე რეჟისორია პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც დამკვიდრდა ჰოლივუდში. თავის „ფინანსურ სრულწლოვნებამდე“, ანუ რეჟისორული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე კანჩალოვსკი მუდამ ამახვილებდა ყურადღებას ჰილივუდის პროდიუსერების ტირანიაზე და ქმნიდა მითს, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ამსხვრევს ყველა თავის ინტერვიუში ტიმურ ბეკმამბეტოვი. „მე - აბსოლუტურად დამოუკიდებელი რეჟისორი ვარ!“, - ამბობს მანიფესტივით, დამოუკიდებლობის დეკლარაციასავით ბეკმამბეტოვი და ამის დამადასტურებელი არგუმენტი და ფაქტიც მრავლად მოეძებნება.


„ღამის გუშაგს“ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. სამომავლოდ სურს გადაიღოს ფილმი 3D ფორმატში და ამბობს, რომ „ადრე ესეც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ 100 წლის შემდეგ ჩვენ ფილმებს უკვე სიზმრებში ვნახავთ“... 20 წლის წინ ოცნებობდა თეატრზე, მაგრამ კინომ მისი ფანტაზიის რეალიზაციის გაცილებით დიდი პოტენციალი და რესურსი შესთავაზა...


გ.კ. თქვენმა ფილმმა „ნაძვის ხეები“ გამახსენა ალექსანდრე როგოჟკინის ფილმი „ოპერაცია - სნოვიმ გოდომ“: ასეთივე მრავალფეროვანი პერსონაჟები, თანამედროვე გმირები და ანტიგმირები და, რა თქმა უნდა, უცვლელი ფასეულობები - რწმენა, იმედი და სიყვარული... თქვენი ფილმიც იმაზეა, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს სასწაულის?


ტ.ბ. ფილმი სამ რამეზეა: ჩვენ ყველას გვჯერა და გვწამს ტრადიციების და, ამრიგად, „ნაძვის ხეები“ სიყვარულშიც უტყდება ყველა იმ ფილმს, რომელიც მანამდე გადაიღეს ახალ წელზე... მეორე - ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იმ სამყაროში, რომელშიც სიბრალული და თანაგრძნობა გახლავთ სიცოცხლის დედააზრი. და მესამე - იმისათვის, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს, უნდა გჯეროდეს და გქონდეს მოთმინება. ესაა და ეს. თუმცა ფილმის მონტაჟის დროს სიუჟეტმა თავსატეხი მაინც გაგვიჩინა - ჩვენ დიდ ხანს ვისხედით და ვფიქრობდით ფილმის არსზე, ფილმის ქვეტექსტზე - რა არის ამ ფილმის მთავარი იდეა? როგორ დავაკავშიროთ ფილმის პერსონაჟები ერთმანეთთან? ბოლოს მივხვდით, რომ ის პატარ-პატარა სიკეთე, რომელსაც სჩადის უკლებლივ ყველა პერსონაჟი სწორედ ის კავშირია ადამიანებს შორის, რომელმაც მოგვიყვანა 21-ე საუკუნემდე. სხვა ვერაფერი მოგვიყვანდა თუ არა თანაგრძნობა და სიკეთე. „ნაძვის ხეები“ პოსტმოდერნისტული ფილმია; როცა იცვლება დრო და ფორმა, შენ ისღა გრჩება, რომ ილაპარაკო იმ უცვლელ ღირებულებებზე, რომლის გამოხატულებაც არასოდეს შეიცვლება - ეს არის, როგორც უკვე ვახსენე, სიკეთე და თანაგრძნობა. ჩვენ თავის დროზე გამოვაცხადეთ კონკურსი საახალწლო ისტორიებზე და მაყურებლისგან უამრავი საინტერესო, სახალისო, ხანდახან დრამატიზმით აღსავსე წერილი მივიღეთ. შემდგომში ყველა ეს ამბავი თავისებური ნოველის სახით გაცოცხლდა სცენარში.


გ.კ. ერთადერთი პრიზი რომელიც თქვენ აიღეთ - 2005 წელს მოპოვებული „ფელიქსი“ მაყურებლის სიმპატიის ნომინაციაში ფილმისთვის „დღის გუშაგი“. როგორც ჩანს, არ ხართ საფესტივალო რეჟისორი... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენთვის მთავარია კომერციული კინო და პრინციპი „გაყიდვები ერთადერთია რასაც მოაქვს ფული, ყველაფერ დანარჩენზე ეს ფული მხოლოდ იხარჯება“?


ტ.ბ. გაყიდვები ერთადერთია, რაც უზრუნველყოფს მაყურებელს. მე კი არ მსურს ვაკეთებდე ფილმს მაყურებლის შეზღუდული რაოდენობისთვის. ვფიქრობ ეს უკვე პასუხია იმ კითხვაზე თუ რატომ ვარ ასეთი გულგრილი ფესტივალებისადმი. კინო დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მასობრივი ხელოვნება, სანახაობა ფართე აუდიტორიისთვის და მე ნამდვილად არ მსურს 10-15 კაცისთვის ვირჯებოდე და კუთხიდან ვადევნებდე თვალ-ყურს თანამედროვე კინოს წამყვან ტენდენციებსა და ამავე კინოს განვითარებას. ჩემთვის კინო ყოველთვის იყო და არის ის, რაც ხდება ადამიანებში და არა ეკრანზე. მოქმედება უნდა ხდებოდეს ადამიანებში - თქვენი ფილმის შემყურე მაყურებელი უნდა განიცდიდეს, ის უნდა იცინოდეს, ტიროდეს, ბრაზდებოდეს, უხაროდეს, ფიქრობდეს... რაც ეკრანზე ხდება ეს მხოლოდ „ფერადი ჩრდილია“. თუ ფილმი არ იქმნება მასისთვის და იქმნება მხოლოდ საკუთარი ეგოს და საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის - ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მაინტერესებს.


გ.კ. ცნობილია, რომ აპირებთ 3D ფორმატში ფილმის გადაღებას სათაურით „წითელი ასფალტი“ და ის ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას. ჩვენთან ახლა ძალიან აქტუალურია არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობის თემა. ეს ფილმიც ექშენი იქნება?


ტ.ბ. „წითელი ასფალტი“ იქნება საშინელებათა ჟანრი! არ ვხუმრობ! ოდესმე თუ გიმართავთ მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში? ეს სრული კოშმარია! ამიტომაც ვამბობ, რომ „წითელი ასფალტი“ საშინელებათა ჟანრის ფილმი იქნება. ჩვენ მივცემთ მაყურებელს იმის შესაძლებლობას, რომ 3D-ს მეშვეობით მან საკუთარ ტყავზე შეიგრძნოს თუ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მთვრალი ადამიანი. იცით, რატომ ვუწოდეთ ფილმს „წითელი ასფალტი“? შტატებში მართვის მოწმობის ასაღებად მისული მოქალაქე გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ შეყავთ სპეციალურ ოთახში, სადაც მას უჩვენებენ ხუთწუთიან პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, კატასტროფებზე, რომელიც მოუწოდებს სიფრთხილისკენ; მათ უჩვენებენ ფილმს იმაზე თუ როგორ იმსხვრევა მანქანები და მასთან ერთად ადამიანების ცხოვრებაც... ძირითადი მესიჯი კი სწორედ ალკოჰოლისგან თავშეკავებაა. დარწმუნებული ვარ ის მაყურებელი, რომელიც ნახავს ჩვენს „წითელ ასფალტს“ არასოდეს დაჯდება საჭესთან მთვრალი. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, დაელოდეთ ჩვენს ფილმს და გაიგებთ, რას ნიშნავს out of control.


გ.კ. ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოციალურ დაკვეთაზე იწყებთ მუშაობას.


ტ.ბ. ნებისმიერი კარგი ფილმი ყოველთვის სოციალური დაკვეთის პროდუქტია. კომერციულად წარმატებული ნებისმიერი ფილმი ასე თუ ისე ასრულებს სოციალურ დაკვეთას და ემსახურება ე.წ. სოციალური მარკეტინგის მიზნებს, მოახდინოს მოვლენებისა და კონკრეტული ქმედებების აქტუალიზაცია საზოგადოებაში.


გ.კ. აუცილებლად უნდა გკითხოთ ანჯელინა ჯოლიზე. მსახიობმა თქვენს ფილმზე Wanted მუშაობის დროს თავის მრავალრიცხოვან სვირინგებს კიდევ ორი ახალი შემატა - „სიმტკიცე“ და „ტკივილი“. ასეთი რა უქენით?


ტ.ბ. მე მიყვებოდნენ, რომ ანჯელინა ჯოლი ფილმში Wanted მონაწილეობაზე ერთი პირობით დათანხმდა - ეს იყო პროდიუსერებისგან რეჟისორის სრული დამოუკიდებლობა შემოქმედებით პროცესში. ანჯელინა ძალიან ღრმა ადამიანია, მაქსიმალისტია. გულწრფელი და, ამასთან ერთად მიზანდასახული. თუ ის რაღაცას აკეთებს - მას ამისი 100% სჯერა; სჯერა იმის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ბავშვური თავდავიწყებით ეშვება სამუშაოში. ფილმზე Wanted მუშაობის დროს ანჯელინამ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა პარალელურად სხვა ფილმზე მუშაობა. ვფიქრობ, ფილმის წარმატება ამ ფაქტმაც განაპირობა - ჯოლი მაქსიმალურად კონცეტრირებული იყო. ამიტომ ახალი სვირინგების დატანა ალბათ უფრო ერთგულების ფიცი იყო, რომელიც მან ამ ფილმის წინაშე დადო. არიან მსახიობები, რომლებსაც არ ახასიათებთ ზედაპირულობა.


გ.კ. ცნობილი გახდა, რომ ტიმ ბარტონთან ერთად კიდევ ერთ ახალ ფილმზე მუშაობთ - „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“. ასეთი ტანდემი უკვე იმის წინაპირობას ქმნის, რომ ფილმი სანახაობრივი გამოვა და სურეალისტური, მაგრამ თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ საკმაოდ შემეცნებითი ხასიათის ფილმი იქნება და სტუდენტებს ისტორიულ ექსკურსს შესთავაზებს. რას გულისხმობდით?


ტ.ბ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ მწერალი გრემ სმიტის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია იქნება და, ალბათ, ჯერ ავტორს უნდა ვკითხოთ თუ რას გულისხმობს. ამერიკის მე-16 პრეზიდენტმა აბრამ ლინკოლნმა შტატებში მონობა გააუქმა და თუ ვინმეს გონია, რომ ლინკოლნი ამ რეფორმას უმტკივნეულოდ გაატარებდა და ამ პროცესში ის ჩვეულებრივ ადამიანებს შეერკინა - ცდება. ამ ადამიანს უწევდა ბრძოლა ნამდვილ სისხლისმწოველებთან, ბიუროკრატებსა და ჩინოვნიკებთან, რომლებიც სისხლს წოვდნენ თავისი პოლიტიკით ჯერ კიდევ განუვითარებელ ამერიკას. კინო მითების შექმნის დიდი ხელოვნებაა. ჩვენ ვქმნით მითს ამერიკის ისტორიაში პირველი მოკლული პრეზიდენტის შესახებ. მით ხომ ვერ მოთხოვ დოკუმენტურ სიზუსტეს? მას არ გააჩნია ამის პრეტენზია - მითი გადმოსცემს არსს და არა ფაქტს. „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ კი ის მითია, რომელიც ამერიკელებს სჭირდებათ - მათი პრეზიდენტი ებრძოდა არა უბრალო პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ძალიან სერიოზულ ძალას. ვამპირებზე მონადირე აბრამ ლინკოლნი - მეტაფორაა ისევე, როგორც ბიუროკრატიული „Обратни в погонах“ (გ.კ. ასე უწოდებენ რუსეთში კორუმპირებულ ძალოვნებს).


გ.კ. საახალწლო ფილმით ჩამოფრინდით და დღეს უკვე უკან მიფრინავთ - თქვენც თქვენი ფილმის გმირებივით ახალ წელს უნდა მიუსწროთ?


ტ.ბ. რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ დაგპირდით „ნაძვის ხეების“ პრემიერის წინ - აწი ერთ-ერთი ჩემი ახალი ფილმის პრემიერა აუცილებლად გაიმართება თბილისში. იმედია ეს წინასაახალწლო დღეს მოხდება...


P.S. „ნაძვის ხეების“ პრემიერამდე ერთი დღით ადრე ბეკმამბეტოვი თავის მეგობრებთან ერთად კახეთს სტუმრობდა. არახალია, რომ რეჟისორი ტრილოგიის („ღამის გუშაგი“, „დღის გუშაგი“) შეკვრას აპირებს ფილმით „ბინდის გუშაგი“ და რატომღაც მგონია, რომ კახეთში ვოიაჟი უფრო იმ ლანდშაფტებისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი ციხე-სიმაგრეების შერჩევას უკავშირდება, რომლებიც, იმედია, შექმნიან „ბინდის გუშაგის“-თვის საჭირო ატმოსფეროს...