Tuesday, January 18, 2011

WANTED

ექსკლუზიური ინტერვიუ ტიმურ ბეკმამბეტოვთან

სპეციალურად ჟურნალისთვის „ტაბულა“

ჯინსები, დიდი თეთრი ფერის ბოტასები და დაახლოებით ისეთი მანტო, 90-იანებში რომ ღირსეულ კონკურენციას უწევდა „ვარიონკა“ ჯინსის ქურქებს ბაზრობაზე... ასეთ უშუალო ფორმაში წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორების ხუთეულში შემავალი ყაზახი ტიმურ ბეკმამბეტოვი, რომელიც ჩემი თაობის მაყურებელს ახსოვს ბანკი „იმპერიალის“ საიმიჯო რეკლამებით (И брал Тамерлан камни и говорил он сними...). მის რეკლამაში ჩინგიზ ყაენი და თემურ ლენგიც კი, ისეთ თბილ ტონალურობებშია წარმოდგენილი, რომ ხვდები, ბეკმაბეტოვისთვის მთავარია ისტორიული ფესვები და არა ის ისტორიული კვალი, რომელიც ამ პერსონაჟებმა დატოვეს სხვადასხვა ქვეყნებში... მისთვის მთავარია ტრადიცია! ტრადიცია აღმოჩნდა მთავარი ახალი წლის შემთხვევაშიც, რომელსაც რეჟისორმა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ნაძვის ხეები“ უძღვნა.


ანდრეი კანჩალოვსკის შემდეგ („გაპარული მატარებელი“, „ტანგო და კეში“, „ოდისეა“) ბეკმამბეტოვი მეორე რეჟისორია პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც დამკვიდრდა ჰოლივუდში. თავის „ფინანსურ სრულწლოვნებამდე“, ანუ რეჟისორული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე კანჩალოვსკი მუდამ ამახვილებდა ყურადღებას ჰილივუდის პროდიუსერების ტირანიაზე და ქმნიდა მითს, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ამსხვრევს ყველა თავის ინტერვიუში ტიმურ ბეკმამბეტოვი. „მე - აბსოლუტურად დამოუკიდებელი რეჟისორი ვარ!“, - ამბობს მანიფესტივით, დამოუკიდებლობის დეკლარაციასავით ბეკმამბეტოვი და ამის დამადასტურებელი არგუმენტი და ფაქტიც მრავლად მოეძებნება.


„ღამის გუშაგს“ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. სამომავლოდ სურს გადაიღოს ფილმი 3D ფორმატში და ამბობს, რომ „ადრე ესეც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ 100 წლის შემდეგ ჩვენ ფილმებს უკვე სიზმრებში ვნახავთ“... 20 წლის წინ ოცნებობდა თეატრზე, მაგრამ კინომ მისი ფანტაზიის რეალიზაციის გაცილებით დიდი პოტენციალი და რესურსი შესთავაზა...


გ.კ. თქვენმა ფილმმა „ნაძვის ხეები“ გამახსენა ალექსანდრე როგოჟკინის ფილმი „ოპერაცია - სნოვიმ გოდომ“: ასეთივე მრავალფეროვანი პერსონაჟები, თანამედროვე გმირები და ანტიგმირები და, რა თქმა უნდა, უცვლელი ფასეულობები - რწმენა, იმედი და სიყვარული... თქვენი ფილმიც იმაზეა, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს სასწაულის?


ტ.ბ. ფილმი სამ რამეზეა: ჩვენ ყველას გვჯერა და გვწამს ტრადიციების და, ამრიგად, „ნაძვის ხეები“ სიყვარულშიც უტყდება ყველა იმ ფილმს, რომელიც მანამდე გადაიღეს ახალ წელზე... მეორე - ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იმ სამყაროში, რომელშიც სიბრალული და თანაგრძნობა გახლავთ სიცოცხლის დედააზრი. და მესამე - იმისათვის, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს, უნდა გჯეროდეს და გქონდეს მოთმინება. ესაა და ეს. თუმცა ფილმის მონტაჟის დროს სიუჟეტმა თავსატეხი მაინც გაგვიჩინა - ჩვენ დიდ ხანს ვისხედით და ვფიქრობდით ფილმის არსზე, ფილმის ქვეტექსტზე - რა არის ამ ფილმის მთავარი იდეა? როგორ დავაკავშიროთ ფილმის პერსონაჟები ერთმანეთთან? ბოლოს მივხვდით, რომ ის პატარ-პატარა სიკეთე, რომელსაც სჩადის უკლებლივ ყველა პერსონაჟი სწორედ ის კავშირია ადამიანებს შორის, რომელმაც მოგვიყვანა 21-ე საუკუნემდე. სხვა ვერაფერი მოგვიყვანდა თუ არა თანაგრძნობა და სიკეთე. „ნაძვის ხეები“ პოსტმოდერნისტული ფილმია; როცა იცვლება დრო და ფორმა, შენ ისღა გრჩება, რომ ილაპარაკო იმ უცვლელ ღირებულებებზე, რომლის გამოხატულებაც არასოდეს შეიცვლება - ეს არის, როგორც უკვე ვახსენე, სიკეთე და თანაგრძნობა. ჩვენ თავის დროზე გამოვაცხადეთ კონკურსი საახალწლო ისტორიებზე და მაყურებლისგან უამრავი საინტერესო, სახალისო, ხანდახან დრამატიზმით აღსავსე წერილი მივიღეთ. შემდგომში ყველა ეს ამბავი თავისებური ნოველის სახით გაცოცხლდა სცენარში.


გ.კ. ერთადერთი პრიზი რომელიც თქვენ აიღეთ - 2005 წელს მოპოვებული „ფელიქსი“ მაყურებლის სიმპატიის ნომინაციაში ფილმისთვის „დღის გუშაგი“. როგორც ჩანს, არ ხართ საფესტივალო რეჟისორი... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენთვის მთავარია კომერციული კინო და პრინციპი „გაყიდვები ერთადერთია რასაც მოაქვს ფული, ყველაფერ დანარჩენზე ეს ფული მხოლოდ იხარჯება“?


ტ.ბ. გაყიდვები ერთადერთია, რაც უზრუნველყოფს მაყურებელს. მე კი არ მსურს ვაკეთებდე ფილმს მაყურებლის შეზღუდული რაოდენობისთვის. ვფიქრობ ეს უკვე პასუხია იმ კითხვაზე თუ რატომ ვარ ასეთი გულგრილი ფესტივალებისადმი. კინო დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მასობრივი ხელოვნება, სანახაობა ფართე აუდიტორიისთვის და მე ნამდვილად არ მსურს 10-15 კაცისთვის ვირჯებოდე და კუთხიდან ვადევნებდე თვალ-ყურს თანამედროვე კინოს წამყვან ტენდენციებსა და ამავე კინოს განვითარებას. ჩემთვის კინო ყოველთვის იყო და არის ის, რაც ხდება ადამიანებში და არა ეკრანზე. მოქმედება უნდა ხდებოდეს ადამიანებში - თქვენი ფილმის შემყურე მაყურებელი უნდა განიცდიდეს, ის უნდა იცინოდეს, ტიროდეს, ბრაზდებოდეს, უხაროდეს, ფიქრობდეს... რაც ეკრანზე ხდება ეს მხოლოდ „ფერადი ჩრდილია“. თუ ფილმი არ იქმნება მასისთვის და იქმნება მხოლოდ საკუთარი ეგოს და საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის - ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მაინტერესებს.


გ.კ. ცნობილია, რომ აპირებთ 3D ფორმატში ფილმის გადაღებას სათაურით „წითელი ასფალტი“ და ის ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას. ჩვენთან ახლა ძალიან აქტუალურია არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობის თემა. ეს ფილმიც ექშენი იქნება?


ტ.ბ. „წითელი ასფალტი“ იქნება საშინელებათა ჟანრი! არ ვხუმრობ! ოდესმე თუ გიმართავთ მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში? ეს სრული კოშმარია! ამიტომაც ვამბობ, რომ „წითელი ასფალტი“ საშინელებათა ჟანრის ფილმი იქნება. ჩვენ მივცემთ მაყურებელს იმის შესაძლებლობას, რომ 3D-ს მეშვეობით მან საკუთარ ტყავზე შეიგრძნოს თუ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მთვრალი ადამიანი. იცით, რატომ ვუწოდეთ ფილმს „წითელი ასფალტი“? შტატებში მართვის მოწმობის ასაღებად მისული მოქალაქე გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ შეყავთ სპეციალურ ოთახში, სადაც მას უჩვენებენ ხუთწუთიან პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, კატასტროფებზე, რომელიც მოუწოდებს სიფრთხილისკენ; მათ უჩვენებენ ფილმს იმაზე თუ როგორ იმსხვრევა მანქანები და მასთან ერთად ადამიანების ცხოვრებაც... ძირითადი მესიჯი კი სწორედ ალკოჰოლისგან თავშეკავებაა. დარწმუნებული ვარ ის მაყურებელი, რომელიც ნახავს ჩვენს „წითელ ასფალტს“ არასოდეს დაჯდება საჭესთან მთვრალი. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, დაელოდეთ ჩვენს ფილმს და გაიგებთ, რას ნიშნავს out of control.


გ.კ. ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოციალურ დაკვეთაზე იწყებთ მუშაობას.


ტ.ბ. ნებისმიერი კარგი ფილმი ყოველთვის სოციალური დაკვეთის პროდუქტია. კომერციულად წარმატებული ნებისმიერი ფილმი ასე თუ ისე ასრულებს სოციალურ დაკვეთას და ემსახურება ე.წ. სოციალური მარკეტინგის მიზნებს, მოახდინოს მოვლენებისა და კონკრეტული ქმედებების აქტუალიზაცია საზოგადოებაში.


გ.კ. აუცილებლად უნდა გკითხოთ ანჯელინა ჯოლიზე. მსახიობმა თქვენს ფილმზე Wanted მუშაობის დროს თავის მრავალრიცხოვან სვირინგებს კიდევ ორი ახალი შემატა - „სიმტკიცე“ და „ტკივილი“. ასეთი რა უქენით?


ტ.ბ. მე მიყვებოდნენ, რომ ანჯელინა ჯოლი ფილმში Wanted მონაწილეობაზე ერთი პირობით დათანხმდა - ეს იყო პროდიუსერებისგან რეჟისორის სრული დამოუკიდებლობა შემოქმედებით პროცესში. ანჯელინა ძალიან ღრმა ადამიანია, მაქსიმალისტია. გულწრფელი და, ამასთან ერთად მიზანდასახული. თუ ის რაღაცას აკეთებს - მას ამისი 100% სჯერა; სჯერა იმის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ბავშვური თავდავიწყებით ეშვება სამუშაოში. ფილმზე Wanted მუშაობის დროს ანჯელინამ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა პარალელურად სხვა ფილმზე მუშაობა. ვფიქრობ, ფილმის წარმატება ამ ფაქტმაც განაპირობა - ჯოლი მაქსიმალურად კონცეტრირებული იყო. ამიტომ ახალი სვირინგების დატანა ალბათ უფრო ერთგულების ფიცი იყო, რომელიც მან ამ ფილმის წინაშე დადო. არიან მსახიობები, რომლებსაც არ ახასიათებთ ზედაპირულობა.


გ.კ. ცნობილი გახდა, რომ ტიმ ბარტონთან ერთად კიდევ ერთ ახალ ფილმზე მუშაობთ - „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“. ასეთი ტანდემი უკვე იმის წინაპირობას ქმნის, რომ ფილმი სანახაობრივი გამოვა და სურეალისტური, მაგრამ თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ საკმაოდ შემეცნებითი ხასიათის ფილმი იქნება და სტუდენტებს ისტორიულ ექსკურსს შესთავაზებს. რას გულისხმობდით?


ტ.ბ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ მწერალი გრემ სმიტის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია იქნება და, ალბათ, ჯერ ავტორს უნდა ვკითხოთ თუ რას გულისხმობს. ამერიკის მე-16 პრეზიდენტმა აბრამ ლინკოლნმა შტატებში მონობა გააუქმა და თუ ვინმეს გონია, რომ ლინკოლნი ამ რეფორმას უმტკივნეულოდ გაატარებდა და ამ პროცესში ის ჩვეულებრივ ადამიანებს შეერკინა - ცდება. ამ ადამიანს უწევდა ბრძოლა ნამდვილ სისხლისმწოველებთან, ბიუროკრატებსა და ჩინოვნიკებთან, რომლებიც სისხლს წოვდნენ თავისი პოლიტიკით ჯერ კიდევ განუვითარებელ ამერიკას. კინო მითების შექმნის დიდი ხელოვნებაა. ჩვენ ვქმნით მითს ამერიკის ისტორიაში პირველი მოკლული პრეზიდენტის შესახებ. მით ხომ ვერ მოთხოვ დოკუმენტურ სიზუსტეს? მას არ გააჩნია ამის პრეტენზია - მითი გადმოსცემს არსს და არა ფაქტს. „აბრამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ კი ის მითია, რომელიც ამერიკელებს სჭირდებათ - მათი პრეზიდენტი ებრძოდა არა უბრალო პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ძალიან სერიოზულ ძალას. ვამპირებზე მონადირე აბრამ ლინკოლნი - მეტაფორაა ისევე, როგორც ბიუროკრატიული „Обратни в погонах“ (გ.კ. ასე უწოდებენ რუსეთში კორუმპირებულ ძალოვნებს).


გ.კ. საახალწლო ფილმით ჩამოფრინდით და დღეს უკვე უკან მიფრინავთ - თქვენც თქვენი ფილმის გმირებივით ახალ წელს უნდა მიუსწროთ?


ტ.ბ. რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ დაგპირდით „ნაძვის ხეების“ პრემიერის წინ - აწი ერთ-ერთი ჩემი ახალი ფილმის პრემიერა აუცილებლად გაიმართება თბილისში. იმედია ეს წინასაახალწლო დღეს მოხდება...


P.S. „ნაძვის ხეების“ პრემიერამდე ერთი დღით ადრე ბეკმამბეტოვი თავის მეგობრებთან ერთად კახეთს სტუმრობდა. არახალია, რომ რეჟისორი ტრილოგიის („ღამის გუშაგი“, „დღის გუშაგი“) შეკვრას აპირებს ფილმით „ბინდის გუშაგი“ და რატომღაც მგონია, რომ კახეთში ვოიაჟი უფრო იმ ლანდშაფტებისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი ციხე-სიმაგრეების შერჩევას უკავშირდება, რომლებიც, იმედია, შექმნიან „ბინდის გუშაგის“-თვის საჭირო ატმოსფეროს...

Tuesday, November 9, 2010

FUCK RUSSIA გრძელდება?

FUCK RUSSIA - არის პოზიცია, FUCK GEORGIA - არის მწარე რეალობა, რომლის შედეგად ჯერ ჩაისახა, შემდეგ კი ”იშვა” დღევანდელი რეალიები. ახლა ”კონტრაცეპტივების” მიღება გვიანია - გვიანია კულტურული დელეგაციებისა და დელეგატების მაღალფარდოვანი მისიებით მივლინება იმ ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია კარგად გაითავისეს მეზობელი ქვეყნის მთავარი ფილოსოფია და მოძღვრება Кто не с нами, тот против нас! კონტექსტი - აი, რა არის მნიშვნელოვანი ”რუსული კინოს ფესტივალის” შემთხვევაში, რომელიც დაიწყო ”ტარას ბულბას” იდეოლოგიური სარეკლამო რგოლით და დევიზით ”На всех экранах непобедимой странны”! ცინიკური კონტექსტი, რომელიც მშვენივრად გესმის და გაიგებ, მიუხედავად იმისა დევნილების ბანაკში ცხოვრობ თუ ფეშენებელურ ბინაში.

ფესტივალი წარმატებით ჩატარდაო! - გამოგვიცხადეს ორგანიზატორებმა და ფესტივალის სულის ჩამდგმელმა რუსმა კინემატოგრაფისტებმაც. რა თქმა უნდა, მიტინგს ავცდით და კინოინკვიზიტორების მიერ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებასაც, მაგრამ პომიდორს თუ არ გესვრიან და RUSSIA - GO-ს თუ არ გიყვირის მაყურებელი - წარმატების დადგენა-შეფასებისთვის არ არის საკმარისი კრიტერიუმი.

ფესტივალზე წარმოდგენილ ამა თუ იმ ფილმში იგრძნობოდა იმ ”ხრუშოვკის” კომუნალკების ნოსტალგია, რომელსაც აქტიურად უწევს პროპაგანდას თანამედროვე რუსული კინო, განსაკუთრებით ”გაზპრომის” კუთვნილი НТВ-КиноСоюз, რომელიც საბჭოთა ეპოქაში გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს სიტყვებით Мы снова вместе! ისევ ერთად ვართ?! არ ვიცი, რით ვერ შეეგუა ეს ხალხი, რომ კომუნალკაში ცხოვრებას თუნდაც ერთოთახიან, მაგრამ საკუთარ ბინაში ცხოვრება გვირჩევნია! ”კინოს საზღვრები და ბარიერები არა აქვსო!” - ხოდა თუ ასეა, იყავით თქვენ თქვენთვის თქვენს სახლში და ჩვენ კიდევ დისტანციურად გავეცნობით თქვენს კულტურას თუკი არც საზღვრები ქონია კინოს და არც ენობრივი ბარიერები! Мы снова вместе, მაგრამ რატომღაც ქართული კინო ინახება ჩვენგან ”Отдельно” - მთელი ქართული ”საბჭოთა” კინოს არქივი Белые Столбы-ს საცავებში ინახება და მას მუზეუმის ექსპონატის სტატუსი მიანიჭეს, რომ ვინმეს აზრადაც კი არ მოუვიდეს ორიგინალების მოთხოვნა.

Saturday, July 31, 2010

ანტიქრისტე ქრისტე

შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს ლარს ფონ ტრიერი, მაგრამ იმის უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს გიჟი დანიელი - კინოს უკანასკნელი მანიფესტის ფუძემდებელი და ავტორი - ექსპრესიული კინოს დოგმატია. ლარს ფონ ტრიერის ფილმი "ანტიქრისტე" არ მინახავს. მით უფრო დიდია მოლოდინი იმისა, რომ რეჟისორი რაღაც სიურპრიზს მიმზადებს:) ჩემს დას, ნანკას თუ დავუჯერებთ - ტრიერს ასეთი მძაფრი და "მრაჩნი" ფილმი არასოდეს გადაუღია. ტრიერი ადამიანის სკანდინავიური მისტიციზმის მიღმა კი კვლავ ტრიერი რეჟისორის ირონია იკითხება. მის "ანტიქრისტეში" მთავარ როლს ვილიამ დეფო ასრულებს, რომელმაც თავის დროზე მარტინ სკორსეზეს ფილმში "ქრისტეს უკანასკნელ ვნებაში" მაცხოვარი განასახიერა... ნახეთ ეს ხუთწუთიანი სცენა, რომელშიც ჰენდელი, ჩეჩილია ბარტოლი და ლარს ფონ ტრიერი სასწაულს ქმნიან.

Wednesday, May 5, 2010

სუროგატი

თემურ ფაფერაშვილის სახელოსნოში მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებენ. აქ სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და ლექტორები ამა თუ იმ თემაზე საჯარო დისკუსიას მართავენ. ეს ჩემთვის, როგორც კინოკრიტიკოსისთვის, ისეთივე პოზიტიური მოვლენაა, როგორიც კინოთეატრებში ჟურნალისტებისთვისა და კრიტიკოსებისთვის ახალი ფილმების დახურული თუ წინასწარი ჩვენება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ჩვენი რეაქციის არ ეშინიათ; მათ არც ჩვენი კალმის ეშინიათ! დიდი მადლობა ამისთვის :))))

ამჯერად ”ალმა მატერში”, თემურ ფაფერაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში (რომელშიც, თავის დროზე, კინოდოკუმენტალისტები საშა ქორიძე და სალომე ჯაში ”აღიზარდნენ”), კლიპმეიკერი და მომღერალი გიგა აგლაძის მხატვრული ფილმის ”გოგონა სლაიდიდან” განხილვა გაიმართა. მე-3 კურსის სტუდენტებმა ფილმის მიმოხილვას ”სუროგატი” უწოდეს. რა თქმა უნდა, სახელწოდება ირონიულია და კრიტიკულიც, მაგრამ ამავდროულად იმის მანიშნებელიც, რომ აგლაძის ფილმში ახალს ვერაფერს ნახავთ. რეჟისორი განხილვას არ დაესწრო. უკუკავშირი, რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრობ ამ მიმოხილვაში, მას არ მოეწონა! სიმართლე გითხრათ, არც მე მომეწონა მისი აღიარება - ფილმს ჩემი ხელი აკლდაო... როგორც სტუდენტურ ტელეფილმში ჩანს, ესა თუ ის მსახიობი იმასაც ფიქრობს, რომ ფილმს ზოგადად რეჟისორი აკლდა...










Wednesday, December 30, 2009

FACE-ების რეალური ფასები



გიგა ლორთქიფანიძე, მანანა ჩიქოვანი, ლადო ათანელი და კარუზოს ნოსტალგია


ცხადია, როცა კინოთეატრ „რუსთაველში“ გიგა ლორთქიფანიძის ახალი ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერაზე მივდიოდი, ვიცოდი, რომ კინოს მუზის მსახურსა და ოპერის ფანტომის - ლადო ათანელს შორის დაანონსებული შემოქმედებითი ქორწინება უკვე შედგა და ახლა უკვე მისი ნაყოფი უნდა შემეფასებინა. ის მაყურებელიც კი, რომელსაც გული ქვის ჰქონდა, ან კიდევ, ერთი შეხედვით, გულქვა და სკეპტიკოსი ჩანდა, ცრემლნარევი თვალებით უცქერდა ქართველი ბარიტონის ქაღალდის გულის ფლეთას.

გაცვეთილი ფრაზა მახსენდება - ქაღალდი ყველაფერს აიტანს. ფილმში ლადო ათანელის ქაღალდის ფაქტურის გულიც უამრავ ტკივილს იტანს. ათანელის გული „გაიცვითა“ იმ გრძნობების გამოხატვით, რომელსაც ესა თუ ის არია ავალდებულებს. თეატრალურ მისტიფიკაციებში დაკარგული მომღერალი საკუთარი თავის პოვნას ცდილობს და ისრაელში მიემგზავრება. ის, რასაც ისრაელში აღმოაჩენს, მისი აღსასრულის შესავალს უფრო ჰგავს. დიდი ხნის წინ დაკარგული საყვარელი ადამიანი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია პარიკისა და მაკიაჟის გამო (!), მომღერალს კატა-თაგვობანას ეთამაშება; საგრიმიოროში, სარკესთან მოკალათებულ მომღერალს უჩვენებს მის რეალურ სახეს და არსებულ სისუსტეებს; თვითგვემამდე მისული ათანელი საკუთარ თავს ტუშით სიმბოლურ ჯვარს ასვამს... ბანალურ მეტაფორას თანსდევს კადრსმიღმა ტექსტი - „ცოტაც გაუძელი, გულო! კიდევ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება...“

სწრაფი ფინალის იმედი მეც მამშვიდებდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმში ანაქრონიზმი და უზუსტობა ართულებდა დამნაშავის იდენტიფიცირების ამოცანას. აღმოჩნდა, რომ თეატრის პემატრონე მომღერლის ყოფილი მეუღლეა; ისიც გაირკვა, რომ თავად მიატოვა ათანელი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა... სულ დავიბენი! ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, რომელზეც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ცრუჩვენებებს იძლეოდნენ. ერთადერთი გამართლება, რომელიც ამ ანაქრონიზმს მოეძებნა - ლადო ათანელის რთული და აუტანელი ხასიათი იყო... უკომენტაროდ!

ლადო ათანელის საათნახევრიანი რეფლექსია თვითგვემაზე და ამაოებაზე გიგა ლორთქიფანიძემ სატელევიზიო ფილმის ჩარჩოებში მოაქცია და, ფაქტობრივად, ერთ გულახდილ ინტერვიუდ აქცია, რომელშიც რესპონდენტი საკუთარი გენიალურობისა თუ მერკანტილობის შესახებ თეატრალური პომპეზურობით მოგვითხრობს... ათანელის დიალოგი აუდიტორიასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც კამერულ სივრცეში მოთვინიერებულმა ბარიტონმა რეჟისორისა თუ საკუთარი სინდისის კარნახით ინტიმური ცხოვრების რეალური დეტალები გაგვანდო. ასეთი გულახდილობა რეჟისორის ჩანაფიქრს უნდა მივაწეროთ, რომელიც კეთილშობილი მიზნით ცდილობდა საზოგადოებაში გავრცელებული სოციალიზირებული მოსაზრების გაბათილებას. ფრაზა, - „რამ მოგაყვანინა შენზე ამდენი წლით უმცროსი ქალი ცოლად?! როგორ არ გრცხვენია?! შენ ხომ შენ მეგობართან ერთად გამოიყვანე ის სამშობიაროდან...“ - პირწმინდა თავისმართლებას ჰგავდა. და ვინ ადანაშაულებს ლადო ათანელს? ჩვენ, ქართველი მაყურებელი? ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყანაში, რომელშიც საკადრო პედოფილია და პოლიტიკური პროსტიტუცია ყვავის, დიდ მომღერალს სიყვარულზე ასაკობრივ ცენზს უწესებდეს ვინმე!

მომღერლის ინტიმურ დეტალებში ჩაღრმავება ჩვენი „პროფილი“ არ არის (ყველამ თავისი მიმართულებით ქექოს დედააზრი). მე უფრო ის მაინტერესებს, შევძლებ თუ არა იმ სანახაობისათვის შესაფერისი დეფინიციისა თუ სახელის მოძებნას, რომელსაც ზოგმა ფილმის პრემიერა უწოდა, მე კი, როგორც კინომცოდნე, ამის უფლებას ჯერაც ვერ ვაძლევ საკუთარ თავს... „ქაღალდის გული“ თავსატეხს მიქმნის. ვერდის, პუჩინის, დონიცეტის, რაჰმანინოვისა და მოცარტის ოპერებიდან გაჟღერებული არიები ვერ ფარავენ ფილმში ათანელის ყველაზე ხმამაღალ არიას - ნარცისის პარტიას, რომელიც თვითტკბობის პრინციპით აისახა და გაჯდა ფილმის თითოეულ კადრში. ისრაელში ჩასულ დიდ მომღერალს საგრიმიოროს კედლებზე საკუთარი პორტრეტები ხვდება. ათანელი აღტაცებული ათვალიერებს ფერწერულ ტილოებსა და ფოტოსურათებს. ჩანს, გაკვირვებულია იმით, რომ ამ კურთხეულ მიწაზეც აღიარებენ მის გენიას... დაუფარავი გაკვირვებით ეკითხება თეატრის მეპატრონეს „კი მაგრამ, ეს ფოტოსურათები აქ საიდან?“. ზუსტად არ ვიცი, ალბათ, „ფოტოსამყაროს“ უნდა ვუმადლოდეთ შპალიერად ქცეული ნატიფი ხელოვნების გამოჩენას, ან ქალბატონის უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც თანდათან იკვეთება სატელევიზიო ფილმში.

ფილმში „ქაღალდის გული“ გიგა ლორთქიფანიძის სიყვარულიც გამოიკვეთა. მეტწილად 50-იანი წლების ფილმებისადმი და, კიდევ უფრო მეტად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საოპერო ხელოვნებისადმი. გიგა ლორთქიფანიძეს უყვარს ენრიკო კარუზო (ან კიდევ ფილმი „კარუზო“, მარიო ლანცას მონაწილეობით). მას იმდენად უყვარს ლადო ათანელიც, რომ მისი სახით ფილმში კარუზოს პერსონიფიცირებას ახდენს. ლეგენდის თანახმად, კარუზო სცენაზე ლეონკავალოს „ჯამბაზების“ ერთ-ერთი არიის შესრულების დროს გარდაიცვალა. ლორთქიფანიძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოჩენილი ხალხის ცხოვრება მითი უფროა, ვიდრე ისტორია, ამიტომ ლადო ათანელიც სცენაზე კვდება (ლეონკავალოს „ჯამბაზების“ შესრულების დროს). პარალელების გამოძებნის დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კარუზო პლევრიტისგან გარდაიცვალა, ლადო ათანელი კი ფილმში გულს უჩივის. სამედიცინო ენციკლოპედიაში ვკითხულობთ - „...გულმკერდში და გულის არეში ტკივილს შეიძლება იწვევდეს გულის ნევროზი; ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს პლევრიტი და სხვა.“... უკომენტაროდ!

ლორთქიფანიძეს უნდა ახსოვდეს, რომ ფილმი „კარუზო“ კარუზოს ქვრივის მოგონებების მიხედვით გადაიღეს. გიგა ლორთქიფანიძემ კი „ქაღალდის გული“ ლადო ათანელის მეუღლის, მანანა ჩიქოვანის მოგონებებზე დაყრდნობით გადაიღო. ის, რაც მანანა ჩიქოვანს შესაძლოა დაევიწყებინა, აღბეჭდილია სამოყვარულო ვიდეოკამერაზე. არაფრისმთქმელი კადრები მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ ლადო ათანელი, მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი, მსოფლიოში ბევრს მგზავრობს, ყველგან ნამყოფია, ყველგან იცნობენ, უყვართ და ავტოგრაფებს ართმევენ. ერთი სიტყვით, „ჰომ ვიდეო“, რომელსაც იყენებს გიგა ლორთქიფანიძე ფილმის ფუნდამენტად, არ გამოდგება ლადო ათანელის მყარი და სრული პორტრეტის შესაქმნელად. ესოდენ მწირი რესურსით იქმნება ათანელის აწმყოს, წარსულისა და მომავლის ბუნდოვანი სურათი. რუსები ამბობენ - გრაფომანი მშვენიერებაზე ისე წერს, როგორც შეუძლია და ნიჭიერი ადამიანი კი მშვენივრად წერს ნებისმიერ საგანზე თუ მოვლენაზეო... უნიჭობა უსაფრთხოა თუ მას არ მიმართავ. ეს ცნება აქსიომატური უნდა იყოს რეჟისორისთვის, მომღერლისთვის, ნებისმიერი ხელოვანისათვის, რომელიც საზოგადოებასთან დიალოგს მართავს და უკუკავშირზე ფიქრობს. ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერის შემდეგ უკუკავშირი არ დამინახავს; აპლოდისმენტები არ გამიგია! კინოთეატრიდან გულდაწყვეტილი გამოვდიოდი. ფილმის პრემიერას წინ უძღოდა ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის დაარსება. კარგია, როცა მომღერალი აფუძნებს ფონდს სახელწოდებით „თანადგომა“, მაგრამ ცუდია, როცა ამასობაში ხვდები, რომ თანადგომა სწორედ მას სჭირდებოდა... ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - უდაოდ კარგი ბარიტონის, ლადო ათანელის Face-ის რეალურ ფასს ოპერაში შესრულებული არიებით შეიცნობთ და არა გიგა ლორთქიფანიძის ფილმით „ქაღალდის გული“... უკვე მერამდენედ - უკომენტაროდ!


Friday, December 25, 2009

კვაზიმოდა


სახეები და სახელები აგლაძის ესთეტურ სლაიდში

მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს!“ - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე, კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.

სიმართლე ითქვას, ნაგავზეც შეიძლება იყოს მოთხოვნა. მით უფრო თუ არტეფაქტის სახით ამის უამრავი მაგალითი გვაქვს და ამ ხელობის უამრავი მიმდევარი გვყავს. ნაგავზე ფასიც შესაბამისი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნასა და ღირებულების აღქმას ის სამომხმარებლო ბაზარი უნდა არეგულირებდეს, რომელიც გიგა აგლაძის შემოქმედების მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ მომეჩვენა. რეჟისორის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი შემოქმედების უსაფუძვლო ლანძღვა მიმაჩნია მიზანშეწონილი. სწორი იქნება თუ ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ მაყურებლის კომენტარზე დაყრდნობით გავარჩევთ და ასე მაინც დავიცავთ ნეიტრალიტეტს, ობიექტურობას, რომელსაც, როგორც წესი, მოითხოვენ ჩვენგან რეჟისორები.


მინდა
:
რამე მაგარი რა...
ძარღვიანი... ნაღვლიანი…
სევდიანი...
გულიანი...
ცეცხლსასროლი...
დარდიანი...
რეალური...
კარდინალური...

რადიკალურ-სოციალური!

(მომთხოვნი: forum.ge)


მეგობრებო, ასეთ ფორმულას ქართულ კინოში არავინ იყენებს. ამ ხატოვანი სიტყვების კარნახით არავინ ქმნის ფილმებს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვათა წყობა „სოციალური დაკვეთა“ ცუდ ასოციაციას ტოვებს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობად აღიქმება. არც გიგა აგლაძემ შეასრულა სოციალური დაკვეთა. სამაგიეროდ მისი ფილმი „გოგონა სლაიდიდან“ ასპროცენტიანი პლეისმენთია და ამა თუ იმ ბრენდთან კომერციულად გათვლილი გარიგება. ამის წყალობით აგლაძემ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო ფილმი გადაიღო, რომელშიც სამოდელო სააგენტო „სლაიდის“ (სხვათა შორის, გიგა აგლაძის მეუღლის სამოდელო სააგენტო) გოგონები კონკრეტული მარკის მანქანის პრეზენტაციას აწყობენ; ავტოავარიის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებთ რომელ სადაზღვევო კომპანიაში უნდა დააზღვიოთ მანქანა; რომელმა დიზაინერმა უნდა ჩაგაცვათ იმისათვის, რომ საზოგადოების ნაღებისა და ელიტარულობის კონტექსტიდან არ ამოვარდეთ; გაიგებთ, რომელ ფოტოგრაფთან უნდა გაიაროთ ფოტოსესია და კიდევ უამრავ ყოფით დეტალებსა და რეკლამას მოჰკრავთ თვალს. ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ რეჟისორმა საათნახევრიან ჩარჩოში მოაქცია ის ინფორმაცია, რომელსაც „ყვითელი ფურცლები“ სქელტანიანი გამოცემებით გვთავაზობს.


სად არის აქ კინოს ადგილი? რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე. სად მთავრდება კინო? სამწუხაროდ იქვე. საათნახევრის განმავლობაში კინოეკრანზე 24 კინოკადრის ნაცვლად მხოლოდ იმ სუბლიმინალურ ხერხსა და 25 კადრს ვხედავთ, რომელიც მაყურებლის ცნობიერებაზე ძალადობას ახდენს და ქვეცნობიერში რეკლამისადმი მადის აღძვრას ემსახურება. გიგა აგლაძეში კლიპურმა ცნობიერებამ სძლია კინემატოგრაფიულს. ”გოგონა სლაიდიდან” მართლაც კლიპს გაგონებს, რომელშიც გემოვნებიანი კოსტიუმები და მაკიაჟი რეჟისურის ნაკლს ფარავს. ამ უსახურ ფილმში ყველას თავისი სახე (და სახელი) აქვს. ზურა ყიფშიძე, ნანუკა ხაზარაძე, კრისტი ყიფშიძე, ნათია მაქაცარია, მერაბ სანოძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ჯიჯი რეჯინი და სხვა მრავალი ფილმში საკუთარ თავს ანსახიერებენ, რის გამოც ხშირია იმის განცდა, რომ კინოეკრანზე ჟურნალი „სახე(ლ)ები“-ს ეკრანიზაციას გვთავაზობენ. ჟურნალის ეკრანიზაციის შესახებ თუ გსმენიათ რამე? არც მე და არც იმ მაყურებელს, რომლის (და)უკმაყოფილება აისბერგს ჰგავს (რაც ზედაპირზე ჩანს, ორი იმდენი სიღმეში იმალება) და რომელსაც აგლაძის გემი „გოგონა სლაიდიდან“, გაბარიტებით - 90 60 90 უკვე შეეჯახა!


„ტუტსი“ თუ ტუტუცი?
(მკითხავი: forum.ge)

ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ გადაღების დროს ხშირი იყო „ტუტსი“-ზე აპელირება. ხშირად იმასაც ახსენებდნენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ზაზა ბეჟაშვილი რაღაცით ჰგავს დასტინ ჰოფმანს. მოდით, მსგავსებას არ შევეხოთ, თორემ სხვაობის გარჩევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება როგორც ზაზა ბეჟაშვილისთვის, ისე „სლაიდის“ რეჟისორისთვისაც. „ტუტსი“, ალბათ, ის ორიენტირი უნდა ყოფილიყო, რომლის მიხედვით გადაიღებდნენ კომედიურ მელოდრამას, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ფილმის ქართულ რიმეიქს. კეთილშობილი მიზანია, ცუდს ვერაფერს იტყვი. მთავარი კი მაინც ის არის თუ რა რესურსით აპირებდნენ ამ მიზნის მიღწევას. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მწირი რესურსით - რამდენიმე მოდელი და ზაზა ბეჟაშვილი, რომელიც „რაღაცით“ ჰგავს დასტინ ჰოფმანს, ქმნიან ფილმის საფუძველსა და მერყევ საყრდენს...


„ტუტსის“ შინაარსი კარგად მახსოვს. არაჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, კარგი დინამიკა, სამსახიობო დასი და რეჟისურა. დასტინ ჰოფმანი მსახიობია, რომელიც კასტინგებზე მარცხს განიცდის და იმედგაცრუებული წყვეტს კინობიზნესში სხვა გზით შეღწევას. ზაზა ბეჟაშვილი იგივე ნაბიჯს დგამს ოღონდ მოდელი გოგოს გულში შესაღწევად. ამისათვის კინოპერსონაჟი ზუზუ ქალის ტანსაცმელსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ირგებს, მაგრამ ამ კლოუნადის უკან მამაკაცი მაინც იოლი ამოსაცნობია. მაინც რით ვერ მოხიბლა ზუზუმ ნათია ახვლედიანი, ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი მოდელი, რომელიც შეთავსებით არქიტექტორიც ყოფილა? ზუზუ ინკოგნიტო მას ძვირადღირებულ კაბებსა და ყელსაბამს უგზავნის, მთელ თბილისს აჭრელებს ნათიას ბილბორდებით, უამრავ ფულს ხარჯავს მოდელის გულის მოსაგებად... ზუზუმ ნათიას ყურადღება მიიპყრო, სიმპათია კი ვერ დაიმსახურა. რატომ? ოდესმე თუ შეგხვედრიათ ადამიანი, ვისთვისაც რაოდენობა ხარისხის სინონიმია? თუ გინახავთ ადამიანი, რომელიც მორთმეულ შოკოლადს მისი ღირებულების აღმნიშვნელ ჩეკსაც თან აყოლებს (ალბათ იმისათვის, რომ უფრო ტკბილად მიირთვათ)? ზუზუ ორიგინალურობით არ გამოირჩევა. მეტიც, ფილმის პოსტერზე ცალსახად ამოიკითხავთ მის დახასიათებას - „
ზუზუს ბევრი ფული აქვს და ბევრი გოგო ჰყავს, მაგრამ იმ ერთადერთმა მას ყველაფერი შეუცვალა!.. რაა?! ძალიან სასაცილო კომედია.”

ეს უკანასკნელი ფრაზა ფილმს გვიხასიათებს, როგორც რომანტიკულ კინოკომედიას. მნიშვნელოვანია, რომ „სლაიდში“ ჩანან მიშა ანდღულაძე და ვასო ფხაკაძე იუმორინას შესაშური Hi-კლასის ხუმრობით. იმედია, ამ კრიტიკული რემარკით თავს არ ავატკიებთ, თორემ, ვეჭვობ, ისევ ანალგინის გარეშე იქნებიან... გამოსავალი მხოლოდ ერთი აქვთ - აუტკიებელ თავს ნუ აიტკიებენ. კინოში „კამედი შოუს“ სკეტჩებით ნუ გვაკვირვებენ; გიგა აგლაძის ფილმს ერთ დიდ კინოანეკდოტად ნუ აქცევენ!


რაც შეეხება გიგა აგლაძეს, რეჟისორმა სარეკლამო ფილმში „გოგონა სლაიდიდან“ მოდების სამჭედლო აღბეჭდა. ეს ის სივრცეა და მაჭანკლობის ინსტიტუტი, რომელშიც მდიდარი მამაკაცებისათვის ლამაზ საცოლეებს „ჭედავენ“. ნებისმიერ ქვეყანაში სამოდელო ბიზნესი
მდიდარ და ფულიან მამაკაცებს ლამაზი გოგონების ექსპორტს სთავაზობს. აგლაძის სამაჭანკლო „სლაიდი“ ნაწილობრივ ამ სტერეოტიპის დამსხვრევასა და უკუგდებას ცდილობს, როდესაც ლამაზმანი ნათია მდიდარ ზუზუს არ იკარებს, საჩუქრებს კი სიამოვნებით იღებს... რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს დამკვიდრებული სტერეოტიპის მსხვრევას. მოდელებს უყვართ ლამაზი ტანსაცმელი, ძვირადღირებული სამკაულები და ღამის კლუბებში თეთრად გათენებული ღამეები. უკვე მერამდენედ მებადება კითხვა - მაშინ ვის რაში სჭირდებოდა ეს კლოუნადა? მით უმეტეს, რომ ფილმის ფინალში ნათიას თავს საჩუქარივით მიართმევენ ზუზუს. ასე, უბრალოდ, მიიყვანენ იპოდრომზე, გადასვამენ მანქანიდან გატკეპნილ მინდორზე და დაუტოვებენ ზუზუს, როგორც მითიურ მინოტავრს უტოვებდნენ ლამაზმანებს... ზუზუ თავისებური მინოტავრია, „მას ბევრი გოგო ჰყავს“ და ისეთივე პირუტყვის ფუნქციას ასრულებს, როგორიც ბუღას აქვს ფერმაზე ძროხების განასაყოფიერებლად. სამწუხაროდ უხეში, მაგრამ ზუსტი შედარებაა. ზაზა ბეჟაშვილის კინოპერსონაჟი არ იწვევს სიმპათიას. თანამედროვე ქართულ კინოში ის ტიპიურ ტუტუცს ანსახიერებს...

„ამ ფილმმა მოკლა ქართული კინო“
(ჭირისუფალი: forum.ge)


ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ფრაზა ხშირად მსმენია. აგლაძის ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ არ მოუკლავს ქართული კინო. ქართული კინო მოვკალით ჩვენ, ქართველმა მაყურებელმა ჩვენი დიეტით და „დაბალკალორიული“, ანუ უგემოვნო ფსევდოსულიერი საზრდოს (ფილმების) მიღებით. გიგა აგლაძემ კი მხოლოდ საკონტროლო გასროლა გააკეთა. ასე რომ, აგლაძეს ნურაფერს დავსწამებთ. ისევ საკუთარ თავს და, მათ შორის, საკუთარ ტრადიციებს დავაბრალოთ. სამეგრელოში, სანამ მიცვალებულს გაასვენებენ და მიწას მიაბარებენ, ქელეხს მანამდე იხდიან ხოლმე... ზოგ სოფელში ეს ტრადიცია დღესაც შემორჩა. ამა თუ იმ ფილმის გაქირავებაც ასეთ ქელეხს ჰგავს. სანამ დაკრძალავენ, მანამდე მოილხენენ, გაიხსენებენ წარსულს, შეიძლება ერთი კვირის თავზეც არ დაკრძალონ; ნაბახუსევზე უამრავი სადღეგრძელო გაახსენდეთ და როცა მიხვდებიან, რომ დაუგვიანდათ მიცვალებულის გაცილება, როგორც იქნა მარხავენ. ქართული ფილმების გაქირავებაც ამ პრინციპით ხდება. მკვდრადშობილ ფილმს ატარებენ ეკრანიდან - ეკრანზე, რეკლამით იზიდავენ მაყურებელს ფართომასშტაბიან პანაშვიდზე 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 და 22:00 საათზე, შემდეგ კი დიდი ვაი-ვაგლახითა და გოდებით ასამარებენ. კინოკრიტიკოსები, როგორც წესი, მიწის ერთ მუჭას მივაყრით ხოლმე და წუთიერი დუმილისთვის კომპენსაციას ხმამაღალი რეცენზიების გამოქვეყნებით ვითხოვთ.


ამის შემდეგ შევთანხმდეთ, რომ ნეკროფილია, მიცვალებულისადმი ლტოლვა ცუდი და მავნე მოვლენაა. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მიცვალებულის ნახვაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ - ეს უკვე მარაზმია.


„არის ჰოლივუდი და ბოლივუდი, ჩვენ კი ნოლივუდი გვაქვს...“
(ექსპერტიზის დასკვნა მორგიდან: forum.ge)


რა კარგია, რომ საქართველოში კინოს გადაღების მოდა დაბრუნდა. რა ცუდია, რომ მოდაშია კინოს გადაღება, მიუხედავად იმისა, გესმის თუ არა რეჟისურა. იქნებ ამიტომ, მაყურებელი არცთუ უსაფუძვლოდ ახსენებს „ნოლივუდს“, ანუ ნულს, ნულოვან ზღვარს, რომელსაც უახლოვდებიან რეჟისორები მოდის შეგრძნებით, მაგრამ სტილის გარეშე. გიგა აგლაძის ოპუსს „გოგონა სლაიდიდან“ სტილი არ გააჩნია. თუმცა რეჟისორმა აქ ყველაფერს მოუყარა თავი, რაც კი მოდაშია. მათ შორის პერსონალიებს... მოდა წარმავალია - ეს ყველამ კარგად ვიცით. ალბათ, რეჟისორიც გაიგებს. მას ხომ ხშირად უწევს სამოდელო სააგენტო „სლაიდში“ მისვლა...


აგლაძის „კვაზიმოდა“ ეკრანებზე მოგზაურობს. მისი ოპუსი „გოგონა სლაიდიდან“ გარეგნულად ლამაზია, შინაგანად კი ცარიელი და უინტერესო. პრემიერის შემდეგ მაყურებელი იმასაც ამბობდა, რომ სიუჟეტი „თითიდან გამოწოვილია“ და „ყურით მოთრეული“. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. საინტერესოა, რას იტყვის რეჟისორი? მოახერხა თუ არა მაყურებლის მორჯულება? თუ „გოგონა სლაიდიდან“ უბრალოდ რეჟისორის ეგზიბიციონიზმია, რომელიც მიზნად ისახავდა მაყურებელში მაზოხისტური მიდრეკილების გამოვლენას?

Saturday, October 24, 2009

არ გამოტოვოთ!

2010 წელს კინომანებს უამრავი სიურპრიზი ელით. პირადად მე გახარებული ვარ, რადგან ამ ახალ, 2010 წელს ჰოლივუდი გვთავაზობს თვალწარმტაც სანახაობას; ჟანრულ მრავალფეროვნებას; ზღაპრულ და ფანტასმაგორიულ სამყაროში მოგზაურობას... ამასთან, ჰოლივუდი უბრუნდება მივიწყებულ კინოპერსონაჟებს, როგორიც არის მაქცია და ნინძა:) ყველაზე მეტად ამ ორის გამოჩენა მაინტერესებს, რადგან ჩემი ბავშვობის ორი ყველაზე საყვარელი კინოგმირია. ყველაფერი ახალი, კარგად მივიწყებული ძველიაო და 2010 წელი ამ გამოთქმას სავსებით ამართლებს. კიდევ ერთხელ გირჩევთ: კინომანებო - არ გამოტოვოთ!!! :)

P.S. ფილმების ეკრანზე გამოსვლის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ მათზე დაწერილ რეცენზიებს.

A Nightmare on Elm Street



Alice in Wonderland

Avatar

Daybreakers

Legion

Ninja Assassin

The Book Of Eli

The Wolfman

The Last Airbander