Wednesday, December 30, 2009

FACE-ების რეალური ფასები



გიგა ლორთქიფანიძე, მანანა ჩიქოვანი, ლადო ათანელი და კარუზოს ნოსტალგია


ცხადია, როცა კინოთეატრ „რუსთაველში“ გიგა ლორთქიფანიძის ახალი ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერაზე მივდიოდი, ვიცოდი, რომ კინოს მუზის მსახურსა და ოპერის ფანტომის - ლადო ათანელს შორის დაანონსებული შემოქმედებითი ქორწინება უკვე შედგა და ახლა უკვე მისი ნაყოფი უნდა შემეფასებინა. ის მაყურებელიც კი, რომელსაც გული ქვის ჰქონდა, ან კიდევ, ერთი შეხედვით, გულქვა და სკეპტიკოსი ჩანდა, ცრემლნარევი თვალებით უცქერდა ქართველი ბარიტონის ქაღალდის გულის ფლეთას.

გაცვეთილი ფრაზა მახსენდება - ქაღალდი ყველაფერს აიტანს. ფილმში ლადო ათანელის ქაღალდის ფაქტურის გულიც უამრავ ტკივილს იტანს. ათანელის გული „გაიცვითა“ იმ გრძნობების გამოხატვით, რომელსაც ესა თუ ის არია ავალდებულებს. თეატრალურ მისტიფიკაციებში დაკარგული მომღერალი საკუთარი თავის პოვნას ცდილობს და ისრაელში მიემგზავრება. ის, რასაც ისრაელში აღმოაჩენს, მისი აღსასრულის შესავალს უფრო ჰგავს. დიდი ხნის წინ დაკარგული საყვარელი ადამიანი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია პარიკისა და მაკიაჟის გამო (!), მომღერალს კატა-თაგვობანას ეთამაშება; საგრიმიოროში, სარკესთან მოკალათებულ მომღერალს უჩვენებს მის რეალურ სახეს და არსებულ სისუსტეებს; თვითგვემამდე მისული ათანელი საკუთარ თავს ტუშით სიმბოლურ ჯვარს ასვამს... ბანალურ მეტაფორას თანსდევს კადრსმიღმა ტექსტი - „ცოტაც გაუძელი, გულო! კიდევ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება...“

სწრაფი ფინალის იმედი მეც მამშვიდებდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმში ანაქრონიზმი და უზუსტობა ართულებდა დამნაშავის იდენტიფიცირების ამოცანას. აღმოჩნდა, რომ თეატრის პემატრონე მომღერლის ყოფილი მეუღლეა; ისიც გაირკვა, რომ თავად მიატოვა ათანელი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა... სულ დავიბენი! ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, რომელზეც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ცრუჩვენებებს იძლეოდნენ. ერთადერთი გამართლება, რომელიც ამ ანაქრონიზმს მოეძებნა - ლადო ათანელის რთული და აუტანელი ხასიათი იყო... უკომენტაროდ!

ლადო ათანელის საათნახევრიანი რეფლექსია თვითგვემაზე და ამაოებაზე გიგა ლორთქიფანიძემ სატელევიზიო ფილმის ჩარჩოებში მოაქცია და, ფაქტობრივად, ერთ გულახდილ ინტერვიუდ აქცია, რომელშიც რესპონდენტი საკუთარი გენიალურობისა თუ მერკანტილობის შესახებ თეატრალური პომპეზურობით მოგვითხრობს... ათანელის დიალოგი აუდიტორიასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც კამერულ სივრცეში მოთვინიერებულმა ბარიტონმა რეჟისორისა თუ საკუთარი სინდისის კარნახით ინტიმური ცხოვრების რეალური დეტალები გაგვანდო. ასეთი გულახდილობა რეჟისორის ჩანაფიქრს უნდა მივაწეროთ, რომელიც კეთილშობილი მიზნით ცდილობდა საზოგადოებაში გავრცელებული სოციალიზირებული მოსაზრების გაბათილებას. ფრაზა, - „რამ მოგაყვანინა შენზე ამდენი წლით უმცროსი ქალი ცოლად?! როგორ არ გრცხვენია?! შენ ხომ შენ მეგობართან ერთად გამოიყვანე ის სამშობიაროდან...“ - პირწმინდა თავისმართლებას ჰგავდა. და ვინ ადანაშაულებს ლადო ათანელს? ჩვენ, ქართველი მაყურებელი? ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყანაში, რომელშიც საკადრო პედოფილია და პოლიტიკური პროსტიტუცია ყვავის, დიდ მომღერალს სიყვარულზე ასაკობრივ ცენზს უწესებდეს ვინმე!

მომღერლის ინტიმურ დეტალებში ჩაღრმავება ჩვენი „პროფილი“ არ არის (ყველამ თავისი მიმართულებით ქექოს დედააზრი). მე უფრო ის მაინტერესებს, შევძლებ თუ არა იმ სანახაობისათვის შესაფერისი დეფინიციისა თუ სახელის მოძებნას, რომელსაც ზოგმა ფილმის პრემიერა უწოდა, მე კი, როგორც კინომცოდნე, ამის უფლებას ჯერაც ვერ ვაძლევ საკუთარ თავს... „ქაღალდის გული“ თავსატეხს მიქმნის. ვერდის, პუჩინის, დონიცეტის, რაჰმანინოვისა და მოცარტის ოპერებიდან გაჟღერებული არიები ვერ ფარავენ ფილმში ათანელის ყველაზე ხმამაღალ არიას - ნარცისის პარტიას, რომელიც თვითტკბობის პრინციპით აისახა და გაჯდა ფილმის თითოეულ კადრში. ისრაელში ჩასულ დიდ მომღერალს საგრიმიოროს კედლებზე საკუთარი პორტრეტები ხვდება. ათანელი აღტაცებული ათვალიერებს ფერწერულ ტილოებსა და ფოტოსურათებს. ჩანს, გაკვირვებულია იმით, რომ ამ კურთხეულ მიწაზეც აღიარებენ მის გენიას... დაუფარავი გაკვირვებით ეკითხება თეატრის მეპატრონეს „კი მაგრამ, ეს ფოტოსურათები აქ საიდან?“. ზუსტად არ ვიცი, ალბათ, „ფოტოსამყაროს“ უნდა ვუმადლოდეთ შპალიერად ქცეული ნატიფი ხელოვნების გამოჩენას, ან ქალბატონის უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც თანდათან იკვეთება სატელევიზიო ფილმში.

ფილმში „ქაღალდის გული“ გიგა ლორთქიფანიძის სიყვარულიც გამოიკვეთა. მეტწილად 50-იანი წლების ფილმებისადმი და, კიდევ უფრო მეტად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საოპერო ხელოვნებისადმი. გიგა ლორთქიფანიძეს უყვარს ენრიკო კარუზო (ან კიდევ ფილმი „კარუზო“, მარიო ლანცას მონაწილეობით). მას იმდენად უყვარს ლადო ათანელიც, რომ მისი სახით ფილმში კარუზოს პერსონიფიცირებას ახდენს. ლეგენდის თანახმად, კარუზო სცენაზე ლეონკავალოს „ჯამბაზების“ ერთ-ერთი არიის შესრულების დროს გარდაიცვალა. ლორთქიფანიძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოჩენილი ხალხის ცხოვრება მითი უფროა, ვიდრე ისტორია, ამიტომ ლადო ათანელიც სცენაზე კვდება (ლეონკავალოს „ჯამბაზების“ შესრულების დროს). პარალელების გამოძებნის დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კარუზო პლევრიტისგან გარდაიცვალა, ლადო ათანელი კი ფილმში გულს უჩივის. სამედიცინო ენციკლოპედიაში ვკითხულობთ - „...გულმკერდში და გულის არეში ტკივილს შეიძლება იწვევდეს გულის ნევროზი; ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს პლევრიტი და სხვა.“... უკომენტაროდ!

ლორთქიფანიძეს უნდა ახსოვდეს, რომ ფილმი „კარუზო“ კარუზოს ქვრივის მოგონებების მიხედვით გადაიღეს. გიგა ლორთქიფანიძემ კი „ქაღალდის გული“ ლადო ათანელის მეუღლის, მანანა ჩიქოვანის მოგონებებზე დაყრდნობით გადაიღო. ის, რაც მანანა ჩიქოვანს შესაძლოა დაევიწყებინა, აღბეჭდილია სამოყვარულო ვიდეოკამერაზე. არაფრისმთქმელი კადრები მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ ლადო ათანელი, მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი, მსოფლიოში ბევრს მგზავრობს, ყველგან ნამყოფია, ყველგან იცნობენ, უყვართ და ავტოგრაფებს ართმევენ. ერთი სიტყვით, „ჰომ ვიდეო“, რომელსაც იყენებს გიგა ლორთქიფანიძე ფილმის ფუნდამენტად, არ გამოდგება ლადო ათანელის მყარი და სრული პორტრეტის შესაქმნელად. ესოდენ მწირი რესურსით იქმნება ათანელის აწმყოს, წარსულისა და მომავლის ბუნდოვანი სურათი. რუსები ამბობენ - გრაფომანი მშვენიერებაზე ისე წერს, როგორც შეუძლია და ნიჭიერი ადამიანი კი მშვენივრად წერს ნებისმიერ საგანზე თუ მოვლენაზეო... უნიჭობა უსაფრთხოა თუ მას არ მიმართავ. ეს ცნება აქსიომატური უნდა იყოს რეჟისორისთვის, მომღერლისთვის, ნებისმიერი ხელოვანისათვის, რომელიც საზოგადოებასთან დიალოგს მართავს და უკუკავშირზე ფიქრობს. ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერის შემდეგ უკუკავშირი არ დამინახავს; აპლოდისმენტები არ გამიგია! კინოთეატრიდან გულდაწყვეტილი გამოვდიოდი. ფილმის პრემიერას წინ უძღოდა ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის დაარსება. კარგია, როცა მომღერალი აფუძნებს ფონდს სახელწოდებით „თანადგომა“, მაგრამ ცუდია, როცა ამასობაში ხვდები, რომ თანადგომა სწორედ მას სჭირდებოდა... ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - უდაოდ კარგი ბარიტონის, ლადო ათანელის Face-ის რეალურ ფასს ოპერაში შესრულებული არიებით შეიცნობთ და არა გიგა ლორთქიფანიძის ფილმით „ქაღალდის გული“... უკვე მერამდენედ - უკომენტაროდ!


Friday, December 25, 2009

კვაზიმოდა


სახეები და სახელები აგლაძის ესთეტურ სლაიდში

მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს!“ - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე, კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.

სიმართლე ითქვას, ნაგავზეც შეიძლება იყოს მოთხოვნა. მით უფრო თუ არტეფაქტის სახით ამის უამრავი მაგალითი გვაქვს და ამ ხელობის უამრავი მიმდევარი გვყავს. ნაგავზე ფასიც შესაბამისი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნასა და ღირებულების აღქმას ის სამომხმარებლო ბაზარი უნდა არეგულირებდეს, რომელიც გიგა აგლაძის შემოქმედების მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ მომეჩვენა. რეჟისორის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი შემოქმედების უსაფუძვლო ლანძღვა მიმაჩნია მიზანშეწონილი. სწორი იქნება თუ ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ მაყურებლის კომენტარზე დაყრდნობით გავარჩევთ და ასე მაინც დავიცავთ ნეიტრალიტეტს, ობიექტურობას, რომელსაც, როგორც წესი, მოითხოვენ ჩვენგან რეჟისორები.


მინდა
:
რამე მაგარი რა...
ძარღვიანი... ნაღვლიანი…
სევდიანი...
გულიანი...
ცეცხლსასროლი...
დარდიანი...
რეალური...
კარდინალური...

რადიკალურ-სოციალური!

(მომთხოვნი: forum.ge)


მეგობრებო, ასეთ ფორმულას ქართულ კინოში არავინ იყენებს. ამ ხატოვანი სიტყვების კარნახით არავინ ქმნის ფილმებს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვათა წყობა „სოციალური დაკვეთა“ ცუდ ასოციაციას ტოვებს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობად აღიქმება. არც გიგა აგლაძემ შეასრულა სოციალური დაკვეთა. სამაგიეროდ მისი ფილმი „გოგონა სლაიდიდან“ ასპროცენტიანი პლეისმენთია და ამა თუ იმ ბრენდთან კომერციულად გათვლილი გარიგება. ამის წყალობით აგლაძემ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო ფილმი გადაიღო, რომელშიც სამოდელო სააგენტო „სლაიდის“ (სხვათა შორის, გიგა აგლაძის მეუღლის სამოდელო სააგენტო) გოგონები კონკრეტული მარკის მანქანის პრეზენტაციას აწყობენ; ავტოავარიის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებთ რომელ სადაზღვევო კომპანიაში უნდა დააზღვიოთ მანქანა; რომელმა დიზაინერმა უნდა ჩაგაცვათ იმისათვის, რომ საზოგადოების ნაღებისა და ელიტარულობის კონტექსტიდან არ ამოვარდეთ; გაიგებთ, რომელ ფოტოგრაფთან უნდა გაიაროთ ფოტოსესია და კიდევ უამრავ ყოფით დეტალებსა და რეკლამას მოჰკრავთ თვალს. ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ რეჟისორმა საათნახევრიან ჩარჩოში მოაქცია ის ინფორმაცია, რომელსაც „ყვითელი ფურცლები“ სქელტანიანი გამოცემებით გვთავაზობს.


სად არის აქ კინოს ადგილი? რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე. სად მთავრდება კინო? სამწუხაროდ იქვე. საათნახევრის განმავლობაში კინოეკრანზე 24 კინოკადრის ნაცვლად მხოლოდ იმ სუბლიმინალურ ხერხსა და 25 კადრს ვხედავთ, რომელიც მაყურებლის ცნობიერებაზე ძალადობას ახდენს და ქვეცნობიერში რეკლამისადმი მადის აღძვრას ემსახურება. გიგა აგლაძეში კლიპურმა ცნობიერებამ სძლია კინემატოგრაფიულს. ”გოგონა სლაიდიდან” მართლაც კლიპს გაგონებს, რომელშიც გემოვნებიანი კოსტიუმები და მაკიაჟი რეჟისურის ნაკლს ფარავს. ამ უსახურ ფილმში ყველას თავისი სახე (და სახელი) აქვს. ზურა ყიფშიძე, ნანუკა ხაზარაძე, კრისტი ყიფშიძე, ნათია მაქაცარია, მერაბ სანოძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ჯიჯი რეჯინი და სხვა მრავალი ფილმში საკუთარ თავს ანსახიერებენ, რის გამოც ხშირია იმის განცდა, რომ კინოეკრანზე ჟურნალი „სახე(ლ)ები“-ს ეკრანიზაციას გვთავაზობენ. ჟურნალის ეკრანიზაციის შესახებ თუ გსმენიათ რამე? არც მე და არც იმ მაყურებელს, რომლის (და)უკმაყოფილება აისბერგს ჰგავს (რაც ზედაპირზე ჩანს, ორი იმდენი სიღმეში იმალება) და რომელსაც აგლაძის გემი „გოგონა სლაიდიდან“, გაბარიტებით - 90 60 90 უკვე შეეჯახა!


„ტუტსი“ თუ ტუტუცი?
(მკითხავი: forum.ge)

ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ გადაღების დროს ხშირი იყო „ტუტსი“-ზე აპელირება. ხშირად იმასაც ახსენებდნენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ზაზა ბეჟაშვილი რაღაცით ჰგავს დასტინ ჰოფმანს. მოდით, მსგავსებას არ შევეხოთ, თორემ სხვაობის გარჩევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება როგორც ზაზა ბეჟაშვილისთვის, ისე „სლაიდის“ რეჟისორისთვისაც. „ტუტსი“, ალბათ, ის ორიენტირი უნდა ყოფილიყო, რომლის მიხედვით გადაიღებდნენ კომედიურ მელოდრამას, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ფილმის ქართულ რიმეიქს. კეთილშობილი მიზანია, ცუდს ვერაფერს იტყვი. მთავარი კი მაინც ის არის თუ რა რესურსით აპირებდნენ ამ მიზნის მიღწევას. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მწირი რესურსით - რამდენიმე მოდელი და ზაზა ბეჟაშვილი, რომელიც „რაღაცით“ ჰგავს დასტინ ჰოფმანს, ქმნიან ფილმის საფუძველსა და მერყევ საყრდენს...


„ტუტსის“ შინაარსი კარგად მახსოვს. არაჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, კარგი დინამიკა, სამსახიობო დასი და რეჟისურა. დასტინ ჰოფმანი მსახიობია, რომელიც კასტინგებზე მარცხს განიცდის და იმედგაცრუებული წყვეტს კინობიზნესში სხვა გზით შეღწევას. ზაზა ბეჟაშვილი იგივე ნაბიჯს დგამს ოღონდ მოდელი გოგოს გულში შესაღწევად. ამისათვის კინოპერსონაჟი ზუზუ ქალის ტანსაცმელსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ირგებს, მაგრამ ამ კლოუნადის უკან მამაკაცი მაინც იოლი ამოსაცნობია. მაინც რით ვერ მოხიბლა ზუზუმ ნათია ახვლედიანი, ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი მოდელი, რომელიც შეთავსებით არქიტექტორიც ყოფილა? ზუზუ ინკოგნიტო მას ძვირადღირებულ კაბებსა და ყელსაბამს უგზავნის, მთელ თბილისს აჭრელებს ნათიას ბილბორდებით, უამრავ ფულს ხარჯავს მოდელის გულის მოსაგებად... ზუზუმ ნათიას ყურადღება მიიპყრო, სიმპათია კი ვერ დაიმსახურა. რატომ? ოდესმე თუ შეგხვედრიათ ადამიანი, ვისთვისაც რაოდენობა ხარისხის სინონიმია? თუ გინახავთ ადამიანი, რომელიც მორთმეულ შოკოლადს მისი ღირებულების აღმნიშვნელ ჩეკსაც თან აყოლებს (ალბათ იმისათვის, რომ უფრო ტკბილად მიირთვათ)? ზუზუ ორიგინალურობით არ გამოირჩევა. მეტიც, ფილმის პოსტერზე ცალსახად ამოიკითხავთ მის დახასიათებას - „
ზუზუს ბევრი ფული აქვს და ბევრი გოგო ჰყავს, მაგრამ იმ ერთადერთმა მას ყველაფერი შეუცვალა!.. რაა?! ძალიან სასაცილო კომედია.”

ეს უკანასკნელი ფრაზა ფილმს გვიხასიათებს, როგორც რომანტიკულ კინოკომედიას. მნიშვნელოვანია, რომ „სლაიდში“ ჩანან მიშა ანდღულაძე და ვასო ფხაკაძე იუმორინას შესაშური Hi-კლასის ხუმრობით. იმედია, ამ კრიტიკული რემარკით თავს არ ავატკიებთ, თორემ, ვეჭვობ, ისევ ანალგინის გარეშე იქნებიან... გამოსავალი მხოლოდ ერთი აქვთ - აუტკიებელ თავს ნუ აიტკიებენ. კინოში „კამედი შოუს“ სკეტჩებით ნუ გვაკვირვებენ; გიგა აგლაძის ფილმს ერთ დიდ კინოანეკდოტად ნუ აქცევენ!


რაც შეეხება გიგა აგლაძეს, რეჟისორმა სარეკლამო ფილმში „გოგონა სლაიდიდან“ მოდების სამჭედლო აღბეჭდა. ეს ის სივრცეა და მაჭანკლობის ინსტიტუტი, რომელშიც მდიდარი მამაკაცებისათვის ლამაზ საცოლეებს „ჭედავენ“. ნებისმიერ ქვეყანაში სამოდელო ბიზნესი
მდიდარ და ფულიან მამაკაცებს ლამაზი გოგონების ექსპორტს სთავაზობს. აგლაძის სამაჭანკლო „სლაიდი“ ნაწილობრივ ამ სტერეოტიპის დამსხვრევასა და უკუგდებას ცდილობს, როდესაც ლამაზმანი ნათია მდიდარ ზუზუს არ იკარებს, საჩუქრებს კი სიამოვნებით იღებს... რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს დამკვიდრებული სტერეოტიპის მსხვრევას. მოდელებს უყვართ ლამაზი ტანსაცმელი, ძვირადღირებული სამკაულები და ღამის კლუბებში თეთრად გათენებული ღამეები. უკვე მერამდენედ მებადება კითხვა - მაშინ ვის რაში სჭირდებოდა ეს კლოუნადა? მით უმეტეს, რომ ფილმის ფინალში ნათიას თავს საჩუქარივით მიართმევენ ზუზუს. ასე, უბრალოდ, მიიყვანენ იპოდრომზე, გადასვამენ მანქანიდან გატკეპნილ მინდორზე და დაუტოვებენ ზუზუს, როგორც მითიურ მინოტავრს უტოვებდნენ ლამაზმანებს... ზუზუ თავისებური მინოტავრია, „მას ბევრი გოგო ჰყავს“ და ისეთივე პირუტყვის ფუნქციას ასრულებს, როგორიც ბუღას აქვს ფერმაზე ძროხების განასაყოფიერებლად. სამწუხაროდ უხეში, მაგრამ ზუსტი შედარებაა. ზაზა ბეჟაშვილის კინოპერსონაჟი არ იწვევს სიმპათიას. თანამედროვე ქართულ კინოში ის ტიპიურ ტუტუცს ანსახიერებს...

„ამ ფილმმა მოკლა ქართული კინო“
(ჭირისუფალი: forum.ge)


ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ფრაზა ხშირად მსმენია. აგლაძის ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ არ მოუკლავს ქართული კინო. ქართული კინო მოვკალით ჩვენ, ქართველმა მაყურებელმა ჩვენი დიეტით და „დაბალკალორიული“, ანუ უგემოვნო ფსევდოსულიერი საზრდოს (ფილმების) მიღებით. გიგა აგლაძემ კი მხოლოდ საკონტროლო გასროლა გააკეთა. ასე რომ, აგლაძეს ნურაფერს დავსწამებთ. ისევ საკუთარ თავს და, მათ შორის, საკუთარ ტრადიციებს დავაბრალოთ. სამეგრელოში, სანამ მიცვალებულს გაასვენებენ და მიწას მიაბარებენ, ქელეხს მანამდე იხდიან ხოლმე... ზოგ სოფელში ეს ტრადიცია დღესაც შემორჩა. ამა თუ იმ ფილმის გაქირავებაც ასეთ ქელეხს ჰგავს. სანამ დაკრძალავენ, მანამდე მოილხენენ, გაიხსენებენ წარსულს, შეიძლება ერთი კვირის თავზეც არ დაკრძალონ; ნაბახუსევზე უამრავი სადღეგრძელო გაახსენდეთ და როცა მიხვდებიან, რომ დაუგვიანდათ მიცვალებულის გაცილება, როგორც იქნა მარხავენ. ქართული ფილმების გაქირავებაც ამ პრინციპით ხდება. მკვდრადშობილ ფილმს ატარებენ ეკრანიდან - ეკრანზე, რეკლამით იზიდავენ მაყურებელს ფართომასშტაბიან პანაშვიდზე 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 და 22:00 საათზე, შემდეგ კი დიდი ვაი-ვაგლახითა და გოდებით ასამარებენ. კინოკრიტიკოსები, როგორც წესი, მიწის ერთ მუჭას მივაყრით ხოლმე და წუთიერი დუმილისთვის კომპენსაციას ხმამაღალი რეცენზიების გამოქვეყნებით ვითხოვთ.


ამის შემდეგ შევთანხმდეთ, რომ ნეკროფილია, მიცვალებულისადმი ლტოლვა ცუდი და მავნე მოვლენაა. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მიცვალებულის ნახვაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ - ეს უკვე მარაზმია.


„არის ჰოლივუდი და ბოლივუდი, ჩვენ კი ნოლივუდი გვაქვს...“
(ექსპერტიზის დასკვნა მორგიდან: forum.ge)


რა კარგია, რომ საქართველოში კინოს გადაღების მოდა დაბრუნდა. რა ცუდია, რომ მოდაშია კინოს გადაღება, მიუხედავად იმისა, გესმის თუ არა რეჟისურა. იქნებ ამიტომ, მაყურებელი არცთუ უსაფუძვლოდ ახსენებს „ნოლივუდს“, ანუ ნულს, ნულოვან ზღვარს, რომელსაც უახლოვდებიან რეჟისორები მოდის შეგრძნებით, მაგრამ სტილის გარეშე. გიგა აგლაძის ოპუსს „გოგონა სლაიდიდან“ სტილი არ გააჩნია. თუმცა რეჟისორმა აქ ყველაფერს მოუყარა თავი, რაც კი მოდაშია. მათ შორის პერსონალიებს... მოდა წარმავალია - ეს ყველამ კარგად ვიცით. ალბათ, რეჟისორიც გაიგებს. მას ხომ ხშირად უწევს სამოდელო სააგენტო „სლაიდში“ მისვლა...


აგლაძის „კვაზიმოდა“ ეკრანებზე მოგზაურობს. მისი ოპუსი „გოგონა სლაიდიდან“ გარეგნულად ლამაზია, შინაგანად კი ცარიელი და უინტერესო. პრემიერის შემდეგ მაყურებელი იმასაც ამბობდა, რომ სიუჟეტი „თითიდან გამოწოვილია“ და „ყურით მოთრეული“. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. საინტერესოა, რას იტყვის რეჟისორი? მოახერხა თუ არა მაყურებლის მორჯულება? თუ „გოგონა სლაიდიდან“ უბრალოდ რეჟისორის ეგზიბიციონიზმია, რომელიც მიზნად ისახავდა მაყურებელში მაზოხისტური მიდრეკილების გამოვლენას?

Saturday, October 24, 2009

არ გამოტოვოთ!

2010 წელს კინომანებს უამრავი სიურპრიზი ელით. პირადად მე გახარებული ვარ, რადგან ამ ახალ, 2010 წელს ჰოლივუდი გვთავაზობს თვალწარმტაც სანახაობას; ჟანრულ მრავალფეროვნებას; ზღაპრულ და ფანტასმაგორიულ სამყაროში მოგზაურობას... ამასთან, ჰოლივუდი უბრუნდება მივიწყებულ კინოპერსონაჟებს, როგორიც არის მაქცია და ნინძა:) ყველაზე მეტად ამ ორის გამოჩენა მაინტერესებს, რადგან ჩემი ბავშვობის ორი ყველაზე საყვარელი კინოგმირია. ყველაფერი ახალი, კარგად მივიწყებული ძველიაო და 2010 წელი ამ გამოთქმას სავსებით ამართლებს. კიდევ ერთხელ გირჩევთ: კინომანებო - არ გამოტოვოთ!!! :)

P.S. ფილმების ეკრანზე გამოსვლის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ მათზე დაწერილ რეცენზიებს.

A Nightmare on Elm Street



Alice in Wonderland

Avatar

Daybreakers

Legion

Ninja Assassin

The Book Of Eli

The Wolfman

The Last Airbander

Thursday, October 22, 2009

შენი შესა-ფერი-სი ფილმები


გეთანხმებით, სათაური მეც "ზაუმნი" მგონია, მაგრამ ის ზუსტად შეესაბამება და ზუსტად გადმოსცემს წინამდებარე ტექსტის შინაარს :) გთავაზობთ ჩენს კინორესურსებს, რომლებსაც რეგულარულად ვიყენებ ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად, ახალი ფილმების შესახებ საინტერესო სტატიებისა და რეცენზიების წაკითხვის მიზნით. ვიცი, ახალ თაობას ინგლისური რესურსები გირჩევნიათ, მაგრამ იქნებ ამასაც გადახედოთ და თქვენი შესა-ფერი-სი ინფორმაცია მოიძიოთ :) ამ ვებ-გვერდებზე მართლაც რომ ყველა ფერის და ყველა კინომანის შესაფერისი ინფორმაცია ქვეყნდება...



  1. http://www.cinecon.com/

  2. http://www.movie.ru/ (დეტალები, ფაქტები)

  3. http://www.cinema-sites.com/ (ყველაფერი ერთად და ყველა ფერი ერთად :))

  4. http://www.profifilm.ru/

  5. http://www.filmfestivals.com/ (ინფორმაცია სხვადასხვა კინოფესტივალზე)

  6. http://www.film.ru/ (რეცენზიები, რეპორტაჟები და სხვა მრავალი საინტერესო ინფორმაცია)

  7. http://www.berlinale.de/ (ბერლინალეს ოფიციალური ვებ-გვერდი)

  8. http://www.kinomania.ru/ (კინომანთა საყვარელი რესურსი)

  9. http://www.filmcenter.ge/ (საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდი)

  10. http://www.geocinema.ge/ (ქართული კინო)

  11. http://www.cinema.com/ (უამრავი ინფორმაცია ევროპულ და ამერიკულ კინოზე)

  12. http://www.kinoizm.ru/ (შეიძლება გაუქმებული იყოს:)

  13. http://www.festival-cannes.org/ (კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური ვებ-გვერდი)

  14. http://www.arthouse.ru/ (დამოუკიდებელი კინოს შესახებ)

  15. http://www.thehollywoodreporter.com/ (პროფესიონალების აზრი კინოწარმოებისა შესახებ / რეცენზიები)

  16. http://www.kinoart.ru/ (ჟურნალი “Искусство кино”-ს ოფიციალური ვებ-გვერდი)

  17. http://www.europeanfilmfestival.com/ (ყველაფერი ევროპული კინოს შესახებ)

  18. http://www.museikino.ru/ (ჟურნალი “Музей кино”-ს ოფიციალური ვებ-გვერდი)

  19. http://www.darkhorizons.com/ (ფოტო, კინოკადრები, ინტერვიუ, რელიზები, ტრეილერები და სხვა)

  20. http://www.cinema.vrn.ru/

  21. http://www.jurassicpunk.com/

  22. http://www.kinoart.cjb.net/ (ქართული კინოს შესახებ)

  23. http://www.kinopoisk.ru/ (კინოენციკლოპედია)

  24. http://www.filmz.ru/ (ისეთი ვერ არის, როგორც ფილმ რუ, მაგრამ ცუდი არ არის:)

  25. http://www.kino.orc.ru/

  26. http://www.kinoexpert.ru/ (ნაწილბრივ ამართლებს დასახელებას)

  27. http://www.obozrevatel.com/ (რეცენზიები და თანაც საკმაოდ კარგი)

  28. http://www.kinox.ru/ (ეს საძიებო ვებ-გვერდია)

  29. http://www.kinokritika.ru/ (ნუ, ამაზე რა შემიძლია კიდევ ვთქვა:) - კინოკრიტიკა - კინოკრიტიკაა)

  30. http://www.unikino.ru/

  31. http://www.kinomag.ru/

  32. http://www.cinematika.ru/

  33. http://www.kinogid.ru/

  34. http://www.kinobar.ru/

  35. http://www.interkino.ru/

  36. http://www.themes.ru/

  37. http://www.drugoe-kino.ru/ (ე.წ. დამოუკიდებელი კინოწარმოების შესახებ)

  38. http://kinoarhiv.net/

  39. http://www.allmovie.com/

  40. http://www.artcon.ru/

  41. http://www.kinokadr.ru/

  42. http://www.cinema.rin.ru/

  43. http://www.kinobusines.ru/ (ფილმების რეიტინგი და სალაროს მონაცემები)

  44. http://www.vertov.ru/ (დოკუმენტური კინოს შესახებ)

  45. http://www.zvkino.ru/

  46. www.world-art.ru/cinema

  47. http://www.gay.ru/ (ჰმ:) არატრადიციული ორიენტაციის კინორეჟისორების შესახებ აქ უამრავი ინფორმაციაა. თუმცა ამ ვებ-გვერდს სხვა მიზნითაც სტუმრობენ:)))

  48. http://www.cinema.gothic.ru/

  49. http://www.dneykino.ru/

  50. http://www.mirabilia.ru/

  51. http://www.ewca.ru/

  52. http://www.ifilm.com/

  53. http://www.ctb.ru/

  54. http://www.filmgate.by.ru/

  55. http://www.cinecon.ru/

  56. http://www.cinema.unicode.kz/

  57. http://www.kino.vrn.ru/

  58. http://www.kinocult.com/

  59. http://www.master-tape.ru/

  60. http://www.qub.com/

  61. http://www.movieweb.com/

  62. http://www.kinoman.com.ua/

  63. http://www.okno.km.ru/

  64. http://www.ruskino.ru/

  65. http://www.vgik-edu.ru/ (ВГИК-ის ოფიციალური ვებ-გვერდი)

  66. http://www.film.com/

  67. http://www.mega-km.ru/

  68. http://www.filmforce.ign.com/

  69. http://www.estart.ru/

  70. http://www.aint-it-cool.com/ (აქ, მახსოვს, რაღაც საინტერესო ინფორმაციები ქვეყნდებოდა)

  71. http://www.km.ru/ (ინფორმაცია)

  72. http://www.imdb.com/ (ნუ, ეს ყველა კინომანმა იცის:)

  73. http://www.tvkultura.ru/ (ტელეარხი Культура)

  74. http://www.interkino.ru/

  75. http://www.multikino.com/

  76. http://www.kinoweb.ru/

  77. http://www.all-film-posters.com/ (მგონი გაუგებარი არ უნდა იყოს:)
მოკლედ, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ამ საიტებზე არ შევსულვარ:( დღეიდან ისევ ვაპირებ მათ მონახულებას, იქნებ რამე კარგ ინფორმაციას გამოვკრა თვალი (და მათ შორის ხელიც).

Friday, April 17, 2009

ტარანტინიზმი


სტუდია ”მირამაქსისთვის” ისეთივე თილისმად ვიქეცი, როგორიც მიკი მაუსი იყო დისნეისთვის...”, - ხშირად უმეორებს ჟურნალისტებს ქვენთინ ტარანტინო. არ ცრუობს! მანამდე ტარანტინოს შემოქმედებითი ქორწინება ჰქონდა ”თრაი სთართან”, მაგრამ ეს კავშირი ფიქტიური აღმოჩნდა და მათ გაყრაში მოსამართლეობა ქვეყნის პირველმა პირმა - ბილ ქლინთონმა ითავა. მაშინ არც ამერიკის ე.წ. ზნეობრივი ლიგა აქტიურობდა და არც 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტების ეშინოდა ვინმეს; სხვათა შორის, პოლიტიკურ ჰორიზონტზე არც მონიკა ლევინსკის ფაქტორი მოჩანდა და ქლინთონიც თამამად ალაპარაკდა ჰოლივუდის ”სოციალურ პასუხისმგებლობაზე”... ტარანტინოს Pulp Fiction-ს კი სწორედ პასუხისმგებლობა აკლდა. სიმართლე ითქვას, პასუხისმგებლობა ისეთი მორალურ-ზნეობრივი იმპერატივია, რომელიც არასოდეს ახასიათებდა და არ ახასიათებს ტარანტინოს და ამის წყალობით ის ყოველთვის იდეოლოგიის მიღმა იმყოფება. რეპუტაციის თვალსაზრისით, იგი ”წმინდა” რეჟისორია.


სანამ ტარანტინო მეტამორფოზას განიცდიდა და მიკი-მაუსად იქცეოდა, იყო უიღბლო ბიჭუნა, არასახარბიელო ფიზიონომიითა და გაურკვეველი პერსპექტივით. ”სოციალურ პასუხისმგებლობას” კი მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როდესაც დოლფ ლუნდგრენის გადასაღებ მოედანზე მისი ძაღლების მოსაქმებულს კრეფდა, ცელოფნის პაკეტში ახვევდა და ნაგვის ურნისკენ ეზიდებოდა... იმასაც ამბობენ, რომ 1992 წელს ”ცოფიანი ძაღლების” გადაღების იდეა სწორედ ამ დროს გაუჩნდა. ”ცოფიანი ძაღლების” გადაღებას წინ უძღოდა რამდენიმე ფილმის სცენარის გაყიდვა - ერთი ტონი სკოტმა, მეორე კი ოლივერ სთოუნმა შეიძინა. ამ უკანასკნელმა ტარანტინოს ”მკვლელებად დაბადებულნი” სწორედ იმ იდეოლოგიის პრიზმაში გატარებით გადაიღო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებდა სცენარი. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, როგორი იქნებოდა ”მკვლელებად დაბადებულნის” ტარანტინოსეული ვერსია. იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ტარანტინომ შვილობილი უარყო და სტოუნს ტიტრებში სცენარისტების სიიდან ამოშლა კატეგორიულად მოთხოვა.

სტოუნისგან განსხვავებით, ტარანტინოსგან თითქმის წარმოუდგენელია მას-მედიის პასუხისმგებლობისა და კოლექტიური ფსიქოზის თემაზე დიდაქტიკური ხასიათის რეფლექსიები (”მკვლელებად დაბადებულნი”). Pulp Fiction ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. თუ სტოუნის შინაგანი კონსტიტუცია და მოქალაქეობრივი პოზიცია მეტ-ნაკლებად ჩანს მის შემოქმედებაში, ტარანტინო არასოდეს ახდენდა თავისი მრწამსის დეკლარირებას და ეკრანზე მეტწილად ფაქტის კონსტატაციას ახდენს. ტარანტინოს რეჟისორული პოზიცია უფრო მკვლევარის პრინციპებს ეყრდნობა, ვიდრე ხელოვანისათვის ჩვეულ მისიონერობას. მკვლევარის, რომელიც, რეფლექსებს იკვლევს და ნაკლებად ცდილობს მაყურებელზე თავისი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მორგებას. მკვლევარის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა დიქტატურა - ტარანტინოც არავის ახვევს თავის იდეებს, ამ შემთხვევაში ის მაყურებლის რეაქციას იკვლევს, რომელიც არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი და ცალსახა.

ტარანტინომ Pulp Fiction-ში უამრავ კინოვარსკვლავს მოუყარა თავი: უმა თურმანი, ჯონ ტრავოლტა, ბრუს უილისი, სემუელ ლ. ჯექსონი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი მსახიობები სცენარის წაკითხვისთანავე დათანხმდნენ ფილმში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, ტარანტინოს ხედვა იმდენად ახლებური იყო არა მხოლოდ მსახიობებისათვის, არამედ ზოგადად კინოხელოვნებისათვის, რომ ახალბედა რეჟისორი იმთავითვე აკურთხეს რევოლუციონერად. თუმცა ტარანტინოს ესთეტიკა გაცილებით ახლოს იმყოფება ევოლუციურ პროცესებთან, ვიდრე რევოლუციურთან - ლარს ფონ ტრიერისგან განსხვავებით ტარანტინოს არ მოუხდენია რაიმე მნიშვნელოვანი მანიფესტის დეკლარირება.

თუმცა ქვენთინ ტარანტინო არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა და, როგორც ყველა კულტს, მიმდევრები მასაც ჰყავს. ინგლისში, სადაც ტელევიზიაზე მკაცრი ცენზურა ვრცელდება, ”ცოფიანი ძაღლებისა” და Pulp Fiction-ის ”გაფილტრულ” ვერსიას უჩვენებდნენ. ცხადია, ამ ფაქტს ტარანტინო თვითირონიით გამოეხმაურა, - ”სად ნახეს ჩემს ფილმებში სისხლი?! ეს ხომ მხოლოდ ტომატის პასტაა...” სწორედ ტარანტინოს ფაქტორს უნდა უმადლოდენ გაი რიჩის ფენომენის აღმოჩენასა და ახალგაზრდული ინგლისური კინოს გამოჯანსაღების პროცესის დაწყებას. მართალია გაი რიჩი ყოველთვის დისტანცირებას ახდენდა ტარანტინოსგან, მაგრამ ხელწერის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ყოველთვის კალიგრაფიული სიზუსტით ბაძავდა ორიგინალს. ტარანტინოს ფანებისთვის კი იმის თქმაც კმარა, რომ გაი რიჩისგან განსხვავებით ტარანტინო არასოდეს მეორდება.იმავე Pulp Fiction-ის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ (”პალმის ოქროს რტო” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1994 წ. და ”ოსკარი საუკეთესო სცენარისათვის” 1995 წ.) ბევრს საუბრობდნენ მის კონფორმიზმზე, დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, მაგრამ მას თვითმყოფადობა არც ლაურეატობის დროს დაუკარგავს და, მით უმეტეს, არც კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობისას. მეტიც, 1995 წელს ტარანტინომ თითქმის მოლიერისეული ექსცენტრიკითა და შავი იუმორით გაჯერებული ”ოთხი ოთახი” გადაიღო. ფილმის ნოველისტური წყობა, ექსპრესია და საინტერესო მონტაჟი და, რაც მთავარია, ყოფითსა და შეთხზულ სამყაროს ზღვარზე წარმოქმნილი შავი იუმორი ტარანტინოს რევანშისტულ სულისკვეთებაზე მიანიშნებდა.

”ჯეკი ბრაუნით” იმედგაცრუებული მაყურებელი, მათ შორის კინოკრიტიკოსები ტარანტინოს შემოქმედებით კრიზისზე ალაპარაკდნენ... კრიზისი 6 წელი გრძელდებოდა. ამის გათვალისწინებით ”მოკალი ბილის” გამოჩენა უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა; ან კიდევ იმ შენელებული მოქმედების ნაღმს, რომლის ნამსხვრევებმაც უმალ გამოაფხიზლა საზოგადოება. ტარანტინო ექსპერიმენტატორია - Pulp Fiction-იდან მოყოლებული და დღემდე იგი საუბრობდა მკვლელის ფენომენზე, მის გარემოზე. საუბრობდა ამერიკელებზე და ამერიკაზე. თუ ფილმში Pulp Fiction სემუელ ლ. ჯექსონის კინოპერსონაჟი ბიბლიის ციტირებას ახდენს, ”მოკალი ბილში” უმა თურმანი ლამის კონფუციანიზმის მიმდევარია და სამურაის წეს-ჩვეულებას იცავს. ლაპარაკია იმაზე, რომ ტარანტინოს ფილოსოფიურ წიაღსვლებში ყველაზე ნაკლებად იჩენს თავს მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი. ორივე შემთხვევაში, სემუელ ლ. ჯექსონიც და უმა თურმანიც ჰუმანიზმის ფილოსოფიას ეზიარებიან როგორც სტილს და არა ჭეშმარიტებას. ”არა კაცთ კლა” - ექოდ გასდევს Pulp Fiction-ს, მაგრამ სემუელ ლ. ჯექსონის, ჯონ ტრავოლტას და ბრუს ვილისის კინოპერსონაჟები გარემოებათა ”მსხვერპლნი” არიან და ქრისტიანული ცნებას არქაული პრინციპი ”კბილი კბილის წილ” ცვლის. ბიბლიის ციტატებით თამაში შავი იუმორის ფონზე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ტარანტინოსთვის ბიბლია წმინდა წყლის ლიტერატურული წყაროა, რომელსაც მოკრძალების გარეშე მიმართავს. ასეთივე ირონიულობით აშარჟებს ტარანტინო ”მოკალი ბილში” სამურაის კოდექსს...

”მოკალი ბილი” ტარანტინოს გამოცდილების აკუმულაციას ახდენს. აქ ყველაფერია, რასაც თავის დროზე ეზიარა ვიდეო-მაღაზიაში მუშაობის დროს თვითნასწავლი რეჟისორი: შავი იუმორი, რევერანსი აღმოსავლური ორთაბრძოლებისა და კინოს მისამართით (მათ შორის, თურმანის ყვითელი ფერის სპორტული კოსტიუმი, რომელსაც აღმერთებდა ბრუს ლი), მასკულტურისა და მაკულატურის ჰიბრიდი, ეკლექტიკა (სამურაის ხმლები + ესპანური მუსიკა) და ალბათ პირველად ზედაპირზე და არა ზედაპირულად ჩანს ქვეტექსტი - ”მოკალი ბილი” ღრმად ფემინისტური ფილმია, რომელშიც ტარანტინომ თავისი მუზა, უმა თურმანი ფალიკური სიმბოლო-ატრიბუტიკით (სამურაის ხმლით) აღჭურვა. ტარანტინოს კულტის ფემინიზაცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ძლიერ ქალზე აქცენტს ის თავის ბოლო, სიმართლე ითქვას წარუმატებელ ფილმში Grindhose. Death Proof-შიც აკეთებს. საინტერესო მიგნებები აქაც უხვად გვხვდება, მაგრამ ძირითადად ეს მაინც სტილიზებული პასაჟებია.

სამწუხაროდ, Grindhose. Death Proof ”მოკალი ბილის” მარკეტინგული ბედიც გაიზიარა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ წინა ფილმის ორ ნაწილად დაყოფამ ეკრანზე ორი სრულიად განსხვავებული ფილმი მოავლინა, Grindhose-ის შემთხვევაში კი ხელოვნური ხერხით მიღებული სიამის ტყუპების დაყოფა მივიღეთ...

Tarantino 4ever - ალბათ ყველაზე ბანალური ფრაზაა და ამასთანავე მისი შემოქმედების ყველაზე ობიექტური დეფინიცია, რომელიც მოკლედ და კონკრეტულად ახდენს იდეის დეკლარირებას - ტარანტინო მუდამ და ყველასათვის. არცაა გასაკვირი, რომ Pulp Fiction-ის შემდეგ, რომელიც ტარანტინოს ფანებმა ლამის ბიბლიის რანგში აიყვანეს, რეჟისორი ერთსა და იმავე დროს იქცა ჰოლივუდის მთავარ კულტად და საკულტო რეჟისორად. ღმერთი - ღმერთია, მუდამ და ყველასათვის, მაგრამ ტარანტინოს ბოლოდროინდელმა კინომოძღვრებამ ნიჰილიზმის ტალღა გამოიწვია. ”მოკალი ბილის” შემდეგ ბევრს საუბრობდნენ მის რეაბილიტაციაზე, მაგრამ Grindhose-ის ეკრანებზე გამოჩენამ ნაწილობრივ გაანელა ეს პათოსი. ტარანტინომ ერთხელ აღნიშნა, - Кубрик снимал, когда ему это было важно. ჩანს, ნიჭიერი ადამიანისთვის ეს აქსიომად უნდა იქცეს. მით უფრო, რომ ტარანტინო არასოდეს ყოფილა რაოდენობაზე ორიენტირებული რეჟისორი.

სუსტი რგოლი




ქართული კინო ქართული ხელოვნების ყველაზე სუსტი რგოლია?

თავის დროზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დილის გადაცემაში ჩემი სიუჟეტი გავიდა, რომელშიც გამოკითხულ მაყურებელთა 100% უპასუხოდ ტოვებს კითხვას – რომელი ახალი ქართული ფილმი ახსოვთ..? ვფიქრობ, ეს სიმპტომატურია არა მარტო რეჟისორისთვის. ფილმწარმოება იგივეა, რაც სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება, რომელიც მეტნაკლებად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნილებას. ამ აქსიომას ჩვენში ჯიუტად ეწინააღმდეგებიან, თუმცა საწინააღმდეგოს ვერაფერს უპირისპირებენ, რადგან მასობრივი ხელოვნებისადმი ასეთი პრაგმატული მიდგომა ზოგადად გადარჩენის წინაპირობაა.



ასეთ ვითარებაში კრიტიკოსისთვის ძალზედ რთულია ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც ზუსტად ასახავდა ვითარებას და ამავდროულად არ შეურაცხყოფდა რეჟისორს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. შესაძლებელია უწოდო რეჟისორს კალიგრაფი და დასძინო, რომ სკურპულოზურად შესრულებულ ნაღვაწს აკლია დახვეწილობა; შესაძლოა რეჟისორს მიულოცო ფილმის პრემიერა, მაგრამ გაანეიტრალო პათოსი დეფინიციით, რომ ფილმი ერთჯერად ხასიათს ატარებს... ამის დასტურია იმ აუდიტორიის გულწრფელობა, რომელიც რეჟისორისთვის თეთრი ხელთათმანის გაწნის ტოლფასი უნდა იყოს. შესაძლოა ასეთია რეალობა – ახალგაზრდები არ იცნობენ თანამედროვე ქართულ კინოს, რომელიც არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას.


როგორც მაყურებელი ამ სამწუხარო ტენდენციას მხოლოდ მატერიალურ–ტექნიკურ სიდუხჭირეს ვუკავშირებ, როგორც კინოკრიტიკოსი უფრო მეტს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ხელოვნება, განსაკუთრებით კი კინო ნამდვილად არ ყვავის, მაგრამ პოზიტიური შედეგი მაინც სახეზეა. მით უმეტეს, რომ ნდობადაკარგული პოლიტიკოსების ფონზე ერის მორალურ–ზნეობრივ სახედ ისევ ხელოვანი გვევლინება. ეს წარსულის გამოძახილია, როდესაც ქვეყნის სინდისის დანიშნულებას ასრულებდნენ მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და, რა თქმა უნდა, მსახიობები. ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზეც, რომ უწინ დრამატურგია ფაქტობრივად ლიტურგიის როლს ასრულებდა. ვფიქრობ, დღეს ხელოვნება წამგებიან პოზიციაშია იმისდა გამო, რომ უღალატა თავის სინდისს და არ შეასრულა თავის დროზე სოციალური დაკვეთა.


მსგავსი სოციალური დაკვეთის აღსრულება გაცილებით არგუმენტირებულია მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმი ყალიბდება. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩვენი მეზობლის პროგნოზი. ასეთი გარემო კი ან ინდივიდის რეპრესიას იწვევს, ან პირიქით, პროტესტის ნიშნად მას შემოქმედებისკენ უბიძგებს. მაგალითად, სერგო ფარაჯანოვმა კოლაჟების შექმნა საპყრობილეში დაიწყო; მასში ვერ ჩაკლეს იმ თავისუფლებისადმი (შემოქმედებისადმი) ლტოლვა, რომელიც ადამიანს ექსპლუატაციურ ყოფაში ღმერთმა უანდერძა და ხელოსნიდან ხელოვანამდე გაზრდის საშუალება მისცა. ამჯერად პირიქით მოხდა. 90–იან წლებში, პოსტტრამვატულ სივრცეში ვერ მოხერხდა ხელოვანთა რეაბილიტაცია, რასაც აფერხებდა სოციალურ–ეკონომიკური ფონი. ამან თავისთავად გამოიწვია ამავე ფონის გაუცნობიერებელი ვუალირება იმ რეჟისორების მხრიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯეროდათ შევარდნაძის კეთილი ნების. სწორედ ამიტომ თანამედროვე ქართულმა კინომ მტკივნეულად გაიარა „მომწიფების“გზა ისტერიიდან – მისტერიამდე, რაც მხოლოდ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ კინო შეგნებულად გაურბოდა ეკრანზე რეალობის ასახვას.


სამწუხაროდ, არ შედგა ე.წ. მამებისა და შვილების დაპირისპირებაც. არანაკლებ დამთრგუნველია ხოლმე ახალგაზრდა რეჟისორის თითქმის ნეკრორეალისტური ხედვა, რომელიც აპრიორი კლავს მასში სიცოცხლეს და რაც მთავარია მუზას. სტუდენტური ფილმების ფესტივალებზე პრიზებს ძირითადად ისეთ ფილმებს ანიჭებენ, რომელზეც ჟიურის ესა თუ ის წევრი პირდაპირ აცხადებს, ამაზე უკეთესი ვერაფერი ვნახეთო. დამეთანხმეთ, სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს სიტყვა „უკეთესი“. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ახალგაზრდები სამშობლოში თავს ხან დაუფასებლად, ხან კიდევ მიტოვებულად გრძნობენ. ამ მიზეზით მოხდა ინტელექტუალური პოტენციალის საზღვარგარეთ გადინება.


ორი ასეთი „პერებეჟნიკი“ – გელა ბაბლუანი და ვანო ბურდული საქართველოს ფარგლებს გარეთ იცავენ როგორც საქართველოს იმიჯს, ისე მემკვიდრეობით გადმოცემულ უფრო მიწიერ სიმდიდრეს – გვარის პრესტიჟს.


სიმართლე ითქვას, მათ ფილმებს ანატომიური პრინციპით ვაფასებ – რაღაც ნაწილი მომწონს, რაღაც – არა. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ორივე ფილმი ჯანსაღ კრიტიკას უძლებს; მაყურებელს უჩნდება მისი ხელმეორედ ნახვის სურვილი, რაც უდაოდ წარმატების წინაპირობაა; და რაც მთავარია, ორივე ფილმში იგრძნობა სოციალური რეალიზმის დაკანონება.


„13“ – იღბლიანი უიღბლო


ბაბლუანის „13“ ყოველგვარი ცრურწმენის მიღმა დგას. უიღბლო რიცხვმა მას ორჯერ მეტი აღიარება და საერთაშორისო პრიზი მოუპოვა. მეტიც, როგორც პრესა ახმაურებს, მისი შემოქმედებით ბრედ პიტიც დაინტერესდა. ჰოლივუდის ასეთი ცნობადი კერპის დაინტერესება ლოგიკურია (სურეალისტური „მებრძოლთა კლუბი“), მაგრამ სავარაუდოდ ზედაპირული, რადგან დაინტერესება ალბათ ამ ორ ფილმს შორის ბუნდოვანმა მსგავსებამ და ადრენალინის სიჭარბებ გამოიწვია. პრესაზე დაყრდნობით, ამერიკელებმა ბაბლუანს რიმეიქის გადაღებაც კი შესთავაზეს... მოკლედ, ბაბლუანის „13“ – ქართული სიტყვა, ინგლისური ტრანსკრიპტი, სახეშეცვლილი რუსული „რულეტკა“ და საერთაშორისო ცრურწმენის სიმბოლო რეჟისორის კოსმოპოლიტურ ხედვაზე მიანიშნებს. თუმცა რეჟისორი თავის შემოქმედებას მაინც ქართულ კინოს მიაკუთვნებს. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაბლუანი თავის შემოქმედებას ვიწრო ნაციონალური, ან ლოკალური მნიშვნელობით განსაზღვრავს, მაგრამ ეს უფრო კეთილი ნების ჟესტია, ვიდრე ქართული კინოხელოვნების წიაღში დაბრუნების სურვილი. ეს უფრო მეტად დღევანდელი კინოსადმი სოლიდარობას ჰგავს, ან ნამცეცობას, რომელსაც სიმბოლურად ესწრება ხოლმე საქართველო ბაბლუანის მორიგი გამარჯვების დროს. ასეთივე სიამაყე განვიცადეთ „სან–სებასტიანში“ დიტო ცინცაძის გამარჯვების შემდგომ და ასე ამაყად ვგრნობთ თავს ყოველი გამარჯვების შემდეგ, რომელსაც მოიპოვებს ხოლმე საზღვარგარეთ ქართველი კინორეჟისორი. სხვათა შორის, ორივე რეჟისორი, ახალი და ძველი თაობის კინემატოგრაფისტიც თითქოს ადასტურებენ არქაულ დოქტრინას – ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. გარდა ამისა, ბაბლუანის ყოფიერება განსაზღვრავს მის არეალს: სოციალური ფონი, ინფლაცია, მიგრაცია და სხვა უამრავი დეტალი, რომელსაც, როგორც აღვნიშნე, ანატომიური პრინციპით ვაფასებ.



მომწონს „13“–ში გათამაშებული და თავის მანერზე გადათამაშებული რუსული „რულეტკა“, რომელმაც მის ხელში მეტამორფოზა განიცადა და ერთსა და იმავე დროს იქცა როგორც თვითმკვლელების, ისე პოტენციური მკვლელების წრედ. მართლაც, ბაბლუანთან „რულეტკა“ ორმაგ დატვირთავს იძენს – ერთმანეთისგან ტყვიის მიღების შესაძლებლობას არავინ გამორიცხავს, მაგრამ თამაშის თანახმად ყველა მოთამაშე ერთი–მეორის კეფას უმიზნებს... „რულეტკის“ მსგავსი ინტერპრეტაცია არსად შემხვედრია. ამ ურღვევ წრეში ადამიანი პარალელურად მსხვერპლიც არის და მკვლელიც. აქ მოთამაშე მხოლოდ თავის თავზე აღარ აგებს პასუხ, ის უკვე სხვის სიცოცხლესაც ხელჰყოფს. ეს უკვე ფილოსოფიაა, რომელიც გათვითცნობიერებულ მაყურებელს ერიხ ფრომის „მგლისა და ვაცის“ ურთიერთდამოკიდებულებას გაახსენებს.


მეტიც, ერთ–ერთი გადაცემის სახელწოდება რომ გავიხსენოთ, ბაბლუანის ფილოსოფია ძალიან ჰგავს „ფულოსოფიას“, რომელშიც ადამიანს კონკრეტულ ღირებულებას ადებენ. ფულის გამო მართლაც მოკლავ, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე იგივეს ლამობს. ამას თვითგადარჩენის ინსტინქტს უწოდებენ და მორალს არ ეწინააღმდეგება.


უცნაურია, მაგრამ წრის შეკუმშვის შედეგად, თვითმკვლელები ნელ–ნელა დუელანტები ხდებიან. ამ საბედისწერო თამაშის მონაწილეები თავის ბედს უკვე პირდაპირ თვალებში შესცქერიან. ერთის თვალებში შიში, მეორის კი ინდიფერენტულობა იკითხება.


ბაბლუანის „13“–ში ისევე, როგორც ცინცაძის ფილმში „გასროლის შიში“ ადამიანის დესტრუქციული არსი მეტ–ნაკლებად ჩანს. ევროპულ სივრცეში კი ეს შექსპირის მისამართით გაცემული რევერანსია, რადგან არახალია, რომ შექსპირის შემოქმედებაში ზემოაღნიშნულ პათოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გარდა ამისა, „13“–ში ეთიკა ისეთივე პირობითია, როგორც შექსპირთან. ასეთ შემთხვევაში აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეთიკა ესთეტიკის სამსხვერპლოზეა დადებული, რაც შექსპირისთვის, მისი ეპოქის გათვალისწინებით, ჩვეული მოვლენაა. ევროპელი მაყურებელი არ იცვლება – პურიტანულ საზოგადოებაში შექსპირი კი არ იყო გულქვა და სადისტი, არამედ საზოგადოების მოთხოვნილება მუდამ იყო „პური და სანახაობა“, რომელიც ერთ ნიშნულზე უნდა დაბალანსებულიყო. ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი ბაბლუანი ამ მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებს.


ამ ორომტრიალში რეჟისორის მორალურ–ზნეობრივი იმპერატივები ნაკლებად ჩანს. ბაბლუანიც „რულეტკას“ თამაშობს და შესაძლოა ვიღაცამ ის ამორალურ პირად შერაცხოს, მაგრამ მისთვის მორალი საკმაოდ პირობითი ცნებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბაბლუანთან მიზანიც ვიღაცის თვალთახედვის წერტილია. ზნეობრივი ლიგის წარმომადგენელი რომ ვიყო, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებდი, მაგრამ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც ბაბლუანის გმირი და შესანიშნავად მესმის, რომ ბუნებაში ძლიერისა და სუსტის კლასიფიცირების წესის თანახმად ამ მარათონში ფინიშამდე მხოლოდ ყველაზე ძლიერი მიაღწევს...


აი, აქ კი უკვე ბაბლუანი შეგნებულად ცრუობს. ადვილი ამოსაცნობია, რომ რეჟისორი ცრურწმენის კანონზომიერებას არ უღალატებს და „13“ რიცხვით აღნიშნული მოთამაშე თითქმის მარიონეტულ მდგომარეობაშია. ლაბირინთის გავლის შემდეგ ბაბლუანი ჟანრის ჩარჩოებს არ დაარღვევს (?) და მარიონეტს გაწირავს. ვფიქრობ, ეს არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. განსაკუთრებით ჩემთვის. მე კი სიურპრიზები და მოულოდნელობა მიყვარს, როგორიც ჩვევია კენ ლოუჩს, განსაკუთრებით ფილმში „გამარჯობათ, მე მქვია ჯო“, რომელშიც პერსონაჟი აბსოლუტურად მოულოდნელად თავს იხრჩობს.


„13“–ში კი მოულოდნელობას გამორიცხავს თანმიმდევრული ორიენტირები – მარცხიანი რიცხვი (თავიდათავი), ძმასთან გამოსასალმებელი სატელეფონო საუბარი, მოგებული თანხის ფოსტით გადაგზავნა და დუელში მოკლული მეტოქის ძმასთან მატარებელში საბედისწერო შეხვედრა. ბაბლუანის ალტერ–ეგოს ქცევა სიმპტომატურია და გარდაუვალ ფინალზე მიგანიშნებს. ბაბლუანი უმცროსი ისეთივე რეალისტია, როგორიც მისი მამა. მამა–შვილი ჰეფი–ენდზე პრინციპულ უარს აცხადებენ. ამასთანავე შვილი შავ–თეთრი კინოესთეტიკის ისეთივე ერთგული რჩება, როგორც მამამისი (თუმცა ასკეტური შავ–თეთრი გამოსახულება არ იწვევს სიღარიბის შეგრძნებას).


და ბოლოს, ფილმის გაწელილ სიუჟეტში საფრანგეთში დაბინავებული მიგრანტების ბედს რეჟისორი საკმაოდ მონოტონურად აღწერს მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ ძველ სარეკლამო ტიხარში სატელეფონო ჯიხურში ატუზული, შიშველ ფეხზე ძირგამოხეულ სანდლებში შემოსილი ბიჭის სახე–ხატი უცხოეთში მიგრანტების ყოფის მაქსიმალურად ამომწურავ და ლაკონურ სურათს ქმნის. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის და ეს თავისთავად უნდა გაითვალისწინოს ბაბლუანმა, მაგრამ სხვა ქართველი რეჟისორების ფონზე მას მნიშვნელოვანი უპირატესობა მაინც აქვს – როგორც ჩანს, რეჟისორმა ინტრიგის შექმნა იცის; ამასთანავე ქმნის სიუჟეტს, რომელიც ნაკლებად ჰგავს თითიდან გამოწოვილ ისტორიას. „ფულოსოფია“ ხომ თითოეული ჩვენთაგანის ფილოსოფიაა...


„გრაფიტი“ – თავისუფლების კონტური


გელა ბაბლუანის „13“–ის შემდეგ არანაკლებ საინტერესოა ვანო ბურდულის ფილმის განხილვა, რომელიც რეჟისორმა ჰულიო კორტასარის მოთხრობის „ჯერ არ წაუშლიათ“ მიხედვით გადაიღო. თანამედროვე ქართული კინოსთვის ლიტერატურის ეკრანიზაცია საკმაოდ მტკივნეული თემაა. სხვადასხვა თაობის ამ ბოლოდროინდელ ფილმებზე დაკვირვების შედეგად ერთი სამწუხარო კანონზომიერება გამოიკვეთა, რომელიც ლიტერატურული ნაწარმოების საკმაოდ ზედაპირულ ეკრანიზაციაზე მიანიშნებს. მით უფრო, რომ კლასიკური ნაწარმოების ეკრანიზაციისას რეჟისორები ძირითად აქცენტს პათეტიკაზე აკეთებენ. თავის მხრივ ახალგაზრდა თაობა იშვიათად ინტერესდება თანამედროვე დრამატურგიით, რომელიც მათთვის ნაკლებად ავტორიტეტულია.




არ არის ავტორიტეტული თუნდაც იმ მიზეზით, რომ ერთიც და მეორეც, რეჟისორიც და დრამატურგიც აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილენი, ან თვითმხილველები იყვნენ, რაც ნაწილობრივ უინტერესოს ხდის მათ ურთიერთთანამშრომლობას. ასე ფიქრობს ის ნაწილი, რომელიც ფილმს მარტოოდენ საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით იღებს. ასეთი მიდგომა ლოგიკურია დოკუმენტალიზმში. რეალობის აღბეჭდვა და მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით რეალობასთან პარალელის გავლება რეჟისორისგან სხვადასხვა ოსტატობას მოითხოვს. მაგალითად, დოკუმენტალიზმით გატაცებული საშა ქორიძე ნაკლებად თავდაჯერებულია მხატვრულ კინოში, ხოლო მისი თანამედროვე გიორგი მასხარაშვილი სახელდახელოდ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სუსტ მხარეს ვერ ნიღბავს დოგმის სტილით. ვანო ბურდული კი კორტასარის მოთხრობის ეკრანიზაციის მეშვეობით ახერხებს დოკუმენტალიზმისა და მხატვრული კინოს სტილის გაერთიანებას. ეს მით უფრო უადვილდება, რომ ერთ–ერთ თავის ინტერვიუში მწერალი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბორხესისა და მისი ფანტასტიკური ნაწარმოები იმით განსხვავდება, რომ ბორხესის ნაღვაწი კაბინეტში დაწერილ მოთხრობას ჰგავს, მისი კი ქუჩაში... ასე რომ, ბურდულმა ფაქტობრივად რეალობას რეალობა მოარგო.


აქ იკვეთება ქართული და უცხოური კინოსკოლების შორის არსებითი სხვაობა. ამ უკანასკნელის უპირატესობა რეჟისურის ფუნდამენტალურ ცოდნაში ვლინდება. ბურდულმა კინემატოგრაფიული ნათლობა რუსეთში, ВГИК–ში მიიღო, რაც ფილმის თითოეულ კადრში იგრძნობა. ასეთივე სხვაობა იგრძნობა ბურდულსა და საქართველოში აღზრდილ კინორეჟისორებს შორის.


თბილისში ბურდულის „გრაფიტის“ პრემიერა სექტემბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ამიტომ ვფიქრობ ფილმზე მცირე კომენტარი რეჟისორსაც წაადგება. შინაგანი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვანო ბურდულმა გადაიღო თანამედროვე იგავი ხელოვნების ზნეობრიობასა და უზნეო ცენზურაზე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს შემოქმედისა და შემოქმედების უნიფიცირებას. კორტასარი, რომელიც მუდმივი სამოქალაქო ომის პირობებში ჩამოყალიბდა, ყველაზე უკეთ გრძნობდა ერის მაჯის ცემასა და ხელოვნებაზე პოლიტიკის დესტრუქციულ ზეგავლენას.


იქნებ ამიტომ, ვანო ბურდულის მიერ ეკრანიზირებული ნაწარმოები ზუსტად გადმოსცემს ხელოვანის ბედს პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდში. კითხვა – შეიძლება იყოს თუ არა ხელოვნება აპოლიტიკური? ლაიტმოტივად გაზდევს ბურდულის ფილმსაც. ფილმის გმირები პასუხს თითქოს სპონტანურად გასცემენ – შეიძლება, მაგრამ არ უნდა იყოს, რადგან ამ სოციო–კულტურულ წარმონაქმნს დიდი როლი აკისრია საზოგადოებრივი აზრის, ან ზოგადად დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში. მით უფრო, რომ, განვმეორდები, ჩვენში ერის სინდისის როლს ყოველთვის ასრულებდა ხელოვანი.


ბურდულის ფილმი განსაკუთრებულად აქტუალურად ჟღერს მას–მედიის შეზღუდვის ფონზე. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ადამიანს თვითგამოხატვის სხვა საშუალებისკენ უბიძგებს. „გრაფიტიში“ ცენზურის მარწუხებში მოყოლილი მწერალი თავისი პოზიციის გამოხატვას კედელზე ხატვით ცდილობს, ამავე ცენზურით დაშინებული მხატვარი გოგონა კი თავისუფალი აზროვნების ყოველგვარი მინიშნებას სპობს და კოცონზე წვავს თავის ნამუშევრებს... „მაგრამ აქედან ვერ წაშლი!“... ამიტომაც უწოდა კორტასარმა ნოველას „ჯერ არ წაუშლიათ“.


„გრაფიტი“ ფანტასმაგორიულ ქვეყანაში ვითარდება. მიუხედავად ამისა, ფილმის ტოტალიტარული მოდელის მორგება ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება. სამოქალაქო ომგამოვლილი ქართველი მაყურებელი ასოციაციებს ალბათ მტკივნეულად განიცდის, რადგან ბურდული მცირე ხნით აწმყოდან წარსულში გვაბრუნებს და ამ ქაოტური სურათის ხელახალი განცდა ნამდვილად არ იწვევს ნოსტალგიურ ტკბობას. ისე გგონია, თითქოს „გრაფიტი“ მატრიცაა, რომელშიც რეალური მოვლენების დეფიციტს ვირტუალური მოვლენები ავსებენ. ქართველი მსახიობები, გიო ნაკაშიძე და ნანკა კალატოზიშვილი მეამბოხე ხელოვანების როლს ასრულებენ. მათი გარჯა ხან კომიკურია, ხან კი დრამატული, რადგან ამხელა მექანიზირებულ სამყაროსთან ორი პატარა, მაგრამ დიდსულოვანი ადამიანის ჭიდილი ხან ღიმილს იწვევს და ხან ცრემლს.


ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას. ტოტალიტარული რეჟიმი ყოველთვის ქმნის კონტრკულტურას, რომლის მორჯულებას, ან მოსყიდვას თანმიმდევრულად ცდილობენ. ყველაზე აპრობირებული მედოთია ხელოვნების იმ სფეროს სუბსიდირება, რომელიც პრობლემას უქმნის ხელისუფლებას. ეს პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ ხელოვანი სპონსორის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა და არ გახდება მასზე ნარკომანივით დამოკიდებული... ახალგაზრდა კინორეჟისორები ამ გარიგებაში ნაკლებად მონაწილეობენ, თუმცა თავის დროზე დოკუმენტალისტების მიერ „კმარას“ იდეალიზირებამ საზოგადოება მათ ანგაჟირებაზე აალაპარაკა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე „ხელფასის“ მოლოდინით გადაღლილი ახალი თაობა ნამდვილად ვეღარ ქმნის კონტრკულტურას. მეამბოხე თაობა დროზე ადრე მორჯულდა, ხოლო სხვა რეჟისორებმა, იმავე ვანო ბურდულმა და გელა ბაბლუანმა, მოახერხეს პროტესტანტული ფესვების გადგმა სხვა, უფრო ნოყიერ ნიადაგზე. იქნებ ამიტომ მათი კრიტიკა უფრო ზედაპირულ ხასიათს ატარებს, რადგან ზოგადი ფონის გათვალისწინებით მათი შემოქმედებისადმი უფრო ლოიალური და მადლიერი უნდა იყო; იმ უბრალო მოტივით, რომ ორივე რეჟისორი, განსაკუთრებით ვანო ბურდული ქმნის სოციალური და კრიტიკული რეალიზმის მეტ–ნაკლებად ამომწურავ სურათს და მიაკუთვნის მას ქართულ კინემატოგრაფს.

Thursday, April 16, 2009

ნეკრორეალიზმი


მუზეუმიფიცირებული და ნარკომანიის თემით ინფიცირებული ქართული კინო


რამდენიმე დღის წინ ტელეეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას - შტატებში სცენარისტების გილდია გაიფიცა და ”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალი ჩაშლის საფრთხის წინაშე დგასო - გულგრილად ვისმენდი. ჰოლივუდი არც ეკონომიკაა და არც პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის კურსზე რომ იქონიოს გავლენა. არაფერი შეიცვლება. სულ რომ მთელი ჰოლივუდი გაიფიცოს, ქართული კინო ისეთი რეიტინგული მაინც ვერ გახდება, როგორიც ტელეკომანია ”კავკასია” გახდა ”იმედის” გაუქმების ხარჯზე... მეტიც, ქართული კინო სტიქიურ ცნებად რომ იქცეს, ასეც დარჩება ქარიშხალი ჭიქაში.


არც ერთი ახალი ქართული ფილმი არ ასახავს, ან არ ეხმაურება მსოფლიო კინოს ტენდენციებს - ჩვენ არც ტერორიზმის და არც გლობალური დათბობის თემა გვაწუხებს. თუმცა მსოფლიო კინოს სურდოს მიკრობივით მოდებული მიგრაციის თემა ქართულ კინოში ერთი დაცემინების შედეგად გამოწვეული ექოს სახით მაინც დაფიქსირდა (2006 წელს - ბაბლუანის ”13”). და ეს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის გადინება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. წინასაარჩევნო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოდან მილიონზე მეტი ქართველია წასული...

ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოში ნარკომანიის პანდემიის საშიშროების მიუხედავად, ნარკომანიის პრობლემას 2007 წლის მიწურულს მხოლოდ ერთი ფილმი მიეძღვნა - აჩიკო ქავთარაძის ”სუბორდინაცია”. არცაა გასაკვირი. სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევას რომ გადახედო, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ნარკომანიის შემოტევა ისეთივე მითია, როგორიც მარსიანელების თავდასხმა. თუმცა ნებისმიერი ჩვენთაგანის სადარბაზო სტატისტიკის დეპარტამენტის ავტონომიური განყოფილებაა - კიბე-კიბე დაგდებული გამოყენებული შპრიცები მართლაც რომ ნარკომანის მეირ განვლილი ხანმოკლე ცხოვრების მეტაფორულ გზას ასახავს...

ასე რომ, ქართულ კინოში სოციალური თუ კრიტიკული რეალიზმის არარსებობა თუ დაკნინება ისევდაისევ შევარდნაძის დროინდელ ქართულ კინოსთან გვაბრუნებს, როდესაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო არაფერი იქმნებოდა. და თუ იქმნებოდა, ფილმი იყო სრულიად არაადეკვატური იმ დროისა და სივრცის მიმართ, რომელშიც იზრდებოდა და ყალიბდებოდა რეჟისორი. შევარდნაძის დროინდელი კინო ნეკრორეალიზმს უფრო ჰგავდა. ოღონდ არა იმ მინიმალისტურ მხატვრულ მიმართულებას, რომელსაც 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა რუსეთში ევგენი იუფოტმა. არა, ნეკრორეალიზმს საქართველოში სხვა განმარტება აქვს - ეს არის მართლაც მკვდარი, არა მუმიფიცირებული, არამედ მუზეუმიფიცირებული დრო, რომელმაც დაკარგა აქტულაობა და დროსთან კავშირი; კინო იქცა სამუზეუმო ექსპონატად, რომელიც მხოლოდ მკვლევარებში აღძრავს ინტერესს. შესაბამისად, როდესაც ამ დროში ძალდატანებით გვაბრუნებენ, გვიჩნდება საფუძვლიანი პროტესტის შეგრძნება, რადგან ქვეყანაში თანამედროვეობის გამოძახილს მხოლოდ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა არ უნდა ტოვებდეს. მე მინდა მქონდეს ისეთი კინოწარმოება, რომლის პირობებშიც ”დავით აღმაშენებლის” გადაღება მართლაც შესაძლებელი იქნება.

სიმართლე ითქვას, ამ სტატიის წერისას კოტე ყუბანეიშვილი გამახსენდა. არა მარტო იმიტომ, რომ მაიაკოვსკის მსგავსად ყუბანეიშვილი ქართულ კულტურას სოციალური დაკვეთის შესრულებისკენ მოუწოდებდა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლობის” წინ გამართული მცირერიცხოვანი მიტინგის ფონზე კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ თავის დროზე კოტე ყუბანეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციასაც ასრულებდა - არ ცრუობდა, იყო მიუკერძოებელი და ”სახალხო” მთქმელი... ერთხელ მას სალოსიც კი ვუწოდე, რადგან ძველად მხოლოდ მათ და კიდევ მასხარებს შეეძლოთ სიმართლის პირში თქმა და ამისათვის მათ არავინ სჯიდა, რადგან გიჟებად მიიჩნევდნენ... ამაზე უკეთ დრამატურგმა სულიკო ჟღერნტმა თქვა, - ”აბსოლუტურ მონარქს ვერავინ ეტყვის მწარე სიმართლეს. ამიტომ შემოღებული იქნა მასხარას თანამდებობა (ოპოზიცია)... ” სამწუხაროდ, ასეთმა მასხარებმა პოლიტიკაში გადაინაცვლეს და დემაგოგებად იქცნენ. ხელოვნებას კი, მათ შორის კინოს მრავალი ნიჭიერი ადამიანი მოაკლდა...

თანამედროვე ქართული კინო ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტივითაა - მთავარია არა აქტუალური, არამედ პრიორიტეტული პროცესების ასახვა. შესაბამისად, ნარკომანიის პრობლემაზე, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ფილმს არავინ იღებს. აქტუალობას ქმნის ვითარება, პრიორიტეტს კი ადამიანი. შესაბამისად, ეს ყურადსაღებია იმ რეჟისორებისთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ რეალობის შეგრძნება. რამდენიმე წლის წინ ასეთი კატეგორიის ახალგაზრდა რეჟისორებში ჩემი ფავორიტიც მყავდა. და არა მარტო მე, ქართველი კინომცოდნეები ერთხმად აღიარებდნენ, რომ კინოდოკუმენტალისტი საშა ქორიძე ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციების მატარებელია და იგი ”შორს წავა”...


ქორიძე იმდენად შორს წავიდა, რომ აღარც ჩანს. შესაძლოა საშა ქორიძეც ტელეინდუსტრიის მძევლად იქცა და მასში კლიპურმა ცნობიერებამ სძლია კინემატოგრაფიულს. ასეა თუ ისე, ქორიძე ”შორს წავიდა”... ისევე, როგორც ქართული კინოს მამების თაობა - ოთარ იოსელიანი - საფრანგეთში, მიხეილ კობახიძე - ავსტრიაში, დიტო ცინცაძე - გერმანიაში. მოკლედ, შორს წავიდნენ და დაგვშორდნენ. ალეკო ცაბაძე ერთ-ერთი ქართველი რეჟისორია, რომელმაც 2007 წელს გადაღებული ფილმით ქართულ რეალობასთან და პოლიტიკურ რეალიებთან დაკავშირება სცადა. პროდიუსერების, არჩილ გელოვანის, ლევან კორინთელისა და გუკა რჩეულიშვილის პროდიუსირებით (ფილმის გადაღება ჯამში 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა) ალეკო ცაბაძემ გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ”რუსული სამკუთხედი”, რომელიც ქართულ-რუსული დაძაბული ურთიერთობის, ტერორისა და შანტაჟის ენით მოლაპარაკე დიპლომატიის ფონზე ნამდვილად მოვლენა იყო. ამჟამად უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი ”რუსული სამკუთხედი” ქართული კინოკრიტიკის ნაწილმა საკმაოდ გულგრილად მიიღო. გაისმა სხვადასხვა ბრალდებებიც - ქართულ რეალობას მოწყვეტილი, თეატრალური მანერიზმი და სხვა და სხვა. სიმართლე გითხრათ, მე ფილმს დადებითი რეცენზია მივუძღვენი. მომეწონა თუ არა ფილმი? არც ისე, მაგრამ როგორც კინოკრიტიკოსმა ვარჩიე შეფასებისას თანმიმდევრული და ადეკვატური ვყოფილიყავი. ”რუსული სამკუთხედი” მარკეტინგულად გათვლილი და რუსულ აუდიტორიაზე მეტ-ნაკლებად გათვლილი კინოპროექტია.


ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედის” მეორე, სამუშაო სახელწოდება იყო ”რუსული ენის მასწავლებელი”. შინაარსობრივად ფილმი საკმაოდ საინტერესოა: მოსკოვში პროფესიონალურად შესრულებულ მკვლელობებს მილიცია იძიებს. გამოძიებაში იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, კოლია მალცევი მონაწილეობს. მისი დახმარებით კრიმინალში ნელ-ნელა იკვეთება რუსი ჯარისკაცისა და ჩეჩენი პატრიოტის კვალი. ფილმში ერთ-ერთი შურისმაძიებელი წარსულში რუსული ენის მასწავლებელია. ასეთი წიაღსვლა დღესაც უამრავ კითხვასა და ასოციაციას ბადებს - რუსულ კულტურაზე და მის ენაზე შეყვარებული ადამიანი რუსული აგრესორული პოლიტიკისა და ანტიჩეჩნური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. შესაბამისად, სახელწოდებას - ”რუსული ენის მასწავლებელი”, ფონად მწარე ირონია გასდევს.

არანაკლებ საინტერესოა ფილმის ახლანდელი სათაური - ”რუსული სამკუთხედი”. ამ შემთხვევაში წინა პლანზე იწევს ის გეომეტრიული ურთიერთობა, რომელსაც ქმნის პოლიტიკური რეალობა: ქართველის, რუსისა და ჩეჩენის ურთიერთკავშირი. ფილმში ნახევრადქართველი ნიკალაი მალცევი ხანდახან ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომლის უკან დაუფარავად ჩანს ქართველი რეჟისორი ცაბაძე. მაგალითად, მალცევი ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე რატომღაც აფხაზეთის ომს ახსენებს... ჩანს, ალეკო ცაბაძემ მაინც დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც ნახევარტონში, მაგრამ ცალსახად დააფიქსირა მალცევის პოსტაფხაზური სინდრომი.ასე რომ, ფილმი ნამდვილად არ არის მოწყვეტილი ქართულ სინამდვილეს. პირიქით, ”რუსული სამკუთხედი”, მასში ღიად გაჟღერებულ ანტიმილიტარისტულ ნოტებთან პარალელურად აჟღერებს აფხაზური ომის თემასაც. და ეს იმ დროს, როდესაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში ზოგი ანტიქართულ განწყობასთან ერთად ღიად აფიქსირებს საქართველოს შიდა სეპარატისტული რეჟიმისადმი მხარდაჭერას და ცალსახად ითხოვს დუმისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. ასეთ ვითარებაში ქართულ ღვინოს მონატრებული რუსი მაყურებელი ცაბაძის ანტიმილიტარისტულ ფილმს ომსა და მშვიდობაზე ისე აღიქვამდა, როგორც ფილმსა და სადღეგრძელოს... სამწუხაროდ, ალეკო ცაბაძე ის ერთადერთი რეჟისორია, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ ქართულ კინოში რეალიზმის დამვკიდრება სცადა...

ამ მხრივ ლევან თუთბერიძის ”მოგზაურობა ყარაბაღში” არსებული რეალობის ერთადერთი გამოძახილი იყო. თუმცა მაინც სუსტი, რადგან გიორგი ახვლედიანის (აკა მორჩილაძის) ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი ასახავს 90-იანი წლების საქართველოს და მასში ნარკომანიის პრობლემას. საინტერესოა, რომ ლევან თუთბერიძის ”მოგზაურობა ყარაბაღში” და ახალგაზრდა რეჟისორის აჩიკო ქავთარაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ”სუბორდინაცია” ერთი-მეორეს ეხმაურება - ორივე ფილმი ეხება ნარკომანიის პრობლემას და ორივე ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი, მსახიობი ლევან დობორჯგინიძე ასრულებს.
”სუბორდინაციაში” კრიტიკოსებმაც და მაყურებელმაც ინგლისელი რეჟისორი, გაი რიჩის მისამართით გაცემული მრავალი რევერანსი ამოიკითხეს. მათ შორის მონტაჟისა და სტილისტური პასაჟების კუთხით. პირადად მე ”სუბორდინაციაში” არა მხოლოდ სტილისტური და ჟანრული აღრევა, არამედ რეალობისა და ფიქციის ”შედუღება” დავინახე. რეჟისორი ფილმს ისე იღებს, რომ ხანდახან ეჭვობ - ”სუბორდინაცია” მხატვრული ფილმია თუ დოკუმენტური, ან კიდევ ფსევდოდოკუმენტური, მაგრამ მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით. აქ ნარკოტიკს ისე უკეთებენ ერთმანეთს, როგორც რეალობაში - შელამაზების გარეშე, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი შპრიცებით, ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე. ნარკომანიით დაავადებული ადამიანის ფასეულობების დევალვაციაც საკმაოდ კარგად ჩანს და თავად პიროვნების თანმიმდევრული დეგრადაცია. შეიძლება ითქვას, აჩიკო ქავთარაძე აგრძელებს საზოგადოებასთან მამების თაობის მეირ (ნარკომანიის თემით ”ინფიცირებული” ფილმები: ლევან ზაქარეიშვილი ”ისინი”, ლევან ანჯაფარიძის ”ორმაგი სახე”) წამოწყებულ დიალოგს. მეტიც, თითქმის ნახევარი წლის წინ კინოთეატრ ”ამირანში” გამართულ პრემიერას ჯგუფური თერაპიის ფუნქცია უფრო ჰქონდა, ვიდრე კომერციული კინოსეანსის. თუმცა თბილისელი ნარკომანების ცხოვრების წეს-ჩვეულებების გამოჩენასთან ერთად კინოეკრანზე კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, რამაც ყველაზე მეტად დამაინტერესა და ამასთანავე დამაინტრიგა - ფილმში გამოჩნდა რეჟისორის თვითირონია და საკმაოდ დიდი ცინიზმი. ცინიზმი იყო თუნდაც რეჟისორის დაუფარავი პროვოკაცია, როდესაც ფილმის ერთ-ერთ კადრში ახალგაზრდა ბიჭები სუბუტექსს ”რეალურად” იკეთებენ... სწორედ ამ დროს გიჩნდება განცდა, რომ ქართულ კინოში რეალობასა და ფიქციას შორის ზღვარი წაიშალა...

ქავთარაძის ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ ანონიმური ნარკომანების თავშეყრას გაგონებს. ფილმში არ არის გმირი, რომელიც არ ეტანება ნარკოტიკს (სუბუტექსს). რეჟისორს ასეთი თეთრი ყვავი ერთი ჰყავს, მაგრამ ფინალში ისიც ირკვევა, რომ გმირისა და ანტიგმირის იმიჯს პერსონაჟი თეატრალური ნიღაბივით ირგებს. ერთი შეხედვით მარგინალი პიროვნება ყველა გოგონას სასურველი მამაკაცია, რადგან ”არ ეწევა, არ იკეთებს...” თუმცა აქ ქავთარაძის მესიჯიც საკმაოდ ცინიკურია - ფილმში ნარკორეალიზატორი, სიკვდილის ვაჭარი სწორედ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ბიჭუნაა... ანუ, ქავთარაძის მესიჯის პარაფრაზი რომ გავაკეთოთ, - ჩვენ წამალს ვიკეთებთ და ამას არ ვმალავთ. ჩვენ ყველა გვაკრიტიკებს... მაგრამ ის, ვინც არ იკეთებს და თავს გაწონებთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით - ბარიგაა! ახლა გვითხარით, რა უფრო უზნეოა? რა უფრო ამორალურია?

ალბათ ძნელია ქავთარაძის გზავნილს საზოგადოებისათვის ნასროლი თეთრი ხელთათმანი უწოდო... ქავთარაძე ხელთათმანს კი არა, მძიმეწონიან არგუმენტს ტყვიასავით ისვრის. სამწუხაროდ, ფილმის შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა. ”სუბორდინაციას” უგემოვნოდ შეთხზული ფილმი უწოდეს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის თაროზე შემოსადები. შესაძლოა, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ფილმი საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ ეს არ არის ნაივი, ეს უფრო გულწრფელობაა. ფილმს სტრუქტურაც ისეთი აქვს, რომ რეჟისორის სითამამე კანონისა და უკანონობის ზღვარზე დგას. სხვა დროს ფილმის ავტორი სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ფილმში გაშიშვლებული რეალობა დააინტერესებდა არა მარტო მაყურებელს, არამედ გენერალურ პროკურატურასაც. თუმცა, ვინ იცის, ქვეყანა, რომელშიც ფარული მიყურადება - ნივთმტკიცებულების სინონიმია, ქავთარაძის ”სუბორდინაცია” შეიძლება დანაშაულის გულახდილ აღიარებად მიიჩნიონ...


ასე რომ, ხანდახან გაურკვევლობასა და გაბუნდოვნებას - მხატვრული ფილმია თუ დოკუმენტური, ან კიდევ ფსევდოდოკუმენტური, მაგრამ მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით - თავიც კი უნდა აარიდო.

თანამედროვე ქართული კინო მართალია ნელ ტემპში, მაგრამ მაინც იზრდება. რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობრებმა დოკუმენტური ფილმების სტუდია დააარსეს - ”საქდოკი” და მათი პოტენციალის მქონე რეჟისორები დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქართულ დოკუმენტურ კინოში სოციალური თუ კრიტიკული რეალიზმის დაბრუნების პროცესში.

თუმცა უფრო რადიკალურად განწყობილ კინოკრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქართული კინო კი არ ვითარდება, არამედ გარდაიქმნება და პატარ-პატარა სტუდიების ხარჯზე ცდილობს თავის გატანას. შესაძლოა, კინოშიც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც გვქონდა 90-იან წლებში ქართულ თეატრში, როდესაც იმას წერდნენ, რომ სოკოებივით აღმოცენებული პატარ-პატარა თეატრები მაყურებელს ერთჯერად სანახაობას სთავაზობენ... რაც მთავარია, ქართველ მაყურებელში სულიერი საზრდოს და მისი მიღების მოთხოვნილება გაიზარდა... და როგორც კინოკრიტიკოსი, მადას არავის მოვუკლავ კრიტიკით. პირიქით, ამ წერილის მიზანიც სტიმულირებაა და არა კაპიტულაციისკენ მოწოდება.

დახუთული რეალობა


რატომ ვაქცევთ ეროვნულ კინოს იდეოლოგიის მარწუხებში?

ახლო წარსულ რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ერთი იდეით შეპყრობილი ქართული კინო და პოლიტიკა საერთო იდეალის ძიებაშია _ ორივეს სჭირდება გმირი. მით უმეტეს ანტიკავკასიური ისტერიის, ქართული ღვინის ემბარგოსა და ქართველების მასობრივი დეპორტაციების ფონზე. ჩიხში შესული ქვეყანა ვიღაცამ უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან და, როგორც წესი, კოლექტიური პასუხისმგებლობას შეუჩვეველ, ან ნაწილობრივ უპასუხისმგებლო ქართველ ხალხს ასეთი გმირი უკვე ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი.

თავად სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით ირგებდა გმირის იმიჯს და ხანდახან დემონსტრაციულად კი ახდენდა მის ექსპლუატაციას. ერთ-ერთ ტოკ-შოუში განაცხადა კიდეც, ოპოზიცია მებრძვის მე, მე კი ვებრძვი სიღარიბესო... თუმცა საზოგადოების ნაწილი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლებას მიაჩნდა. 7 ნოემბრის დარბევა აშკარად არ იწერება გმირობის და მით უმეტეს ტანჯული გმირის (მერძვიან მე, მე კი ვებრძვი სიღარიბეს) კონტექსტში და იქნებ ამიტომ სააკაშვილს გმირი მხოლოდ მერაბ სეფაშვილმა უწოდა სიმღერით, რომელსაც სულაც არ ემღერებოდა... გარდა ამისა, 2004 წლის არჩევნებიდან განსხვავებით ამჯერად სააკაშვილს მხოლოდ 50 პროცენტზე ოდნავ მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. რა თქმა უნდა, იმ 96 პროცენტთან შედარებით, რომელიც მან 2004 წელს მოიპოვა, 50 პროცენტი, უნდა ვაღიაროთ, არსებული კრიზისის ბარომეტრია...

ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს რატომღაც გახშირდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველის, დავით აღმაშენებლის ხსენება. გასაგებია, რომ დავით აღმაშენებელმა ქვეყანა სწორედ კრიზისიდან გამოიყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღმაშენებელზე მინიშნება მეტწილად სპეკულაციურ ხასიათს ატარებს, ვიდრე სამაგალითო. ჩანს, ხელისუფლებას სუფთა ჟანგბადივით სჭირდება ძლიერ ისტორიულ პირთან იდენტიფიცირება, რომელმაც გააერთიანა დაშლილი სამეფო, აღადგინა და ააყვავა ქვეყანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დავით აღმაშენებელი არის ის გმირი, რომელმაც უნდა მოახდინოს სააკაშვილის რეაბილიტაცია. აქ გასაკვირი არაფერია. ფაქტობრივად, ასეთი ”ასოციაციობანა” ისტორიაში ცნობილი ამა თუ იმ ტოტალიტარული რეჟიმის წამყვანი ტენდენცია იყო. რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ტენდენციები? პირველ რიგში ეს არის გრანდიოზულობის მანია, რომელსაც კაცობრიობის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ამჟღავნდებდა ჰიტლერი, სტალინი და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილი. ამ პარალელმა არ უნდა შეგვაშინოს, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის დიქტატორთან თუ ტირანთან გაიგივება არ არის სტატიის თვითმიზანი. მიზანი სულ სხვაა - სააკაშვილის ისტორიულ ნოსტალგიას, ამავე ისტორიისადმი პათოლოგიურ ლტოლვას მოვფინოთ ნათელი. პათოლოგიური კი იმიტომ, რომ პრეზიდენტის დევალვირებული იმიჯის გამყარება ხანდახან დიად წარსულზე, ან ისტორიულ პირზე აპელირებით ხდება, რაც თავისთავად პარაზიტობაა და სხვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ჰგავს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი გასაგები ხდება, რომ სააკაშვილს, რომელიც 2004 წელს პრეზიდენტად მოსახლეობის 96 პროცენტმა აირჩია და 2008 წელს კი 50 პროცენტზე ოდნავ მეტმა, მართლაც დასჭირდება ისეთ ძლიერ ისტორიულ პირთან იდენტიფიცირება, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი. ამიტომ თითქმის ორი წლის წინ დაბადებულ იდეას - გადაიღონ ეპიკური ჟანრის ფილმი დავით აღმაშენებელზე - მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მიესალმება და კინემატოგრაფისტებს დახმარებას აღუთქვამს.

პრეზიდენტის დაპირება დიდ მოტივაციას ქმნის, მაგრამ დავით აღმაშენებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კანონიკური ფიგურაა. შესაბამისად, თემა იმდენად ფაქიზია, რამდენადაც სახიფათო - ქართული ეკლესიის მიერ წმიდანათ შერაცხული მეფის შესახებ ფილმი დიდი მოკრძალებითა და რწმენით უნდა გადაიღონ. ამან ნაწილობრივ შეამცირა ისტორიული თემით აღტკინებული რეჟისორების რაოდენობა. მაგალითად, პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა, რომელშიც შედის ლევან თუთბერიძე და მისი გუნდი - სტუდია ”რემკა” და პროდიუსერი ლევან კორინთელი, ასეთი ფილმის გადაღების სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოთქვეს, მაგრამ მათთვის მაშინვე ცხადი იყო, რომ ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილის აპოლოგიას დაუკავშირებდნენ. პროექტი დროებით შეჩერდა...

თავის დროზე ლევან კორინთელმა განაცხადა, რომ ფილმი შეიძლება ნილ ჯორდანმა (”ინტერვიუ ვამპირთან”) გადაიღოს... ეს თავისთავად იძლეოდა იმის მინიშნებას, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი თვალსაჩინო კინორეჟისორი რელიგიურ მისტიფიკაციებს გასცდებოდა და მსხვილ ბიუჯეტიან ბლოკ-ბასტერს შექმნიდა. ამრიგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნილ ჯორდანი პატრიარქთან მისულიყო ლოცვა-კურთხევისთვის, რაც ქართველებისთვის უკვე, სამწუხაროდ, სპეკულაციურ მარკეტინგულ სვლად იქცა. პატრიარქის სიტყვას ზოგი ისე უყურებს, როგორც გარანტირებულ ბილეთს დიდ და ნათელ მომავალში; ყველა, იქნება ეს ერი თუ ბერი, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე, ცდილობს მიეკედლოს მის უწმიდესობას, ან მის მიერ გამოთქმულ აზრს. რომ არა ილია მეორე, არავინ იცის რა ირონიას გამოიწვევდა პარლამენტში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა. ამ შემთხვევაში კი იდეის ავტორი გახდა ქვეყანაში ერთადერთი არაკომპრომიტირებული და უმწიკვლო წარსულის მქონე პირი.

დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღებას ილია მეორეც გამოეხმაურა. მაშინ რა შუაშია ტოტალიტარიზმი და ის უარყოფითი მუხტი, რომელზეც ვსაუბრობთ? საუბარია კონტექსტზე და ალბათ უფრო მეტად იდეოლოგიურ ქვეტექსტზე, რომელიც ექნება (და ამასთანავე ექმნება) ფილმს. დოქტრინა - მხატვრული კინო მასების მანიპულაციის იდეალური ხერხია - დღესაც მოქმედებს, ვინაიდან ისტორიული ჟანრის ფილმები და ისტორიული პირები ზემოქმედებენ ქვეცნობიერ დონეზე. პროპაგანდისა და მანიპულაციის ხერხისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიმღები ადამიანის წინააღმდეგობის განეიტრალება. ამრიგად, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ნებისმეირი პროპაგანდა უნდა იყოს გასართობი, საინფორმაციო და დამარწმუნებელი მეთოდების კომპონენტების ერთობლიობა. ახლა, კინო რომ ასეთი კომბინაციურ მეთოდს გვთავაზობს, ალბათ, ზედმეტი დასაბუთება არ უნდა სჭირდებოდეს.

ეპიკური ჟანრის ფილმებს რომ გადავხედოთ, არსებითი ხდება ასოციატიურ მეთოდზე ლაპარაკი, როდესაც საზოგადოებას აწოდებენ კლიშეს (პირს თუ სიტუაციას), რომლის მიმართ მან უკვე გამოიმუშავა კონკრეტული შეფასება; რეალურად არსებული სახე-ხატის ”შედუღება” ხდება იმ პოზიტიურ სახე-ხატთან, რომელიც უკვე ინახება მასების ცნობიერებაში. ამ შემთხვევაში კი ასეთია დავით აღმაშენებელი - მეფე, წმინდანი, ქვეყნის გამაერთიანებელი...

სხვათა შორის, არც ისეა საქმე, რომ ამ ტენდენციას მხოლოდ ქართული კინო იზიარებდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ და თავის გეოპოლიტიკის გამართლებას ნაწილბრივ კინორესურსებზე დაყრდნობით ცდილობენ. ასე, მაგალითად, თავის დროზე მეორე ანტიერაყულ კამპანიას წინ უძღოდა ალექსანდრე მაკედონელზე ფილმის გადაღება, ირანისა და ამერიკის რთულ დიპლომატიურ ურთიერთობას კი ფონს უქმნის 2007 წელს გადაღებული ”300 სპარტელი”, რომელშიც სპარსეთის ყველაზე დიდი ხელმწიფე კსერკსე უზარმაზარი ტრანსვესტიტია.
შესაბამისად, ყველა ქვეყანა თავისებურად იყენებს კინოპროპაგანდას. მაგრამ ჩვენს შემთხვევა გარკვეულწილად ეხმაურება ძველი საბჭოთა და გერმანული დიქტატორული, ანუ ტოტალიტარული რეჟიმის არა მხოლოდ კინოტენდენციებს, არამედ ზოგადად კულტურაში მიმდინარე პროცესებს. ისევე, როგორც ჰიტლერის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც მრავალი არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებიან ქართველი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ პირველი ევროპელი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა (არქეოლოგიური გათხრებით ჰიტლერი ცდილობდა არიული რასის უნიკალურობის, უპირატესობისა და დომინირების თეორია წამოეწია წინა პლანზე). შესაძლოა, ამ ჰიპოთეზას პირველმა ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა საფუძველი. რამდენადაც მახსოვს, ევროპული კვალის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჟღერდა ისტორიული ფრაზა - ”მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”...

ამ და სხვა პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით მკითხველს ასოციაციობანას თამაშში ჩართვას ვთავაზობ. ამჯერად წარსულთან, კერძოდ კი საბჭოთა კინემატოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთზემოქმედების შორის საკმაოდ მკვეთრ პარალელს გავავლებთ. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კინო გერმანიისგან მტრის ხატს ქმნიდა და მოსახლეობაში მეომრის სულისკვეთების გასაღვივებლად ხანდახან ფსევდოისტორიულ ფაქტებსაც კი არ იშურებდა. ამ ეტაპზე თავად რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ეიზენშტეინის მიერ 1939 წელს გადაღებული ”ალექსანდრე ნეველი” ახდენს ისტორიის ფალსიფიცირებას, რადგან ყინულზე გერმანელებთან ბრძოლა და მათი დამარცხება (ე.წ. ლედოვოე პობოიშე) თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბავია და მას რეალურად ადგილი არ ჰქონია ისტორიაში... ფსევდოისტორიას თან სდევს ”ივანე მრისხანე” - ძლიერი და მტრებისადმი დაუნდობელი მეფის პორტრეტი. მაგრამ ივანე მრისხანე (და ეს ისტორიულად ცნობილია) იყო ტირანი, რომელიც სისხლის წყურვილს მეგობრების მოკვლითაც იკმაყოფილებდა; ნადიმზე ამალას წამლავდა; აიძულებდა დიდგვაროვანი თავადების ცოლებს აღვირახსნილობას... და ამის შემდეგ სლობოდაში ფეხშიშველი მიდიოდა ხოლმე ცოდვების მოსანანიებლად. ცხადია, იყო არათანმიმდევრული და აბსოლუტურად არაადეკვატური...

ამიტომ სტალინიზმის ეპოქაში ”ივანე მრისხანეს” ეკრანებზე გამოჩენა უამრავი ქვეტექსტის მატარებელი გახდა. ჯერ კიდევ 1938 წელს კარლ იუნგი სტალინზე ასეთ რამეს წერდა: ”თავისი ქცევით სტალინი სრულიად განსხვავდება თავისი ეპოქის სხვა დიქტატორებისაგან. მასში იმდენად დიდია მეფური, ანუ ერთპიროვნული მართვის სურვილი, რომ თავისი დესტრუქციით მას მხოლოდ ჩინგიზ ყაენს შევადარებდი... არ გამიკვირდება თუ ის თავს მეფედ აკურთხებს”, - ასე ასრულებს იუნგი ინტერვიუს და საინტერესოა, რომ ეიზენშტეინის ფილმი - ”ივანე მრისხანე” სწორედ მის სიტყვებს ეხმაურება.

თავად სტალინისთვის გაცილებით მისაღები იყო სხვა ფილმი. 1942-43 წლებში სტალინის დაკვეთით მიხეილ ჭიაურელმა `გიორგი სააკაძე” გადაიღო. კინოს ისტორიიდან ჩანს, რომ ფილმს იმდენად დიდი აგიტაციის ძალა გააჩნდა, რომ კინოსეანსიდან მაყურებლები პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ. საგულისხმოა, რომ ჭიაურელის ფილმის მთავარი გზავნილი _ სტალინი და მხსნელი - მაყურებლის მიერ ცალსახად იკითხებოდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ”დავით აღმაშენებლის” გადაღების შემთხვევაში არანაკლებ ხიბლავს იმის პერსპექტივა, რომ ქართველი მაყურებელი სააკაშვილსა და აღმაშენებელს ერთ სახე-ხატში გააერთიანებს. თავისთავად, მიხეილ სააკაშვილსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველმა ხალხმა ის წარმატებულ რეფორმატორად აღიაროს და დაიმახსოვროს, როგორც საქართველოს აღმშენებელი. თუ გიორგი სააკაძე, ან იგივე იოსებ სტალინი ფილმში და რეალობაში ტყვეობაში ჩავარდნილ შვილს (პაატა - იაკობი) სამშობლოს საკეთილდღეოდ წირავს (მსხვერპლშეწირვა, რომლის ნეგატივს ნაწილობრივ ანეიტრალებს ძველ აღქმასთან, აბრაამის მითთან ასოციაცია. ის ხომ შვილს მხოლოდ ღმერთის სამსხვერპლოდ წირავს), მიხეილ სააკაშვილისათვის მსგავსი პარალელები გამორიცხულია და ის თავის სახელს არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირებს დაფარულ ნეგატივსაც კი. პირიქით, დავით-აღმაშენებლის მსგავსად და ამას თავად მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღნიშნავს, მან წამოიწყო საქართველოში `უპრეცედენტო” რეფორმები: საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო... ანუ, სააკაშვილი 21-ე საუკუნის რენესანსის ინიციაციაზე აკეთებს აქცენტს.

გარდა ამისა, თუ დავით აღმაშენებელმა დაამარცხა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, სააკაშვილმა დაამარცხა აჭარის ლომად წოდებული ასლან აბაშიძე და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს გაერთიანებისაკენ; მაშინ, როდესაც აღმაშენებელმა ჩამოასახლა 40,000 ყივჩაღი და ყივჩაღთა 12 ათასიანი ძლიერი არმია შექმნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმ 120,000 თურქი მესხის ჩამოსახლებას აპირებს, რომელთა გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. თუმცა არცთუ წარმატებული რეფორმების სერია – ერთადერთი ასოციაციაა, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებაში სააკაშვილისა და აღმაშენებელის იდენტიფიცირებას იწვევს და ამ ორს ერთ პოლიტიკური ნების აღმასრულებლად მოიაზრებს.


სააკაშვილისა და აღმაშენებლის იდენტიფიცირება მართლაც რთულია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ საზოგადოება ამ პროცესს ჯერჯერობით ირონიით უყურებს და ისტორიულ წარსულზე აპელირებით ქმნის მიშას პოზიტიურ და ნეგატიურ იმიჯსაც - ვიღაცისთვის ის დავით აღმაშენებლის კურსის გამგრძელებელია, ვიღაცისთვის კი შაჰ აბასის დაუნდობელი პოლიტიკის გამტარებელი (ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა და სხვა). ორივე კონტექსტში, ანუ ”დარია თუ ავდარია - მიშა მაგარია”... სააკაშვილს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ის შევარდნაძის ”გაზრდილია” და არა ჭყონდიდელის. შესაბამისად, სხვა პოლიტიკური კულტურისა და კურსის მატარებელია. ამ ნეგატივისაგან ის დღემდე ვერ დაიცალა - ”მამის” წინააღმდეგ ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ასაკში უფრო გვიან დასრულდა, ვიდრე ეს მოახერხა აღმაშენებელმა, მის ყველა გამოსვლაში ვლინდება. უნდა თუ არა სააკაშვილს დავით აღმაშენებელთან გაიგივება? ალბათ მაინც კი. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იყენებს ისტორიულ წყაროს საკუთარი პოლიტიკური კურსის მართლზომიერების არგუმენტად. რამდენიმე წლის წინ დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცი კი იმას მოასწავებდა, რომ 20 იანვარს სააკაშვილი ისევ გელათში დაბრუნდებოდა აღმაშენებლისთვის სიმბოლური ანგარიშის ჩასაბარებლად. თუმცა უცნაურია, რომ აღმაშენებლის კულტივირების ჟამს ქვეყნის პირველი პირი მაქსიმალურად შორდება თავის იდეალს - რუსთაველზე, ”ვარდების მოედანზე” დავით აღმაშენებელს აღარაფერი ესაქმება. ჩანს, სააკაშვილისთვის ის თვისობრივად სხვა გამარჯვების სიმბოლო იყო, რომლის წინაშეც ოდეზღაც პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით გაბრწყინებული ”ივერია” იდგა...

რუსული სამკუთხედი


ასიმეტრიული ომი და კავკასიური სიძულვილის გეომეტრია


ემბრიონის სტადიაში მყოფი ქართული კინოინდუსტრია მილიტარიზმის ლიანდგაზე შედგა, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ პაციფისტები მართავენ. ბოლო ათწლეულის ყველაზე ამბიციური კინოპროექტის _ `მოგზაურობა ყარაბაღში” დასრულების შემდეგ, პროდიუსერებმა ლევან კორინთელმა, არჩილ გელოვანმა და გუკა რჩეულიშვილმა მილიტარისტულ პათოსით არანაკლებ გაჯერებული ფილმი, ალეკო ცაბაძის სცენარის მიხედვით დადგმული `რუსული სამკუთხედი” დააფინანსეს.

სიმართლე ითქვას, ქველმოქმედებას ზღვარი აქვს, მერე ბიზნესი იწყება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცაბაძის ფილმის პროდიუსირება უბრალოდ მეგობრული ჟესტია. მეტიც, `რუსული სამკუთხედი” აპრიორი არაქართულენოვანი აუდიტორიისათვის შეიქმნა და რუსული კინემატოგრაფის ამომავალი ვარსკლვავი – კონსტანტინ ხაბენსკის მონაწილეობის წყალობით ფილმს საერთაშორისო კინობაზარზეც შეამჩნევენ.

”რუსული სამკუთხედის” თბილისურმა კინოპრემიერამ დიდი ხმაურით ჩაიარა. პრემიერას ხაბენსკიც დაესწრო, რომელიც მენშიკოვისა და მაშკოვის შემდეგ რუსული კინემატოგრაფის თვალსაჩინო ფიგურაა და ჰოლივუდში ”ღამის გუშაგის” ფანტასტიკური წარმატების შემდეგ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფილმის პრემიერა საკმაოდ ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოდგა _ პროდიუსერების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მოსაწვევები სამხედრო ჟეტონების სახით დარიგდა, რაც მაყურებელში ერთიორად ზრდიდა მილიტარიზმის განწყობას და ქვეცნობიერ დონეზე ეკრანზე განვითარებული მოვლენების თანამონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ორსაათიანი კინოსეანსის შემდეგ მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო; ფილმის შეფასებისას ცდილობ იმ მერკანტილიზმის ზღვარს გასცდე, რომელიც ფილმის კრიტიკას საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმით გამწარებული ადამიანის რეფლექსიის შთაბეჭდილებას დატოვებს. პირიქით, თითქმის ულტიმატუმში გადაზრდილი უკიდურესად დაძაბული დიპლომატიის ფონზე, ფილმი საოცრად პოლიტკორექტული გამოვიდა.

ცაბაძესთან ნაკლებად ისმის პასუხი კითხვაზე _ რატომ იწყება ომი და მით უმეტეს ნაკლებად კეთდება აქცენტი გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. აქ უფრო წმინდა ადამიანურ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არ ვარდებიან უკიდურეს ლირიკაში და არ ამტკიცებენ, რომ ომის მიზეზი მოწყენილობაა... როგორც ჩანს, ცაბაძე არც მწვადს წვავს და არც შამფურს _ ამის არგუმენტად ისიც კი კმარა, რომ ფილმის პირველადი სათაური `რუსული ენის მასწავლებელი” (მხოლოდ ჩეჩენის ბედზე პროეცირება) ორგანულად გადაიზარდა სამი თანაბარუფლებიანი პერსონაჟის მიუკერძოებელ ბიოგრაფიაში.

”რუსულ სამკუთხედში” წინა პლანზე იწევს ის ადამიანური, შეიძლება ითქვას გეომეტრიული ურთიერთობა, რომელიც ერთიანობაში კრავს ჩეჩენის, რუსისა და, ალბათ, უფრო მეტი ობიექტურობისათვის გარუსებული ქართველის (რეჟისორის ალტერ-ეგო) კოლია მალცევის ხედვას ომსა და მშვიდობაზე. ჩეჩენისა და რუსის ტრაგიფარსულ დუელში ამ უკანასკნელს სეკუნდანტის როლი ერგო.

ალეკო ცაბაძის ფილმი, შეიძლება ითქვას, წარმატებული ექსპერიმენტია ფიგურალური ფრაზა `კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული” გაათავისუფლო პირობითობისაგან და ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები განიხილოს დეტექტივის ჟანრის პრიზმაში. მით უმეტეს, რომ პოსტაფხაზური სინდრომის ქვეშ მყოფი ქართველი რეჟისორისგან რუსი ჯარისკაცის პოსტჩეჩნური სინდრომისა და ჩეჩენი პატრიოტის რუსული ფობიის შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება არცთუ მოულოდნელია. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ ქართული გენეოლოგიის მქონე და აბსოლუტურად აპოლიტიკური კოლია მალცევი ჩეჩნეთის კამპანიის ვეტერანებთან გადაკვრით ისაუბრებდა აფხაზეთის ომზე, რაც ფილმში ერთადერთი ირიბი თუ პირდაპირი და, რაც მთავარია, სუსტი ბრალდებაა და ცაბაძის ანტირუსული `პა”.

”რუსული სამკუთხედი” დაახლოებით იმ დეტექტიური ჟანრის სტილშია გადაღებული, რომელშიც გმირი ფაშიზმის უკვე მოხუცებულ ჯალათებს პოულობენ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ასამართლებენ _ ჩეჩენი ალიოშინი სნაიპერის თოფით ხოცავს რუს ჯალათებს, რუსი მალცევი კი, თავისი ბრმა ძმის `საპატივცემულოდ” ბრმა თემიდას განასახიერებს (ამ შემთხვევაში ალეკო ცაბაძე არ ღალატობს ქართულ იგავისებურ-კინოს და აზრის ლაკონურობისათვის იშველიებს სიმბოლო-მეტაფორებს) და ცხელი კვალის ნიადაგზე კლავს მოსკოვში გახიზნულ ჩეჩნებს. თავისთავად საგულისხმოა ცაბაძის და ზოგადად ფილმის პროდიუსერების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი, რომელიც ნებისმიერ ომს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და კრიმინალს უფარდებს.

ამ ქაოსში, ვფიქრობ, მაინც იკვეთება ქართველი რეჟისორის მსუბუქი `პრო” და `ანტი” და განსაკუთრებით სოლიდარობა. არცაა გასაკვირი, ჩეჩნებისადმი სოლიდარობა ისტორიულ და ნაწილობრივ კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობად გვერგო. სოლიდარობა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმით `ელისო” დაიწყო და ცაბაძის `რუსული სამკუთხედით” გრძელდება. ჯერ კიდევ კომუნისტური კრიტიკა ხაზგასმით აღნიშნავდა და ცაბაძის შემთხვევაში ეს სიმპტომურიცაა, რომ ნიკოლოზ შენგელაია ფილმში `ელისო” ეხება ცარიზმის თვითმპყრობელობით შევიწროვებული კავკასიის ხალხთა შორის სოლიდარობის თემას... უმნიშვნელოა, რომ მოგვიანებით, სტალინიზმის ეპოქაში ჩეჩნების დეპორტაციას ხელმეორედ განახორციელებს უკვე გასაბჭოებული რუსეთი, რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით არ იცვლება ჯამი და აბორიგენი მოსახლეობის მიმართ რუსეთის გეოპოლიტიკური მიდგომა.

ვფიქრობ, ესეც რეჟისორის ვუალირებული პოზიციაა, რომლის ღიად გამოხატვას შეგნებულად ერიდება _ რუსეთი ხომ ქართული ღვინის საექსპორტო სივრცის გარდა ქართული ფილმების კინოგაქირავებაში გაშვების დიდ პერსპექტივას სთავაზობს.

”რუსულ სამკუთხედთან” დაკავშირებით გამუდმებით გახსენდება ორი დიდი მოაზროვნის, რემარკისა და ნაპოლეონის დამოკიდებულება: პირველის ღრმა რწმენით, ომში ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, მილიონისა კი სტატისტიკა, ხოლო ნაპოლეონი შემზარავი რაციონალიზმით ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცს უწოდებდა...


ალეკო ცაბაძის ფილმში ამჯერად უკვე პოლიტიკური სამკუთხედი სწორედ ამ ადამიანური და არაადამიანური მორალისაგან იგება. ზედმეტი ლირიკის გარეშე ცაბაძე ეკრანიდან შემყურე ექსტრასენსივით `გმუხტავს” ომის იმ ნაწილაკებით, რომელიც ორივე მხარეს ტრაგიზმის დაღს ასვამს. ორივე მებრძოლი, ჩეჩენიც და რუსიც მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის ველზე რწმუნდებიან, რომ `წმინდა ომი” არ არის ომის სიწმინდის სინონიმი და ტყვეებითა და იარაღით ვაჭრობა ნებისმიერი ომის კანონზომიერებაა. ფილმის ფინალი განსაკუთრებით მძაფრია _ სავარაუდოდ ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზას ჯერ კიდევ გაუაზრებლად მიუყვება ახლად გაწვეულთა ოცეული _ კალის ჯარისკაცები, რომელთაც დაუნდობლად გადაადნობს ომის ალი და დეფორმირებულებს დაუბრუნებს დედა-სამშობლოს... სიუჟეტის გათვალისწინებით ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერთი ყალიბით განაგრძობს იმ `სალდაფონების” კონვეირებას, რომელთაც ბრმად წამთ, რომ რუსეთის კარი ტაიგიდან იწყება და კავკასიონის ქედის მიღმა, თითოეული კავკასიელის ეზოში მთავრდება... ცაბაძის ”რუსული სამკუთხედი” რადიკალურად განსხვავდება რუსული მილიტარისტული სერიალებისაგან და სწორედ ამაშია მისი ღირებულება და ნაწილობრივ სუსტი მხარე. გამორიცხული არ არის რუსმა მაყურებელმა ფილმი სწორედ ამ ნიშნით დაიწუნოს. მით უმეტეს, რომ ერთადერთი რაც `რუსულ სამკუთხედში” რუსულ კვალზე მიანიშნებს, ნახევარტონში გაჟღერებული კულტურულ–ლიტერატურული პასაჟებია: მილიციის ლეიტენანტი ბულგაკოვისეული მეტსახელით `აზაზელო”, დოსტოევსკის `ეშმაკუნები”... სამწუხაროდ დანარჩენი, ქართული კინოკულტურისთვის დამახასაიათებელი მანერულობა, უტრირებული, თითქმის თეატრალიზებული ემოციები (`ემოციობანა”) მნიშვნელოვნად აგებს თავისი ღირსებითა და ექსპრესიულობითYფილმთან `მოგზაურობა ყარაბაღში”. თუმცა გამორიცხულია არ არის, რომ დიდი საფესტივალო სამეულის _ `ბერლინალე”, `კანი”, `ვენეცია” _ აუდიტორია, რომელსაც უმიზნებს `რუსული სამკუთხედი”, ხარვეზებისა და სუსტი დრამატურგიის მიღმა გარკვეულ კლასიკურ ქართულ ეგზოტიკას დაინახავს.