Friday, December 25, 2009

კვაზიმოდა


სახეები და სახელები აგლაძის ესთეტურ სლაიდში

მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს!“ - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე, კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.

სიმართლე ითქვას, ნაგავზეც შეიძლება იყოს მოთხოვნა. მით უფრო თუ არტეფაქტის სახით ამის უამრავი მაგალითი გვაქვს და ამ ხელობის უამრავი მიმდევარი გვყავს. ნაგავზე ფასიც შესაბამისი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნასა და ღირებულების აღქმას ის სამომხმარებლო ბაზარი უნდა არეგულირებდეს, რომელიც გიგა აგლაძის შემოქმედების მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ მომეჩვენა. რეჟისორის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი შემოქმედების უსაფუძვლო ლანძღვა მიმაჩნია მიზანშეწონილი. სწორი იქნება თუ ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ მაყურებლის კომენტარზე დაყრდნობით გავარჩევთ და ასე მაინც დავიცავთ ნეიტრალიტეტს, ობიექტურობას, რომელსაც, როგორც წესი, მოითხოვენ ჩვენგან რეჟისორები.


მინდა
:
რამე მაგარი რა...
ძარღვიანი... ნაღვლიანი…
სევდიანი...
გულიანი...
ცეცხლსასროლი...
დარდიანი...
რეალური...
კარდინალური...

რადიკალურ-სოციალური!

(მომთხოვნი: forum.ge)


მეგობრებო, ასეთ ფორმულას ქართულ კინოში არავინ იყენებს. ამ ხატოვანი სიტყვების კარნახით არავინ ქმნის ფილმებს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვათა წყობა „სოციალური დაკვეთა“ ცუდ ასოციაციას ტოვებს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობად აღიქმება. არც გიგა აგლაძემ შეასრულა სოციალური დაკვეთა. სამაგიეროდ მისი ფილმი „გოგონა სლაიდიდან“ ასპროცენტიანი პლეისმენთია და ამა თუ იმ ბრენდთან კომერციულად გათვლილი გარიგება. ამის წყალობით აგლაძემ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო ფილმი გადაიღო, რომელშიც სამოდელო სააგენტო „სლაიდის“ (სხვათა შორის, გიგა აგლაძის მეუღლის სამოდელო სააგენტო) გოგონები კონკრეტული მარკის მანქანის პრეზენტაციას აწყობენ; ავტოავარიის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებთ რომელ სადაზღვევო კომპანიაში უნდა დააზღვიოთ მანქანა; რომელმა დიზაინერმა უნდა ჩაგაცვათ იმისათვის, რომ საზოგადოების ნაღებისა და ელიტარულობის კონტექსტიდან არ ამოვარდეთ; გაიგებთ, რომელ ფოტოგრაფთან უნდა გაიაროთ ფოტოსესია და კიდევ უამრავ ყოფით დეტალებსა და რეკლამას მოჰკრავთ თვალს. ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ რეჟისორმა საათნახევრიან ჩარჩოში მოაქცია ის ინფორმაცია, რომელსაც „ყვითელი ფურცლები“ სქელტანიანი გამოცემებით გვთავაზობს.


სად არის აქ კინოს ადგილი? რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე. სად მთავრდება კინო? სამწუხაროდ იქვე. საათნახევრის განმავლობაში კინოეკრანზე 24 კინოკადრის ნაცვლად მხოლოდ იმ სუბლიმინალურ ხერხსა და 25 კადრს ვხედავთ, რომელიც მაყურებლის ცნობიერებაზე ძალადობას ახდენს და ქვეცნობიერში რეკლამისადმი მადის აღძვრას ემსახურება. გიგა აგლაძეში კლიპურმა ცნობიერებამ სძლია კინემატოგრაფიულს. ”გოგონა სლაიდიდან” მართლაც კლიპს გაგონებს, რომელშიც გემოვნებიანი კოსტიუმები და მაკიაჟი რეჟისურის ნაკლს ფარავს. ამ უსახურ ფილმში ყველას თავისი სახე (და სახელი) აქვს. ზურა ყიფშიძე, ნანუკა ხაზარაძე, კრისტი ყიფშიძე, ნათია მაქაცარია, მერაბ სანოძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ჯიჯი რეჯინი და სხვა მრავალი ფილმში საკუთარ თავს ანსახიერებენ, რის გამოც ხშირია იმის განცდა, რომ კინოეკრანზე ჟურნალი „სახე(ლ)ები“-ს ეკრანიზაციას გვთავაზობენ. ჟურნალის ეკრანიზაციის შესახებ თუ გსმენიათ რამე? არც მე და არც იმ მაყურებელს, რომლის (და)უკმაყოფილება აისბერგს ჰგავს (რაც ზედაპირზე ჩანს, ორი იმდენი სიღმეში იმალება) და რომელსაც აგლაძის გემი „გოგონა სლაიდიდან“, გაბარიტებით - 90 60 90 უკვე შეეჯახა!


„ტუტსი“ თუ ტუტუცი?
(მკითხავი: forum.ge)

ფილმის „გოგონა სლაიდიდან“ გადაღების დროს ხშირი იყო „ტუტსი“-ზე აპელირება. ხშირად იმასაც ახსენებდნენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ზაზა ბეჟაშვილი რაღაცით ჰგავს დასტინ ჰოფმანს. მოდით, მსგავსებას არ შევეხოთ, თორემ სხვაობის გარჩევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება როგორც ზაზა ბეჟაშვილისთვის, ისე „სლაიდის“ რეჟისორისთვისაც. „ტუტსი“, ალბათ, ის ორიენტირი უნდა ყოფილიყო, რომლის მიხედვით გადაიღებდნენ კომედიურ მელოდრამას, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ფილმის ქართულ რიმეიქს. კეთილშობილი მიზანია, ცუდს ვერაფერს იტყვი. მთავარი კი მაინც ის არის თუ რა რესურსით აპირებდნენ ამ მიზნის მიღწევას. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მწირი რესურსით - რამდენიმე მოდელი და ზაზა ბეჟაშვილი, რომელიც „რაღაცით“ ჰგავს დასტინ ჰოფმანს, ქმნიან ფილმის საფუძველსა და მერყევ საყრდენს...


„ტუტსის“ შინაარსი კარგად მახსოვს. არაჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, კარგი დინამიკა, სამსახიობო დასი და რეჟისურა. დასტინ ჰოფმანი მსახიობია, რომელიც კასტინგებზე მარცხს განიცდის და იმედგაცრუებული წყვეტს კინობიზნესში სხვა გზით შეღწევას. ზაზა ბეჟაშვილი იგივე ნაბიჯს დგამს ოღონდ მოდელი გოგოს გულში შესაღწევად. ამისათვის კინოპერსონაჟი ზუზუ ქალის ტანსაცმელსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ირგებს, მაგრამ ამ კლოუნადის უკან მამაკაცი მაინც იოლი ამოსაცნობია. მაინც რით ვერ მოხიბლა ზუზუმ ნათია ახვლედიანი, ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი მოდელი, რომელიც შეთავსებით არქიტექტორიც ყოფილა? ზუზუ ინკოგნიტო მას ძვირადღირებულ კაბებსა და ყელსაბამს უგზავნის, მთელ თბილისს აჭრელებს ნათიას ბილბორდებით, უამრავ ფულს ხარჯავს მოდელის გულის მოსაგებად... ზუზუმ ნათიას ყურადღება მიიპყრო, სიმპათია კი ვერ დაიმსახურა. რატომ? ოდესმე თუ შეგხვედრიათ ადამიანი, ვისთვისაც რაოდენობა ხარისხის სინონიმია? თუ გინახავთ ადამიანი, რომელიც მორთმეულ შოკოლადს მისი ღირებულების აღმნიშვნელ ჩეკსაც თან აყოლებს (ალბათ იმისათვის, რომ უფრო ტკბილად მიირთვათ)? ზუზუ ორიგინალურობით არ გამოირჩევა. მეტიც, ფილმის პოსტერზე ცალსახად ამოიკითხავთ მის დახასიათებას - „
ზუზუს ბევრი ფული აქვს და ბევრი გოგო ჰყავს, მაგრამ იმ ერთადერთმა მას ყველაფერი შეუცვალა!.. რაა?! ძალიან სასაცილო კომედია.”

ეს უკანასკნელი ფრაზა ფილმს გვიხასიათებს, როგორც რომანტიკულ კინოკომედიას. მნიშვნელოვანია, რომ „სლაიდში“ ჩანან მიშა ანდღულაძე და ვასო ფხაკაძე იუმორინას შესაშური Hi-კლასის ხუმრობით. იმედია, ამ კრიტიკული რემარკით თავს არ ავატკიებთ, თორემ, ვეჭვობ, ისევ ანალგინის გარეშე იქნებიან... გამოსავალი მხოლოდ ერთი აქვთ - აუტკიებელ თავს ნუ აიტკიებენ. კინოში „კამედი შოუს“ სკეტჩებით ნუ გვაკვირვებენ; გიგა აგლაძის ფილმს ერთ დიდ კინოანეკდოტად ნუ აქცევენ!


რაც შეეხება გიგა აგლაძეს, რეჟისორმა სარეკლამო ფილმში „გოგონა სლაიდიდან“ მოდების სამჭედლო აღბეჭდა. ეს ის სივრცეა და მაჭანკლობის ინსტიტუტი, რომელშიც მდიდარი მამაკაცებისათვის ლამაზ საცოლეებს „ჭედავენ“. ნებისმიერ ქვეყანაში სამოდელო ბიზნესი
მდიდარ და ფულიან მამაკაცებს ლამაზი გოგონების ექსპორტს სთავაზობს. აგლაძის სამაჭანკლო „სლაიდი“ ნაწილობრივ ამ სტერეოტიპის დამსხვრევასა და უკუგდებას ცდილობს, როდესაც ლამაზმანი ნათია მდიდარ ზუზუს არ იკარებს, საჩუქრებს კი სიამოვნებით იღებს... რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს დამკვიდრებული სტერეოტიპის მსხვრევას. მოდელებს უყვართ ლამაზი ტანსაცმელი, ძვირადღირებული სამკაულები და ღამის კლუბებში თეთრად გათენებული ღამეები. უკვე მერამდენედ მებადება კითხვა - მაშინ ვის რაში სჭირდებოდა ეს კლოუნადა? მით უმეტეს, რომ ფილმის ფინალში ნათიას თავს საჩუქარივით მიართმევენ ზუზუს. ასე, უბრალოდ, მიიყვანენ იპოდრომზე, გადასვამენ მანქანიდან გატკეპნილ მინდორზე და დაუტოვებენ ზუზუს, როგორც მითიურ მინოტავრს უტოვებდნენ ლამაზმანებს... ზუზუ თავისებური მინოტავრია, „მას ბევრი გოგო ჰყავს“ და ისეთივე პირუტყვის ფუნქციას ასრულებს, როგორიც ბუღას აქვს ფერმაზე ძროხების განასაყოფიერებლად. სამწუხაროდ უხეში, მაგრამ ზუსტი შედარებაა. ზაზა ბეჟაშვილის კინოპერსონაჟი არ იწვევს სიმპათიას. თანამედროვე ქართულ კინოში ის ტიპიურ ტუტუცს ანსახიერებს...

„ამ ფილმმა მოკლა ქართული კინო“
(ჭირისუფალი: forum.ge)


ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ფრაზა ხშირად მსმენია. აგლაძის ფილმს „გოგონა სლაიდიდან“ არ მოუკლავს ქართული კინო. ქართული კინო მოვკალით ჩვენ, ქართველმა მაყურებელმა ჩვენი დიეტით და „დაბალკალორიული“, ანუ უგემოვნო ფსევდოსულიერი საზრდოს (ფილმების) მიღებით. გიგა აგლაძემ კი მხოლოდ საკონტროლო გასროლა გააკეთა. ასე რომ, აგლაძეს ნურაფერს დავსწამებთ. ისევ საკუთარ თავს და, მათ შორის, საკუთარ ტრადიციებს დავაბრალოთ. სამეგრელოში, სანამ მიცვალებულს გაასვენებენ და მიწას მიაბარებენ, ქელეხს მანამდე იხდიან ხოლმე... ზოგ სოფელში ეს ტრადიცია დღესაც შემორჩა. ამა თუ იმ ფილმის გაქირავებაც ასეთ ქელეხს ჰგავს. სანამ დაკრძალავენ, მანამდე მოილხენენ, გაიხსენებენ წარსულს, შეიძლება ერთი კვირის თავზეც არ დაკრძალონ; ნაბახუსევზე უამრავი სადღეგრძელო გაახსენდეთ და როცა მიხვდებიან, რომ დაუგვიანდათ მიცვალებულის გაცილება, როგორც იქნა მარხავენ. ქართული ფილმების გაქირავებაც ამ პრინციპით ხდება. მკვდრადშობილ ფილმს ატარებენ ეკრანიდან - ეკრანზე, რეკლამით იზიდავენ მაყურებელს ფართომასშტაბიან პანაშვიდზე 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 და 22:00 საათზე, შემდეგ კი დიდი ვაი-ვაგლახითა და გოდებით ასამარებენ. კინოკრიტიკოსები, როგორც წესი, მიწის ერთ მუჭას მივაყრით ხოლმე და წუთიერი დუმილისთვის კომპენსაციას ხმამაღალი რეცენზიების გამოქვეყნებით ვითხოვთ.


ამის შემდეგ შევთანხმდეთ, რომ ნეკროფილია, მიცვალებულისადმი ლტოლვა ცუდი და მავნე მოვლენაა. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მიცვალებულის ნახვაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ - ეს უკვე მარაზმია.


„არის ჰოლივუდი და ბოლივუდი, ჩვენ კი ნოლივუდი გვაქვს...“
(ექსპერტიზის დასკვნა მორგიდან: forum.ge)


რა კარგია, რომ საქართველოში კინოს გადაღების მოდა დაბრუნდა. რა ცუდია, რომ მოდაშია კინოს გადაღება, მიუხედავად იმისა, გესმის თუ არა რეჟისურა. იქნებ ამიტომ, მაყურებელი არცთუ უსაფუძვლოდ ახსენებს „ნოლივუდს“, ანუ ნულს, ნულოვან ზღვარს, რომელსაც უახლოვდებიან რეჟისორები მოდის შეგრძნებით, მაგრამ სტილის გარეშე. გიგა აგლაძის ოპუსს „გოგონა სლაიდიდან“ სტილი არ გააჩნია. თუმცა რეჟისორმა აქ ყველაფერს მოუყარა თავი, რაც კი მოდაშია. მათ შორის პერსონალიებს... მოდა წარმავალია - ეს ყველამ კარგად ვიცით. ალბათ, რეჟისორიც გაიგებს. მას ხომ ხშირად უწევს სამოდელო სააგენტო „სლაიდში“ მისვლა...


აგლაძის „კვაზიმოდა“ ეკრანებზე მოგზაურობს. მისი ოპუსი „გოგონა სლაიდიდან“ გარეგნულად ლამაზია, შინაგანად კი ცარიელი და უინტერესო. პრემიერის შემდეგ მაყურებელი იმასაც ამბობდა, რომ სიუჟეტი „თითიდან გამოწოვილია“ და „ყურით მოთრეული“. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. საინტერესოა, რას იტყვის რეჟისორი? მოახერხა თუ არა მაყურებლის მორჯულება? თუ „გოგონა სლაიდიდან“ უბრალოდ რეჟისორის ეგზიბიციონიზმია, რომელიც მიზნად ისახავდა მაყურებელში მაზოხისტური მიდრეკილების გამოვლენას?

No comments:

Post a Comment