Wednesday, December 30, 2009

FACE-ების რეალური ფასები



გიგა ლორთქიფანიძე, მანანა ჩიქოვანი, ლადო ათანელი და კარუზოს ნოსტალგია


ცხადია, როცა კინოთეატრ „რუსთაველში“ გიგა ლორთქიფანიძის ახალი ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერაზე მივდიოდი, ვიცოდი, რომ კინოს მუზის მსახურსა და ოპერის ფანტომის - ლადო ათანელს შორის დაანონსებული შემოქმედებითი ქორწინება უკვე შედგა და ახლა უკვე მისი ნაყოფი უნდა შემეფასებინა. ის მაყურებელიც კი, რომელსაც გული ქვის ჰქონდა, ან კიდევ, ერთი შეხედვით, გულქვა და სკეპტიკოსი ჩანდა, ცრემლნარევი თვალებით უცქერდა ქართველი ბარიტონის ქაღალდის გულის ფლეთას.

გაცვეთილი ფრაზა მახსენდება - ქაღალდი ყველაფერს აიტანს. ფილმში ლადო ათანელის ქაღალდის ფაქტურის გულიც უამრავ ტკივილს იტანს. ათანელის გული „გაიცვითა“ იმ გრძნობების გამოხატვით, რომელსაც ესა თუ ის არია ავალდებულებს. თეატრალურ მისტიფიკაციებში დაკარგული მომღერალი საკუთარი თავის პოვნას ცდილობს და ისრაელში მიემგზავრება. ის, რასაც ისრაელში აღმოაჩენს, მისი აღსასრულის შესავალს უფრო ჰგავს. დიდი ხნის წინ დაკარგული საყვარელი ადამიანი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია პარიკისა და მაკიაჟის გამო (!), მომღერალს კატა-თაგვობანას ეთამაშება; საგრიმიოროში, სარკესთან მოკალათებულ მომღერალს უჩვენებს მის რეალურ სახეს და არსებულ სისუსტეებს; თვითგვემამდე მისული ათანელი საკუთარ თავს ტუშით სიმბოლურ ჯვარს ასვამს... ბანალურ მეტაფორას თანსდევს კადრსმიღმა ტექსტი - „ცოტაც გაუძელი, გულო! კიდევ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება...“

სწრაფი ფინალის იმედი მეც მამშვიდებდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმში ანაქრონიზმი და უზუსტობა ართულებდა დამნაშავის იდენტიფიცირების ამოცანას. აღმოჩნდა, რომ თეატრის პემატრონე მომღერლის ყოფილი მეუღლეა; ისიც გაირკვა, რომ თავად მიატოვა ათანელი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა... სულ დავიბენი! ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, რომელზეც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ცრუჩვენებებს იძლეოდნენ. ერთადერთი გამართლება, რომელიც ამ ანაქრონიზმს მოეძებნა - ლადო ათანელის რთული და აუტანელი ხასიათი იყო... უკომენტაროდ!

ლადო ათანელის საათნახევრიანი რეფლექსია თვითგვემაზე და ამაოებაზე გიგა ლორთქიფანიძემ სატელევიზიო ფილმის ჩარჩოებში მოაქცია და, ფაქტობრივად, ერთ გულახდილ ინტერვიუდ აქცია, რომელშიც რესპონდენტი საკუთარი გენიალურობისა თუ მერკანტილობის შესახებ თეატრალური პომპეზურობით მოგვითხრობს... ათანელის დიალოგი აუდიტორიასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც კამერულ სივრცეში მოთვინიერებულმა ბარიტონმა რეჟისორისა თუ საკუთარი სინდისის კარნახით ინტიმური ცხოვრების რეალური დეტალები გაგვანდო. ასეთი გულახდილობა რეჟისორის ჩანაფიქრს უნდა მივაწეროთ, რომელიც კეთილშობილი მიზნით ცდილობდა საზოგადოებაში გავრცელებული სოციალიზირებული მოსაზრების გაბათილებას. ფრაზა, - „რამ მოგაყვანინა შენზე ამდენი წლით უმცროსი ქალი ცოლად?! როგორ არ გრცხვენია?! შენ ხომ შენ მეგობართან ერთად გამოიყვანე ის სამშობიაროდან...“ - პირწმინდა თავისმართლებას ჰგავდა. და ვინ ადანაშაულებს ლადო ათანელს? ჩვენ, ქართველი მაყურებელი? ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყანაში, რომელშიც საკადრო პედოფილია და პოლიტიკური პროსტიტუცია ყვავის, დიდ მომღერალს სიყვარულზე ასაკობრივ ცენზს უწესებდეს ვინმე!

მომღერლის ინტიმურ დეტალებში ჩაღრმავება ჩვენი „პროფილი“ არ არის (ყველამ თავისი მიმართულებით ქექოს დედააზრი). მე უფრო ის მაინტერესებს, შევძლებ თუ არა იმ სანახაობისათვის შესაფერისი დეფინიციისა თუ სახელის მოძებნას, რომელსაც ზოგმა ფილმის პრემიერა უწოდა, მე კი, როგორც კინომცოდნე, ამის უფლებას ჯერაც ვერ ვაძლევ საკუთარ თავს... „ქაღალდის გული“ თავსატეხს მიქმნის. ვერდის, პუჩინის, დონიცეტის, რაჰმანინოვისა და მოცარტის ოპერებიდან გაჟღერებული არიები ვერ ფარავენ ფილმში ათანელის ყველაზე ხმამაღალ არიას - ნარცისის პარტიას, რომელიც თვითტკბობის პრინციპით აისახა და გაჯდა ფილმის თითოეულ კადრში. ისრაელში ჩასულ დიდ მომღერალს საგრიმიოროს კედლებზე საკუთარი პორტრეტები ხვდება. ათანელი აღტაცებული ათვალიერებს ფერწერულ ტილოებსა და ფოტოსურათებს. ჩანს, გაკვირვებულია იმით, რომ ამ კურთხეულ მიწაზეც აღიარებენ მის გენიას... დაუფარავი გაკვირვებით ეკითხება თეატრის მეპატრონეს „კი მაგრამ, ეს ფოტოსურათები აქ საიდან?“. ზუსტად არ ვიცი, ალბათ, „ფოტოსამყაროს“ უნდა ვუმადლოდეთ შპალიერად ქცეული ნატიფი ხელოვნების გამოჩენას, ან ქალბატონის უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც თანდათან იკვეთება სატელევიზიო ფილმში.

ფილმში „ქაღალდის გული“ გიგა ლორთქიფანიძის სიყვარულიც გამოიკვეთა. მეტწილად 50-იანი წლების ფილმებისადმი და, კიდევ უფრო მეტად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საოპერო ხელოვნებისადმი. გიგა ლორთქიფანიძეს უყვარს ენრიკო კარუზო (ან კიდევ ფილმი „კარუზო“, მარიო ლანცას მონაწილეობით). მას იმდენად უყვარს ლადო ათანელიც, რომ მისი სახით ფილმში კარუზოს პერსონიფიცირებას ახდენს. ლეგენდის თანახმად, კარუზო სცენაზე ლეონკავალოს „ჯამბაზების“ ერთ-ერთი არიის შესრულების დროს გარდაიცვალა. ლორთქიფანიძემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოჩენილი ხალხის ცხოვრება მითი უფროა, ვიდრე ისტორია, ამიტომ ლადო ათანელიც სცენაზე კვდება (ლეონკავალოს „ჯამბაზების“ შესრულების დროს). პარალელების გამოძებნის დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კარუზო პლევრიტისგან გარდაიცვალა, ლადო ათანელი კი ფილმში გულს უჩივის. სამედიცინო ენციკლოპედიაში ვკითხულობთ - „...გულმკერდში და გულის არეში ტკივილს შეიძლება იწვევდეს გულის ნევროზი; ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს პლევრიტი და სხვა.“... უკომენტაროდ!

ლორთქიფანიძეს უნდა ახსოვდეს, რომ ფილმი „კარუზო“ კარუზოს ქვრივის მოგონებების მიხედვით გადაიღეს. გიგა ლორთქიფანიძემ კი „ქაღალდის გული“ ლადო ათანელის მეუღლის, მანანა ჩიქოვანის მოგონებებზე დაყრდნობით გადაიღო. ის, რაც მანანა ჩიქოვანს შესაძლოა დაევიწყებინა, აღბეჭდილია სამოყვარულო ვიდეოკამერაზე. არაფრისმთქმელი კადრები მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ ლადო ათანელი, მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი, მსოფლიოში ბევრს მგზავრობს, ყველგან ნამყოფია, ყველგან იცნობენ, უყვართ და ავტოგრაფებს ართმევენ. ერთი სიტყვით, „ჰომ ვიდეო“, რომელსაც იყენებს გიგა ლორთქიფანიძე ფილმის ფუნდამენტად, არ გამოდგება ლადო ათანელის მყარი და სრული პორტრეტის შესაქმნელად. ესოდენ მწირი რესურსით იქმნება ათანელის აწმყოს, წარსულისა და მომავლის ბუნდოვანი სურათი. რუსები ამბობენ - გრაფომანი მშვენიერებაზე ისე წერს, როგორც შეუძლია და ნიჭიერი ადამიანი კი მშვენივრად წერს ნებისმიერ საგანზე თუ მოვლენაზეო... უნიჭობა უსაფრთხოა თუ მას არ მიმართავ. ეს ცნება აქსიომატური უნდა იყოს რეჟისორისთვის, მომღერლისთვის, ნებისმიერი ხელოვანისათვის, რომელიც საზოგადოებასთან დიალოგს მართავს და უკუკავშირზე ფიქრობს. ფილმის „ქაღალდის გული“ პრემიერის შემდეგ უკუკავშირი არ დამინახავს; აპლოდისმენტები არ გამიგია! კინოთეატრიდან გულდაწყვეტილი გამოვდიოდი. ფილმის პრემიერას წინ უძღოდა ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის დაარსება. კარგია, როცა მომღერალი აფუძნებს ფონდს სახელწოდებით „თანადგომა“, მაგრამ ცუდია, როცა ამასობაში ხვდები, რომ თანადგომა სწორედ მას სჭირდებოდა... ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - უდაოდ კარგი ბარიტონის, ლადო ათანელის Face-ის რეალურ ფასს ოპერაში შესრულებული არიებით შეიცნობთ და არა გიგა ლორთქიფანიძის ფილმით „ქაღალდის გული“... უკვე მერამდენედ - უკომენტაროდ!


No comments:

Post a Comment