Thursday, April 16, 2009

ჯაჭვლიანის ჯაჭვი (განსხვავებული აზრი)


სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების სვანური სლაიდ-შოუ

6 მარტს კინოთეატრ ”ამირანსა” და ”რუსთაველში” ძმების, სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა. ჯაჭვლიანების ”სვანი”, ერთის მხრივ, საინტერესოა როგორც სოციოლოგ-ფსიქოლოგებისთვის, ისე ქართველი მაყურებლისთვისაც, რომლებიც კინოეკრანიდან გაეცნობიან სხვანეთის ბუნებასა და მთაში დღემდე შემორჩენილ ადათ-წესებს - სიტყვის ფასსა და მისი გაუფასურების შემთხვევაში სისხლის აღებას. საინფორმაციო გამოშვების წყალობით ტელემაყურებელმაც, მით უმეტეს ტურისტებმაც კარგად გაიცნეს სვანეთის, განსაკუთრებით კი სვანი კაცის ბუნება და, სავარაუდოდ, ჯაჭვლიანების ”სვანი” ვერ შეასრულებს ქვეყნის სავიზიტო ბარათისა და მოსაწვევის ფუნქციას.


ძმები ჯაჭვლიანები არც ძმები კოენები არიან და არც ძმები ვაჩოვსკები. სიმართლე ითქვას, ამის პრეტენზია არც სოსო და ბადრი ჯაჭვლიანებს უნდა ჰქონდეთ, მით უფრო, რომ მათ შემოქმედებას კინოსთან ირიბი თუ პირდაპირი, მაგრამ მაინც ზედაპირული კავშირი აქვს. ”სვანი” მთის ბუნების, არაჩვეულებრივი ლანდშაფტების, თვითმყოფადი და ჯერ კიდევ ხელუხლებელი ადგილების სლაიდ-შოუს ჰგავს. სამწუხაროდ, ამ სლაიდ-შოუში ტექსტს ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც დიაფილმზე აღბეჭდილ ტიტრებს... მსახიობების დიალოგი დეკლრირებას უფრო ჰგავს, ვიდრე ”ცოცხალ” საუბარს - ერთი ასრულებს თავის სათქმელს, ახლა მეორის ჯერია და ასე გრძელდება თითქმის საათნახევარი.

ეს ის მძიმე ჯაჭვია, რომელიც ჯაჭვლიანების კინოენას აკავებს და რომელსაც ფილმის მანძილზე ერთი წუთითაც ვერ წყვეტენ. მათი კინო კინოთეორიისა და, რაც მთავარია, პრაქტიკის მიღმა დგას. თუმცა ეს ის ნაივური კინო არ არის, რომელსაც გოდერძი ჩოხელის ფილმებით ვინცობთ; ეს უფრო ექსპერიმენტული კინოა... ექსპერიმენტულიც იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებელზე ცდებს ატარებენ - რამდენად გამძლეა, რამდენად ტოლერანტულია... რამდენად გადაიხდის საკუთარი თავის გამოსაცდელად შვიდ ლარს, ან უფრო მეტს.

ფილმში ჯაჭვის გაწყვეტა მით უფრო რთულია, რომ აქ სვან მონტეკისა და კოპულეტის ”ნათესაურ” (თუ მონათესავე) კლანებს შორის ინცესტუალურ კავშირზეა ლაპარაკი. ინცესტუალური კავშირი დამახასიათებელი იყო პირველყოფილი საზოგადოებისთვის, მცირე და დახურული სოციუმისთვის, რომელშიც არჩევანს განსაზღვრავდა ადგილი და პირიქით... დასკვნა თავად გამოიტანეთ - ლამის ანეკდოტური სიტუაცია, რომელშიც ხანდახან უაღრესად (თუ არა უკიდურესად) მორალისტური პოზიცია გინდა დაიკავო - რას ერჩიან ფილმის ”ანტიგმირებს”? ინცესტუალური კავშირი იკრძალება და ისჯება როგორც მიწიერი კანონით, ისე ღვთის რჯულით. ღმერთი შიში კი სვანეთში დღემდე დიდია. რა ვქნათ ახლა? სამწუხაროა, რომ ფილმში სიყვარულმა გამოხატვის სხვა გზა და ხერხი ვერ ჰპოვა. ინცესტი ის უკიდეურესი სიყვარულის ფორმაა, რომელიც ჯაჭვლიანების სლაიდ-შოუში ჩანს და თან, ვშიშობ, ერთადერთი ნათელი წერტილია, რომელსაც გულმოდგინეთ შლიან სცენარიდან საშლელით.

სალომე გასვიანი სწორედ ის მარიტაა, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა და აბულაძის ფილმიდან ჯაჭვლიანების სლაიდ-შოუში გადმოინაცვლა. ჩანს, აბულაძესთან თანამშრომლობას არ ჩაუვლია უკვალოდ, მაგრამ სხვაობა დიდია. მით უფრო, რომ აბულაძის დინამიზმის შეგრძნება ჰქონდა, აქ კი კამერა უკიდურესად სტატიკურია; იქ კამერა აღმაფრენას განიცდის, აქ კი, მთაში მიმდინარე გადაღებების მიუხედავად, კამერა დამიწებულია და აღმაფრენის პერსპექტივაც არსად ჩანს.

სვანური სლაიდ-შოუ ტყუილად არ მიხსენებია. ფილმს კინოსთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც მე რომანოვების დინასტიასთან. ფილმის ანოტაციასაც ასე დავწერდი: ნატვრის ხე + რომეო და ჯულიეტა + ჩიტო-ჩიორას ზღაპარი + პატარძალი იყო შავებში - შეთავსება = კინოანეკდოტი და შავი იუმორი. ვერც ერთი ზემოხსენებული ვერ უწევს სრულფასოვან დონორობას ფილმსა და სცენარს, რადგან ლოგიკის ირაციონალურით ჩანაცვლება და პირიქით, წარმოუდგენელია. ეს არათანაფარდი ცნებებია. სწორედ ამიტომ კინოდარბაზში ხანდახან ჰომერულად იცინოდნენ და ამის შემდეგ აღარავინ მითხრას, რომ ბრიტანელებს აქვთ სპეციფიკური იუმორი. არც ჩვენ გვქონია მაინცდამაინც ჯანსაღი და გასაგები, თუკი იმაზე ვხალისობთ, რაც ფილმში ხდება. ვფიქრობ, ამ სპეციფიკური იუმორის ზოგადად ქართული იუმორის ანთოლოგიაში ინტეგრირება საკმაოდ ჭირვეული პროცესი იქნება.

ფილმს ლოგიკა თითქმის არ გააჩნია. ჯაჭვლიანი გაურბის თემის, სხვა კლანის რისხვას რუსეთში და თავს აღწევს სიკვდილს. შემდეგ ჯარში მიდის, იქ სერჟანტს გალახავს და ციხის თავიდან დასაღწევად თავის რუს ძმადნაფიცთან ერთად სვანეთში იხიზნება... სად არის აქ ლოგიკა? თუ არის, ოღონდ პრინციპით ”შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველს” და არა მამა-პაპური ”ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა”? მეორეს არც მე ვეთანხმები და არც პატივცემული ლოგიკა, რადგან მეორე პრინციპის აქსიომატიზაცია რთულია, როდესაც ფილმში ოჯახის ყველა წევრს გიკლავენ.

სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების, სალომე გასვიანის გარდა ფილმში ონისე ონიანი და ელგუჯა ბურდულიც მონაწილეობენ. ბურდული უხუცესის როლს, ხოლო ონისე ონიანი უბნის ინსპექტორის როლს ასრულებს. ქართული კინოს ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა და უხუცესი, ელგუჯა ბურდული მხოლოდ მაშინ ჩნდება ეკრანზე, როდესაც კლანებს შორის მტრობა პიკს აღწევს. ეს სცენა შერიგება-გარიგებას ჰგავს, რადგან კონფლიქტის განმუხტვა არ ხდება ურთიერთპატიების ნიადაგზე. დაზავება აფხაზეთის ომის ფონზე ხდება. შესაბამისად, კათარზისზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან კონფლიქტი კვლავ არსებობს და ამჯერად უკვე ნეგატიური მუხტის აკუმულაციას ვადევნებთ თვალ-ყურს, რომელიც გადამტერებულ თემში მოთმინების ფიალის გავსების შემთხვევაში ძაბრის პრინციპით მხოლოდ ერთ გასავალს ჰპოვებს - შურისძიებას. ამ მხრივ ფილმის ფინალიც ადვილი ამოსაცნობია.

აფხაზეთის თემა ფილმში ნახევარტონში ჟღერს. აფხაზეთის ომის შესახებ რადიოგადაცემიდან ვიტყობთ და რეჟისორი კლანებს შორის შირიგების მოტივაციას სწორედ ამაზე აგებს. ახლა ჩვენი მტრობის დრო არ არის! ქართველები აფხაზეთში ომობენ, - ამბობენ ისინი. მაგრამ ამის შემდეგ სვანეთის გავლით არც დევნილების მრავალათასიან გრძელ კოლონას გვიჩვენებენ და არც გზაში შიმშილისა და წყირვილისგან, ძირითადად კი სტიქიისგან დაღუპულ ადამიანებს. შესაბამისად, ქართველების გადარჩენა ისეთი ზედაპირული თემა აღმოჩნნდა ფილმში, რომ მის ფონზე რეჟისორმა გვარის გადარჩენის თემის გაძლიერება არჩია. სიმართლე ითქვას, აქ ეგოიზმი არაფერ შუაშია. უბრალოდ გვარის სიკვდილს მთაში ყველაზე მტკივნეულად განიცდიან, რადგან მთა დაცარიელდა... მოკვდა. თუმცა აფხაზეთის თემაც უფრო მეტ აქცენტირებას ითხოვს, ვიდრე რადიოშეტყობინების გაჟღერება!

და მაინც, ჟაჭვლიანების მხატვრული ფილმი ”სვანი” ბევრ საფიქრალს გიჩენს. ჩემთვის მთავარია რა ბედი ეწევა სვანეთში ქართველისა და რუსი გოგონას სიყვარულის შედეგად დაბადებულ ახალშობილს, რომელსაც ფილმის ფინალში მამას უკლავენ. რა კათარზისზეა ლაპარაკი, როდესაც ლამის მიზანთროპული გულგრილობით აფიქსირებ გარდაუვალ ფაქტს - მსხვერპლშეწირვა გრძელდება, შურისძიება გენეტიკაში გვაქვს... თოფის ქუხილი ერთადერთია რაც რეალისტურად ჟღერს ფილმში და, სამწუხაროდ, ის ერთადერთი საერთო ენაა, რომლითაც ერთმანეთს ელაპარაკებიან გმირები. აქ თურმე კომუნიკაციის პრობლემაც ყოფილა... ამის მერე ”მაგთის” მობილური, უსაზღვრო და, რაც მთავარი, უსაფრთხო კავშირის სარეკლამო ტიხარი მახსენდება - რომელიც ამ შემთხვევაში ცალსახად გულისხმობს - შენ თოფი რად გინდა! შენ მობილურიც გეყოფა...

დურაკობანა


ნინო კირთაძის ივანუშკები და სულელები ფილმში ”დურაკოვო - სულელების სოფელი”



უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია მაინტერესებდა, რას ნიშნავდა რუსული Богостроительство და Богоискательство. როგორც იქნა, კინოდოკუმენტალისტისა და მსახიობის, ნინო კირთაძის ფილმი ”დურაკოვო: სულელების სოფელი” (2008 ”სანდენსის” კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო უცხოენოვანი დოკუმენტური ფილმისთვის გრან-პრი მოიპოვა) მეც ვნახე და მივხვდი - ეს ის მარკეტინგული შეთავაზებაა, როდესაც არსებობს პროდუქტი და მასზე მოთხოვნა: ერთი აგებს, შემდეგ რეკლამას მიმართავს, მისაღებ ფასში სთავაზობს, მეორე კი იძენს იმ არამატერიალურ ფასეულობას, რომლის ღირებულებაც მხოლოდ სულიერი კომფორტით განისაზღვრება.


მეტიც, ქრისტიანული რელიგია ერთგვარი ბრენდის სახით რომ განვიხილოთ, აშკარაა, რომ ეკლესია ნუგეშისა და იმედის ყველაზე წარმატებული, ამასთანავე, ყველაზე კონკურენტუნარიანი დისტრიბუტორია. ბრენდი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ თავის დროზე ინდულგენციის სახით ვატიკანმა ქვე-ბრენდი და საკრედიტო ბარათიც კი შექმნა, მაგრამ თავისი სასიცოცხლო ციკლის გავლის შემდეგ ამ პროდუქტმა აქტუალობა ამოწურა. აქტუალობას არ კარგავს რელიგია, რომელზეც ზოგი აპელირებს, ზოგიც სპეკულირებს. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ეს არის Богостроительство და მისი გამოვლენის ნათელი მაგალითი.

ნინო კირთაძის ფილმის ”დურაკოვო: სულელების სოფელი” არცკი ვიცი, გმირი თუ ანტიგმირი, ყოფილი ლოთი, ე.წ. ახალი რუსი და პირველი ჩეჩნური კამპანიის დროს კანონიკური ხატების სპეკულაციაზე გამდიდრებული, ”ბოგოსტროიტელი” მიხეილ მოროზოვი კი სწორედ ასეთი ჯიშის მარკეტოლოგებს განეკუთვნება, რომელიც აღმოჩნდა В нужное время внужном месте...

საჭირო დროს და ხელსაყრელ პირობებში მოროზოვი ფაქტობრივად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის იდეებს აჟღერებს და ამასთანავე ქადაგებს - რუსეთი უფლებას იტოვებს იპოვოს დემოკრატიის ”თავისებური ფორმაო”... ტოტალიტარულ სახელმწიფოში დემოკრატიის თავისებური ფორმა თავისებურად ვლინდება. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ერიხ ფრომი ასე წერს - ”მონა და ბატონი კორელატიურნი არიან; მათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ”. მართლაც, მოროზოვის მიკროკლიმატურ გარემოში მთავარია ქრისტეს სახელით დამონებული ადამიანი იმ სიგრძის ჯაჭვზე იყოს მიბმული, რომ მონობის ბორკილის შეგრძნება არ დარჩეს, ან ნაწილობრივ გაანეიტრალოს და ლუკმა-პური არ ქონდეს საძებნელი. ასე ყიდულობენ ძაღლურ ერთგულებას და არა სიყვარულს. კირთაძის ფილმი იმდენად ანატომიური სკრუპულოზობით აღწერს ყოველივე ამას, რომ ფირზე ნელ-ნელა აღიბეჭდება ”იდუმალი რუსული სულის” ხილული სურათი. ”დურაკოვო” კირთაძის მისტიკური ქვეყანა არ გეგონოთ. ის მოსკოვიდან ასი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლის ისტორიული სახელწოდებაა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია. ოთხ საუკუნეზე მეტია არსებობს დურაკოვო და თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რაც იქ მოროზოვი ბატონობს. რუსი ერი ბატონ-ყმობას შეჩვეულია. მით უმეტეს, რომ მოროზოვი გულმოდგინეთ განმარტავს მის ღვთაებრივ წარმომავლობას. ამასთანავე განმარტავს საკმაოდ გრამატიკულად, მასებისთვის გასაგებ ენაზე, - ”ცაზე და მიწაზე არსებობდა, არსებობს და იარსებებს იერარქია. იერარქია ღმერთისა და ანგელოზების შორისაც არსებობს... ამიტომ არ არის არავითარი დემოკრატია”.

ამიტომ მიხეილ მოროზოვის ”დურაკოვოშიც” მხოლოდ ერთი სახელდახელოდ შეთხზული ლოცვა იციან სხაპასხუპით, - Боже, дай мне разум и душевный покой принять то, что я не в силах изменить; мужество изменить то, что я могу, и мудрость отличить одно от другого. Аминь... როგორც ვხედავთ, აბსოლუტურად უგულებელყოფილია ქრისტიანობის მთავარი და ლიბერალური პოსტულატი - ნებისმიერი ადამიანი თავად ქმნის და განაგებს თავის ბედს. ღმერთი მას მხოლოდ არჩევანს სთავაზობს... ამის ნაცვლად მოროზოვი ფატალიზმს ქადაგებს, მისი კრება კი კომპარტიის სხდომას ჰგავს.

არცაა გასაკვირი, რომ მოროზოვის გენში გულმხურვალე პატრიოტისა და თავმდაბალი მორწმუნის საწყისი ერთი-მეორეს კი არ ებრძვის, არამედ ჰარმონიულად ერწყმის. თუმცა ჰარმონიაც ისეთივე ამორფულია, როგორიც, ერთის მხრივ ფსევდოფასეულობებზე, მეორეს მხრივ კი ნამგალსა და უროზე აღმოცენებული რუსული დემოკრატია. მოროზოვისთვის თანამედროვე რუსეთი და დემოკრატია ორთავიანი არწივი და სახეშეცვლილი სოციალისტური ჰიმნია. სხვათა შორის, ჰიმნი, ძირითადად მუსიკას ვგულისხმობ, მართლაც არაჩვეულებრივია. ის ხომ ცალსახად გადმოსცემს რუსი ერის ნოსტალგიას, აჟღერებს ყველაზე დემოკრატიულ მესიჯს - Вся власть - народу!

ნინო კირთაძის თქმით, სხვა რეჟისორებისაგან განსხვავებით დემოკრატიის თემაზე ფილმის გადაღება მან რუსეთში არჩია. არ ვიცი, რატომ და რისთვის. ფაქტია ერთი. კინოდოკუმენტალიზმის პრინციპები მისთვისაც აქსიომატურია და ფილმში ყველა სცენა აუთენტიკურია. ჩემი მეგობრისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო კირთაძე ასე იგონებს ფილმზე მუშაობის პროცესს: ”ასეთი დამთრგუნველი და ფსიქოლოგიურად მძიმე სამუშაო პირობები არასდროს მქონია. ასეთ მდგომარეობაში იყო გადამღები ჯგუფიც, თუმცა ამ გარემოსთან წინასწარი შეხება ძალიან დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მჭირდებოდა და კონკრეტულად რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება”, (ია ვეკუა, ”დურაკები”, გაზეთი ”24 საათი”).

კირთაძეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ის გარემო, რომელშიც დოსტოევსკისეული ”ადამიანს ხანდახან ღმერთის სწამს სიამაყისგან” დიამეტრალურად განსხვავდება მოროზოვისეული რეპრესიული ”სიამაყე ამპარტავნებაა, მორჩილება - კეთილშობილება”. თუმცა დოსტოევსკი გულისხმობდა იმას, რომ, ადამიანს სწამს ღმერთის სიამაყისგან ერთი მიზეზით - ამქვეყნად ის ქედს იხრის მხოლოდ ღმერთის წინაშე... ”დურაკოვო” კი, ისევე როგორც მთლიანად რუსეთი, პარადოქსულ რეალობას გვთავაზობს, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ემსახურებიან მოროზოვს... თავისი ნებით იდებენ მონობის უღელს, უარს ამბობენ გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე, კომუნიკაციაზე - ტელევიზორზე, სატელეფონო კავშირზე, დიალოგზეც კი.

თუმცა პარადოქსი ის არის, რომ ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დატოვონ მოროზოვის სასახლე, მაგრამ თავისუფლებას მაინც მონობას არჩევენ. ამ დროს გახსენდება ნაით შიამალანის მხატვრული ფილმი ”სოფელი” (Village), რომელიც რუსულად, რატომღაც, ”იდუმალ ტყედ” თარგმნეს. არადა სათაური ”სოფელი” ზუსტად გადმოსცემს როგორც შიამალანის, ისე ნინო კირთაძის ფილმის ქვეტექსტს - იზოლაციის შედეგად ინდივიდის თანმიმდევრული დეგრადაციის საფრთხეს, გარე სამყაროსთან გაუცხოვებას.

თავის დროზე კირთაძის დოკუმენტურმა ფილმმა ”ჩეჩნური იავნანა” ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. ოდეზღაც არსებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა მის ფილმში მიწასთან გასწორებულია. ფილმმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე. ფაქტობრივად გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესახებ გადაღებულ ფილმს უარყოფითი გამოხმაურება მხოლოდ რუსეთში მოჰყვა. არ არის გამორიცხული, მით უმეტეს მოროზოვის ”გაშიშვლების” შემდეგ, ფილმი ”დურაკოვო” - სულელების სოფელი” ანტირუსულ კამპანიად მონათლონ. მით უფრო, რომ რუსულ-ქართული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილება, გადაიღოს ფილმი რუსეთში დემოკრატიის არარსებობის შესახებ, პუტინის პოლიტიკის ირიბი თუ პირდაპირი კრიტიკის მცდელობას ჰგავს.

სიმართლე ითქვას, კირთაძე ფილმში მოროზოვის უახლოესი მეგობრის, დუმის ვიცე-სპიკერის, სერგეი ბაბურინის შოვინისტური და ნეონაცისტური იდეების აფიშირებას ახდენს. ბაბურინის პარტიის სხდომაზე ცალსახად ქადაგებენ ”გაურკვეველი ეროვნების” მოსახლეობის თითქმის დისკრიმინაციულ პოლიტიკას. ცხადია, მოროზოვს არ მოსწონებია ფილმი. მით უფრო, რომ რეჟისორმა ”დურაკოვოს” თავისებური ინტერპრეტაცია შესთავაზა - ”დურაკოვო - სულელების სოფელი”. მაგრამ რა ქნას ნინო კირთაძემ თუ ოდითგანვე ”დურაჩოკები” რუსული კულტურისა და ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. ამბობენ კიდეც, - ”რუსეთში ორი უბედურებაა - გზები და სულელებიო”. თუმცა ჯერ კიდევ ოტო ბისმარკს უთქვამს ასეთი რამ, - ”არასოდეს იომოთ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ნებისმიერ თქვენს გონივრულ ტაქტიკურ სვლაზე რუსები გიპასუხებენ თავიანთი მოულოდნელი სისულელეთი”... ტყუილად არ ემუქრებიან კირთაძის ფილმში ნატო-ს მოროზოვის მეგობრები - ცხვირის შემოყოფა არც გაბედოო! ტყუილად არ ყოლიათ რუსებს ზღაპრის მთავარი გმირი ივანუშკა დურაჩოკი, რადგან დურაჩოკები იყვნენ ყოველთვის და ასეც იქნებიან ქვეყნის მმართველები, ვიდრე დემოკრატიის თავისებური ფორმის ძიებას არ მორჩებიან; ვიდრე ბუხარზე შემომჯდარს სხვა ემსახურება.

ამ ექსპრესიულ ფილმს ფინალიც შესაბამისი აქვს. ფილმის ფინალი ყველაზე დამთრგუნველია. რეჟისორის კითხვაზე მოროზოვის ყმები არადამაჯერებლად პასუხობენ. ნათელი ხდება, რომ რაც ჩასძახეს, იმას ამოსძახებენ. მერე დაზუთხულ ფრაზებს მრავლისმთქმელი დუმილი ენაცვლება. მერე იმასაც ხვდები, რომ ამ ხალხს უკვე მერამდენედ, მრავალი საუკუნეა ”ადურაკებენ”...

ყოფიერების აუტანელი სიმძიმე


სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების ”სვანი” - ჩვეული და უჩვეულო მორალი


კინოეკრანებზე სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების მხატვრული ფილმი ”სვანი” გამოჩნდა. სიმართლე ითქვას, ბაბლუანის ”მემკვიდრეობის” შემდეგ მაყურებელს გაუჭირდება კიდეც სვანეთის შესახებ ალტერნატიული სურათის ობიექტურად შეფასება. ”სვანისა” და ”მემკვიდრეობის” ერთ რაკურსში განხილვა ისეთივე შეცდომაა, როგორიც მხატვრული და დოკუმენტური, მით უმეტეს, რეპორტაჟული ფოტოს შედარება-შეჯერება. მართალია, ქართველი მაყურებელი ძალზედ პრეტენზიულია, მაგრამ ეს ფილმის აღქმის დამხმარე საშუალებად ვერ იქცევა. მეტიც, პრეტენზია ემპირიულ ცოდნას ეყრდნობა, რომლის გათვალისწინებით ვერასოდეს შევთანხმედებით იმაზე, რომ მთის ადათ-წესებზე ოდესმე ”ვედრებაზე” უკეთეს ფილმს გადაიღებენ, ან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემდეგ მთაზე წერა ღირდეს.

ანეკდოტებს, ან ხალხურ თვითშემოქმედებას თუ დავუჯერებთ, სვანი ადამიანის სიდინჯე ღიმილის მომგვრელია. თუმცა სიდინჯე ჩვევად გექცევა, როდესაც ცხოვრობ პრინციპით - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი; როდესაც პირველი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს უკანასკნელი. ჯაჭვლიანებმა ეს კარგად იციან და სვანური ადათ-წესების ცოდნაში მათ არავინ ეცილება.

ჯაჭვლიანების ფილმში სვანეთის თვითმყოფადი და მკაცრი ბუნების ფონზე უფრო მკვეთრად კონტრასტული ხდება კერპთაყვანისმცემლური და ქრისტიანული კულტურათა ურთიერთქმედება; ურთიერთსაწინააღმდეგო მორალისა და ზნეობის - ”კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ” და ”მარჯვენა ლოყაში თუ გაგაწნეს სილა, მეორეც შეუშვირე” სახიფათო სიმბიოზი. ეს ის ყოფაა და ყოფიერების აუტანელი სიმძიმე, რომელიც ქალაქელ ადამიანს არ გაწვება ფსიქიკაზე და მხრებზე. ქალაქში ყველაფერს მიწიერი კანონი არეგულირებს, მთაში კი, როგორც ამას სოსო ჯაჭვლიანი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, - ”სახელმწიფო რომ არ არის თავის დონეზე მერე ადამიანი ხდება კანონი...”

ჯაჭვლიანების ”სვანი”, კინოესთეტიკის თვალსაზრისით ვერ პასუხობს კინომანების მოთხოვნას, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს კინოგურმანების მოთხოვნილებას, რადგან ფილმი მათ აწვდის რთულად გადასამუშავებელ სულიერ საზრდოს. თავისთავად რთულია აღიქვა და ”გადაამუშავო” რეალობა, რომელშიც ორი მონათესავე ოჯახის მტრობის საბაბი უსაზღვრო სიყვარული ხდება. თითქმის პარადოქსული სიტუაცია შექსპირის ”რომეო და ჯულიეტას” გაგონებს, მაგრამ ”სვანის” რეჟისორი საკმაოდ საჩოთირო მდგომარეობაში იმყოფება - მონათესავე ოჯახების სისხლის აღრევა სხვა არაფერია თუ არა ინცესტი. არანაკლებ საჩოთირო საკითხია, ღირს თუ არა ამ ფაქტორის გათვალისწინებით სიყვარულის იგნორირება, მით უმეტეს, რომ ”მონათესავე” და ”მოგვარე” არ არის სინონიმები... ვფიქრობ, ”სვანში” ერთი-მეორესთან მონათესავე (ღმერთი უწყის, რომელ თაობაში) ადამიანის სიყვარული იმაზე ნაკლები ცოდვაა, ვიდრე რელიგიაში ადამი და ევას შთამომავლობის იძულებითი ინცესტუალური კავშირი...

მიუხედავად ამისა, ფილმში სალომე გასვიანის ლინჩის წესით გასამართლებას წინ ვერაფერი აღუდგა. ისიც ისე უმოწყალოდ მოკლეს ამორალური მორალის ფარს ამოფარებულმა ნათესავებმა, როგორც გაუსწორდნენ მარიტას აბულაძის ფილმში ”ნატვრის ხე”. ამ ვანდალური აქტის უსაფუძვლობას სალომე გასვიანის კინოგმირის მამა თვითმკვლელობით ადასტურებს. ეს ის იშვიათი მაგალითია, როდესაც მთიელი, ამ შემთხვევაში კი ფილმის რეჟისორი, საზოგადოებრივი აზრის მონობას ლამის პათოლოგიად ასახავს - თემის თვალწინ მამამ შვილი მოკლა და ამრიგად აღასრულა ადათ-წესი, დააკმაყოფილა თემის მოთხოვნა, მაგრამ ვერ უზრუნველყო ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ჩანს, ასეთი ყოფა და საზოგადოებრივი აზრის მონობა არა მხოლოდ კომუნალურ პირობებში აღზრდილი თაობის, არამედ მთიელებისა და მათი სოციალური კულტურის ბედისწერაა...

ამ სოციო-კულტურას ჯაჭვლიანები ზედმეტი შელამაზების გარეშე გვიჩვენებენ. ფილმის შელამაზებას არც სვანური ფოლკლორის ანსამბლის გამოჩენა იწვევს - ფილმის ერთ-ერთ სცენაში საფლავზე სიმღერა ვიღაცისთვის, მეტწილად კი ეთნოგრაფიაში გაუთვითცნობიერებელი მაყურებლისთვის კომიკურ, ვიღაცისთვის კი ტრაგიკულ ელფერს იძენს. გახსენდება ”სვანური ზარი”, რომელიც ლოცვასაც ჰგავს და გოდებას. ასე ემშვიდობებიან სვანეთში და ამის იგნორირება ან შეურაცხყოფა, თუნდაც იმის ხაზგასმით, რომ ”ეს სცენა - არაკინემატოგრაფიულია”, ჯანსაღ კრიტიკას არ შეეფერება.

სვანეთში რომ ყველაზე მტკივნეულად განიცდიან გვარის სიკვდილს იქიდანაც ჩანს, რომ ძმებმა ჯაჭვლიანებმა თავისი გვარი ფილმის მთავარ გმირს ”გადაულოცეს”. ჩანს, ამ გვარმა ავტორებისგან დამოუკიდებლად ეკრანზეც უნდა იარსებოს. ბადრი ჯაჭვლიანის კინოგმირი ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც სათუთად ზრუნავს გენეოლოგიური ხის დაცვაზე. სწორედ ამიტომ არც ის უნდა იყოს მაინცდამაინც ალოგიკური თუ მოულოდნელი, რომ სიკვდილის რისკის მიუხედავად იგი რუს მეუღლესთან ერთად (რუსი მეუღლე, ჯარიდან გამოყოლილი რუსი მეგობარი - ამას ნაკლებად დაჰკრავს პოლიტკორექტულობის ელფერი, ნოსტალგიის ელფერი კი ცალსახად) მულახის თემში, ჯაჭვლიანების საგვარეულო კოშკში ბრუნდება. მთავარია არა ის, რა დარჩება მას, არამედ ის, რასაც იგი დატოვებს აქ... ეს კი მხოლოდ ფინალში ირკვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ აბულაძის ”ვედრება” საშა ანტიპენკომ (”მონანიება” კი მიხეილ აგრანოვიჩმა) გადაიღო. ”სვანის” დაუვიწყარი ლანდშაფტები კი ევგენი მუზრუკოვმა აღბეჭდა. შესაბამისად, ვფიქრობ, არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ ქართული ბუნების (მით უფრო ქართული სულის) მხოლოდ ქართველებს გვესმის; მხოლოდ ჩვენ ვხედავთ ამ მკაცრი ლანდშაფტების მიღმა ფაქიზ და ნატიფ სილამაზეს. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მუზრუკოვის მოწვევამ გაამართლა, რადგან სწორედ მისი თანამონაწილეობით სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების ფილმი "სვანი" მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ”ოქროს ფოთოლცვენა - 2007” კინოპრესის ჟიურის სპეციალური დიპლომით "თანამედროვე ეკრანზე ეროვნული კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისათვის" აღინიშნა.

მსახიობების მანერულობა ფილმის სუსტი მხარეა და სტანისლავსკის მეთოდით მსახიობების წრთობამ ხშირ შემთხვევაში უკუშედეგი გამოიღო - იქ, სადაც სპონტანურობა იქნებოდა ფასდაუდებელი, იგრძნობა ფალში, გადათამაშება; ჩანს თეატრალური კულისები და არა კინოეკრანი... ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა ფილმის არაპროფესიონალ მსახიობებზე, ტიპაჟებზე აგება, რაც ერთი-ორად გაზრდიდა ”სვანის” რეალიზმს და მაყურებლისა და, ამასთანავე, კრიტიკოსების სიმპათიას. სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ მსახიობებს მანერულობას აბრალებენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი ზედმიწევნით იცავენ სტილს - საუბრობენ დინჯად, თითოეული სიტყვის აწონ-დაწონით, ერთმანეთს სათქმელის დასრულების საშვალებას აძლევენ და მხოლოდ ამის შემდეგ სცემენ პასუხს. ესეც კულტურის ნიშან-თვისებაა, რომელსაც ზრდილობა ეწოდება და მთიელებში ოქროს ფასად იწონის...

თუმცა, რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ფილმის ფინალი ყველაზე რეალისტურია და მძაფრი. მონათესავე ოჯახები დაზავდნენ, მაგრამ სახლიდან გამოსული ბადრი ჯაჭვლიანის კინოგმირი გადამტერებული მეზობლის, ძმის მკვლელობისთვის შურისმაძიებელი ადამიანის მსხვერპლი ხდება. ბადრი ჯაჭვლიანის წინაშე სოსო ჯაჭვლიანი პირწმინდა და მართალია - იგი არ მოუკლავს დაზავებულ, ძველ მტერს. იგი ბედისწერამ იმსხვერპლა. საჭირო იყო თუ არა ასეთი ფინალი? ასეთი კათარზისი? ვფიქრობ, რომ კი. ამან სამუდამოდ დაასამარა მტრობის მიზეზი, ნათესავებს შორის არსებული შუღლი და მშვიდობიანი მომავლის გარანტად დატოვა უცოდველი ახალშობილი...

საფეთქელთან მიტანილი ”რევოლვერი”


გაი რიჩი – "ბრიტანელი ტარანტინო” და ხულიგნური კინოს აპოლოგეტი



თავისთავად, კინომოდა არსებობდა და არსებობს, მაგრამ მის ჩარჩოში მოქცეული ცალკეული ინდივიდების დიდება ისეთივე წარმავალია (და გარდამავალი), როგორიც სეზონური სამოსის. სიმართლე ითქვას, ბრიტანელი გაი რიჩის ხელწერა იმაზე მეტ მოლოდინს ქმნიდა, ვიდრე უბრალო კინომოდის მოვლენა, მაგრამ ბოლო ფილმმა (`რევოლვერი”) საკულტო რეჟისორს წარმავლობის დაღი დაასვა. კინომოდასა და კინოტენდენციის შორის სხვაობა დიდზე – დიდია. ფაქტობრივად, `დოგმის” კინომანიფესტის გაჟღერების შემდეგ ეს არსებითი სხვაობა კონკურენციის მიღმა ტოვებს, მართალია კალიგრაფიული სიზუსტით შესრულებული, მაგრამ მეტწილად ერთჯერადი ფილმების რეჟისორებს.

ასეთ განაჩენს გაი რიჩის ფანები ცხარედ აპროტესტებენ სხვადასხვა ფორმით ამა თუ იმ კინოფორუმზე, მაგრამ საპირისპირო კონტრარგუმენტების წონადობა იმდენად მცირეა და იმდენად მსუბუქი, რომ ერთი იოტითაც ვერ ანეიტრალებს განაჩენის სიმძიმეს – დაღვინებული გაი რიჩი ძმრის ფასადაც აღარავის უნდა...

თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რიჩიმ შეინარჩუნა ორიგინალურობა, თვითმყოფადი სტილი, სპეციფიკური ბრიტანული იუმორი და ა.შ. და ა.შ. მაგრამ სხვა პლიუსების მიწერისას, რომელიც, ფაქტობრივად, ნულდება ზოგადად რეჟისორის ბოლოდროინდელი შემოქმედების ფონზე, ივიწყებენ თვალშისაცემ ნაკლს – ა’ლია ტარანტინოს სტილს, ან უკიდურეს შემთხვევაში მის კლონირებას, რომელმაც ბრიტანეთში გაი რიჩის `ბრიტანელი ტარანტინოს” წოდება მოუპოვა. ამის შემდეგ რიჩის აბსოლუტურ თვითმყოფადობაზე აქცენტის გაკეთებაც ჭირს, მით უმეტეს, რომ ამ ორ რეჟისორს შორის სხვაობა თუ მსგავსება იმდენივეა, რამდენიც ბურატინოსა და პინოკიოს შორის... ანუ, მსგავსება არის, თუმცა სხვაობაც დიდია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტარანტინო პირველი იყო და ამ მარათონში ესტაფეტა არავისთვის გადაუცია. გაი რიჩის და ტარანტინოს დახასიათებისას კრიტიკოსები ორი სიტყვით შემოიფარგლებიან ხოლმე – ტენდენცია და სტაგნაცია. ერთი მეორის სინონიმი რომ არ არის, ორივე რეჟისორმა კარგად იცის, მაგრამ ტარანტინო თუ უმა თურმანისთვის და მის წყალობით შედარებით კარგ ფილმებს იღებს, გაი რიჩი მადონასთვის და მის გამო საკუთარი იმიჯით რისკავს... ფილმების `ბანქო, ფული და ორი ლულა” და `დიდი კუში” თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ გაი რიჩიმ კინოში მადონას პოზიციების გამყარებას მიჰყო ხელი და, რასაც ჰქვია, ინანა. 2002 წელს ოქროს ბიჭუნამ, გაი რიჩიმ სპეციალურად მადონასთვის და მისი მონაწილეობით ფილმი `წყალწაღებულები” (შწეპტ აწაყ – ადეკვატური თარგმანის ძიებაში შესაბამისი მხოლოდ `წყალწაღებულები” მაგონდება. მით უმეტეს, რომ რიჩიმ ამ ფილმთან ერთად თავისი იმიჯის 50%-იც `წყალს გააყოლა”. შესაბამიისად, ფილმის ასეთი თარგმანი სავსებით ადეკვატურია) გადაიღო. ფილმმა სრული კრახი განიცადა არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიო კინოგაქირავებაშიც. გაი რიჩის მიერ მადონას მისამართით გაცემული ეს თავისებური რენესანსი ათიდან ათმა კრიტიკოსმა დაიწუნა (2002 წელს ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაში ფილმმა `ოქროს ჟოლოც” კი მიიღო). უსიამოვნება გაგრძელდა - ფილმის გამო, პლაგიატის ბრალდებით, წყვილი საერთაშორისო სკანდალშიც კი გაება, მაგრამ პორნოინდუსტრიაში ფეხადგმული მადონასთვის სკანდალი ისეთივე სტიქია აღმოჩნდა, როგორიც სცენა, რომელზეც ის კარგა ხანია ღირებულს აღარაფერს ქმნის...

სამწლიანი დუმილის შემდეგ კი გაი რიჩიმ ახალი ფილმი გადაიღო, რომელსაც, სულ მცირე, მისი შელახული რეპუტაციის რეაბილიტაცია ევალებოდა. 2005 წელს მაყურებელმა პირველად იხილა `რევოლვერი”, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მაგალითად, რიჩის მორიგი რეფლექსიები ბანქოსა და განგსტერებზე ერთ-ერთ რუსულ კინოფორუმზე მოკლედ და ლაკონურად შეაფასეს - Фильм о разводке, где гай ричи развел зрителя на бабки... თავისთავად ცხადია, რომ გადახდილი ფასისა და შეძენილი ფასეულობის არათანაფარდობის შემთხვევაში მაყურებელი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება და გარკვეულ წილად კარგავს რეჟისორისადმი ლოილურობას. ნდომა მცირდება და მასთან ერთად კინოდარბაზში მაყურებელიც იკლებს... ამის შემდეგ რეჟისორი მოდიდან გადადის, ხდება ძველმოდური და ასაკთან ერთად მისი შემოქმედება მარაზმატულ ინტონაციას იძენს. თუმცა, გაი რიჩის ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჯერ კიდევ დარჩა საკოზირე ბანქო ხელში. მთავარია, რომ ეს სწორი და გათვლილი სვლა იყოს, რაც, ჰოროსკოპის ენით რომ ვილაპარაკოთ, იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში იგი ბანქოსა და განგსტერებზე ფსონის გაკეთებას უნდა ერიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იტყვის იმას, რომ `ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველიაო”. მასაც დაივიწყებენ და მის ადგილას ახალი კულტი შეიქმნება – მოდური.

გაი რიჩის შემოქმედების კრიტიკის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ერთგული ფანების სპეკულაციური იერიშები და მარტინ სკორსეზეს შემოქმედებასთან პარალელის გავლების ამაო მცდელობა. ამბობენ – მარტინ სკორსეზე ყოველთვის ხოტბას ასხამდა განგსტერებსა და მაფიოზებს. მეტიც, ზოგ მის ფილმი აშკარად ვალის მოხდის ხასიათი აქვს (`კარგი ბიჭები”, `კაზინო”) და ამის გათვალისწინებით გაი რიჩის ფილმების კრიტიკა უკიდურეს სუბიექტურობაში არ უნდა გადადიოდეს. სკორსეზესგან განსხვავებით, გაი რიჩის ფილმებში მსუბუქი ირონია, მეტიც, რეჟისორის თვითირონია და სპეციფიკური ბრიტანული შავი იუმორი მაინც სუფევსო...

სიმართლე ითქვას, ასეთი რამ იშვიათად მსმენია. კინოხელოვნებაში გათვითცნობიერებული მაყურებელი, მით უმეტეს, კინომანი ნაკლებად ავლებს პარალელებს სკორსეზესა და რიჩის შორის თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაი რიჩის წმინდა კლიპური (და არა კინემატოგრაფიული) ცნობიერება ამდაგვარი ინსინუაციების საბაბს არ უნდა იძლეოდეს. კლიპური ცნობიერება და ესთეტიკა, უნდა ვაღიაროთ, მართლაც რიჩის საფორმო ნიშანია, ხოლო რაც შეეხება სპეციფიკურ ბრიტანულ იუმორს – ის ამერიკულ ფილმებში გაბატონებული ე.წ. ტუალეტის იუმორს ესაზღვრება და რიჩის ფილმებს ხანდახან კინოანეკდოტის სტატუსს ანიჭებს.

გაი რიჩი ნამდვილად არ არის გამონაკლისი. თანამედროვე კინო ეს ამბიციების ჭიდილია კინოეკრანზე. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დაუსაბუთებელი და უტრირებული, საკუთარი თავის გადაფასებით გართული მსახიობები და რეჟისორები თავისი ღრმა რწმენით მიიწევენ იმ გვირაბის ბოლოსკენ, სადაც მათ სინათლის სხივი ელანდებათ. მას შემდეგ, რაც კინოკომიკოსმა ჯიმ კერიმ მისტიკურ ტრილერში მოსინჯა თავისი ძალები, თავს ზემოთ ხტომა რა გასაკვირია. ამიტომ `დაღვინებული” გაი რიჩის `რევოლვერსაც” გაგებით მოეკიდნენ და რეჟისორის უღიმღამო მცდელობა – გადალახოს ინტელექტუალური ბარიერი – მხოლოდ ნახევარტონში გააკრიტიკეს. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ `რევოლვერს” ელიტარული სტატუსი შესძენოდა და შესულიყო იმ ფილმებს შორის, რომელსაც `ყველა ვერ გაუგებს და ერთი ნახვით ვერ ჩასწვდება”.

მართლაც, `რევოლვერი” – ფილმი ჭადრაკსა და განგსტერებზე... ან კიდევ გაი რიჩის მორიგი რეფლექსიები წაგებულ და გამარჯვებულ მხარეზე შესაძლოა იმაზე მეტ პრეტენზიას აცხადებს კინოფილმის სტატუსზე, ვიდრე თავის დროზე ჰქონდა ფილმს `დიდი კუში” და `ბანქო, ფული და ორი ლულა”, მაგრამ `რევოლვერის” შემთხვევაში სათაური ორივე ფილმთან წამგებიან პოზიციაშია. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ `რევოლვერი”? ალბათ, მაინც იმიტომ, რომ მთელი ფილმი საკუთარ თავთან (ან კიდევ, ალტერ-ეგოსთან) რუსული რულეტის თამაშს წააგავს, რომელშიც მთავარი გმირი (გაი რიჩის აღმოჩენა – ჯეისონ სტეთჰემი) შიზოფრენიულ დუელში იმარჯვებს საკუთარ ალტერ-ეგოსთან.

ვინც ამ პრობლემას არასოდეს შეხებია (შიზოფრენიასა და პარანოიდალურ ხილვას ვგულისხმობ), ფილმის აღქმა ნაწილობრივ გაუჭირდება, თუმცა სურეალიზმის ნისლში გახვეული სიუჟეტი მისი ხელმეორედ ნახვის სურვილს გაგიჩენთ. პირადად მე, რიჩის ეს ფილმი ყველაზე სუსტი მგონია. X პერსონაჟი და შიზოფრენიული უტოპია ფილმს ელიტარულობის სტატუსს მნიშვნელოვნად ურყევს. სურეალისტური პასაჟები ხანდახან გადაჭარბებულიც გეჩვენება, რომლის მიღმა რეალურად ჭირს ლოგიკის პოვნა და ამ ლაბირინთში დაკარგვის ფობია კაპიტულანტურ პოზიციაში გაყენებს, როდესაც თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი რეჟისორის გენიის უპირობო აღიარება და კინოთეატრიდან გამოქცევაღა რჩება.

მაყურებელი, რომელიც ჭადრაკში ვერ ერკვევა, ნაკლებად გაიგებს გაი რიჩის კომბინაციებს, რომელსაც სპეკულაციურად ახვევენ ფსევდოინტელექტუალურ სახვევში. ჭადრაკისა და აფიორის ერთი-მეორესთან შედუღება მართლაც სპეკულაციური პასაჟია, რომელიც გიფანტავს ყურადღებას და ცრუ ორიენტირს გაძლევს, რომელიც დღემდე გაუგებარია – რა ხერხით და, რაც მთავარია, როდის მიგიყვანს ჭეშმარიტებასთან. ერთადერთი რაც ამ კინოკოლაჟში გამოიკვეთა ის არის, რომ `რევოლვერი” – რეჟისორის მორიგი მცდელობაა ჩაიხედოს სიღრმისეულად თამაშის არსში, მის ფსიქოლოგიზმში და დაამტკიცოს, რომ ორთავეს - აფიორასა და ჭადრაკს გონების დაძაბვა სჭირდება... თუ გაი რიჩის 90-იანი წლების შემოქმედებას ტარანტინოს ზეგავლენას უკავშირებდნენ, `რევოლვერი” დევიდ ლინჩის ფილმებს შეადარეს, რაც, ვფიქრობ, თანამედვორე ბრიტანული კინოს რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად... ასეა თუ ისე, მრავლისმეტყველია ისიც, რომ გაი რიჩის თვითმყოფადობაზე საუბრისას თავად მაყურებლები აგდებენ პათოსს, პერმანენტულად ამცირებენ რიჩის თვითღირებულებას, როდესაც მის უკან გამუდმებით ხედავენ სხვა რეჟისორების ლანდებს.

გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა


ერთი თვის წინ მთიან ყარაბაღში გამგზავრება 9 ლარი ღირდა. კონფლიქტურ რეგიონში ასეთი კომფორტული და უსაფრთხო ვოიაჟი უკვე მეორედ მომიწია. უკმაყოფილო არც გიდით დავრჩენილვარ, მით უმეტეს, რომ კინოპროდიუსერმა, ლევან კორინთელმა ყარაბაღში აფხაზეთის გავლით ჩამიყვანა... ვფიქრობ, ასეთივე განცდა ჰქონდა ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც იხილა ახალი ქართული ფილმი „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“. პროდიუსერების - ლევან კორინთელისა და არჩილ გელოვანის იმედი გამართლდა - თბილისის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.

ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პრემიერას არა მხოლოდ დიდი ინტერესით, არამედ გარკვეულწილად დიდი სკეპსისით ელოდნენ. ბუნებრივია, როდესაც პროდიუსერები კომერციულად წარმატებული ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას არა იმავე ლევან თუთბერიძეს, არამედ ახალბედა რეჟისორ ვანო ბურდულს ანდობენ, ფილმის პრემიერას გარკვეული რისკ-ფაქტორი ახლავს. თუმცა, ვანო ბურდულმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი „გრაფიტით“ იცნობდნენ (გიო ნაკაშიძისა და ნანკა კალატოზიშვილი მონაწილეობით), წარმატებით გაიარა კრიტიკით დანაღმული მონაკვეთი და უვნებლად აიდგა ფეხი ქართულ კინემატოგრაფში...

არადა ვანო ბურდულს რთული გზა და თავისებური ესტაფეტა ჰქონდა გასავლელი. ბურდულს, ფაქტობრივად, დაუსრულებელი ნაწარმოების გაგრძელება უნდა შეეთხზა და თანაც ისე, რომ მის ოპუსს ე.წ. ღია ფინალი ჰქონოდა, რომელიც პროდიუსერებს ტრილოგიის დასრულების საშუალებას მისცემდა. ხოლო „გასეირნება ყარაბაღში“ რომ ტრილოგია იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ყარაბაღის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი ფაქტობრივად იმპროვიზაციაა. თუმცა არც იმდენად ცუდი, რომ მაყურებელს აკა მორჩილაძის ნოსტალგია გაუღვივოს. აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ უდაოდ კარგი ნაწარმოებია, მაგრამ ვანო ბურდული თავისებურად საინტერესო ისტორიას თხზავს. ასეა თუ ისე, ორი რეჟისორის - ლევან თუთბერიძისა და ვანო ბურდულის განსხვავებული ხელწერა არც ისე კონტრასტულია, რომ „გასეირნება ყარაბაღში“ და „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ ერთიანი კონტექსტიდან ამოვარდეს და ფრაგმენტარული შთაბეჭდილება დატოვოს. ორივე ფილმში მთავარია ომის თემა და მისი ექო, ხანდახან იმდენად შორეული, რომ რთულია გაიგო და დაინახო კონფლიქტის ანატომია. ასე, მაგალითად, ფილმში „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ მოქმედება პირდაპირ ენგურის ხიდიდან იწყება; კადრში ჩანან გიო (ლევან დობორჯგინიძე) და „ქართველი აფხაზი“ მეტსახელად „მესტნი“ (ზურაბ ინგოროყვა“) და არ ჩანს იმის მინიშნებაც კი, რატომ და როგორ ჩაინგრა ჩვენს შორის არსებული ხიდი და რატომ დამკვიდრდა ჩვენში ტერმინი „ქართველი აფხაზი“, რომელიც აფხაზებს ორ კატეგორიად - მტრებად და მოყვარეებად ჰყოფს...

ფილმში „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ არა მხოლოდ აფხაზეთის თემა, არამედ მისი ნოტებიც ჟღერს. მართლაც, ახალი ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს, მუსიკა კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის, რომლებმაც თავის დროზე ასეთივე ტანდემი შეკრეს გოგა ხაინდრავას ფილმში „ოცნებების სასაფლაო“... მათთვის აფხაზეთის თემა იმდენად ახლობელია, რამდენადაც მტკივნეული. სხვათა შორის, მტკივნეულია ის პარალელი და ასოციაციებიც, რომელსაც ბადებს ყარაბაღის მეორე ნაწილი დღევანდელობასთან, საქართველო-რუსეთის ომისდროინდელ თუ მის შემდგომ პერიოდთან, როდესაც ყველა რესტორანში ქეიფობდნენ, სამორინეებში ქონებას აგებდნენ, ქუჩებში „თავნებს“ აბარებდნენ, მეძავეებთან ერთად საუნებში ერთობოდნენ, ღამის კლუბებში ღამეებს თეთრად ათენებდნენ. რა თქმა უნდა, მტკივნეულია რეჟისორის თუ სცენარისტის არაცნობიერი პასაჟი, რომელიც გახსენებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, - „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“, რომელიც დიდი ხანია, რაც სავალდებულო საზეპიროდ იქცა მხოლოდ სკოლის მოწაფეებისთვის და დაკარგა თავისი ძალა, როგორც კონკრეტულმა დებულებამ...

„გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ იმ პერიოდზეა, როდესაც თვალსმოკლებული ადამიანები, მათ შორის ომში დაღუპული გმირები მხოლოდ ქელეხში გახსენდება... ასეთ რეალობაში უწევს ცხოვრება ნარკომან გოგლიკოს (მიშა მესხი) იქამდე, სანამ ომის მაცნე - „მესტნი“ არ გამოაფხიზლებს. მას შემდეგ იწყება გოგლიკოს ტრაგიკომიკური თავგადასავალი და, რაც ყველაზე საინტერესოა, ტრანსფორმაცია. როგორც ნარკომანი, გოგლიკო ფხიზელ მდგომარეობას ვერადავერ ეგუება, მაგრამ მის ცხოვრებაში მაინც ხდება გარდატეხა, როდესაც მის თვალწინ, მის გვერდით „მესტნის“ ჩაცხრილავენ. ასე გაფხიზლებენ, როდესაც სილას გაწნიან; როდესაც ძალდატანებით, მაგრამ კეთილშობილი მიზნით გაბრუნებენ რეალობაში. ამბობენ, ყველაზე სასარგებლო წამალს მწარე გემო აქვსო. ამ შემთხვევაშიც ასეა. რაოდენ პათეტიკურიც არ უნდა ჩანდეს ამის შემდეგ გოგლიკოს აფხაზეთში ჩასვლა (აშკარად ვხედავთ მის კათარზისს, მით უმეტეს, რომ „მესტნი“ მის გამო დაიღუპა და ამ ცოდვას გოგლიკო თავისებურად გამოისყიდის), უარესი იქნებოდა გოგლიკოს თბილისში დარჩენა ან დამალვა და ნარკომანის უარყოფითი სტერეოტიპის გამყარება... ამრიგად, ფილმის რეჟისორის ზომიერი პათოსიც სავსებით მისაღებია და არ იწვევს უკურეაქციას.

„გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“, პირადად ჩემთვის, როგორც ქართული კინოს მკვლევარისთვის, იყო ფილმი აღმოჩენა, რომელმაც გამოავლინა ახალი ტენდენცია თანამედროვე ქართულ კინოში. მართალია, უკვე მრავალჯერ აღინიშნა, რომ ეს პირველი ქართული სიქველია, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება არა ფილმის გაგრძელებაზე, არამედ ერთი ფილმიდან - მეორე ფილმში გარდამავალ კინოგმირზე (მიშა მესხის კინოპერსონაჟი), რომელიც ლევან თუთბერიძისა და ახლა უკვე ვანო ბურდულის წყალობით იქცა გზობის სიმბოლოდ თანამედროვე ქართულ კინოში.

თუ ლევან თუთბერიძის ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ ქართველ თომ სოიერზეა, სიქველი - ჰეკელბერი ფინის მოგზაურობას აღწერს. მიშა მესხის კინოპერსონაჟი კი მართლაც ტიპური ხულიგანი და ავანტურისტია, რომელიც განსხვავდება ლევან დობორჯგინიძის კინოგმირისაგან, როგორც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მარკ ტვენის ლიტერატურული გმირები. შესაბამისად, გოგლიკო იქცა გზობის, ან თუ გნებავთ მოგზაურის ისეთივე სიმბოლოდ ქართულ კინოსივრცეში, როგორიც იყო და არის ჰეკელბერი ფინი ამერიკულ ლიტერატურაში... მოგზაური კი ყოველთვის ეძებს ახალ შთაბეჭდილებებს და გაურბის „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“; მიილტვის სხვა, განსხვავებული სინამდვილისკენ... ორივე ფილმის ე.წ. ღია ფინალი არა მარტო ამის თქმის საბაბს, არამედ იმის მყარ საფუძველსა და მოლოდინსაც ქმნის, რომ პროდიუსერები - ლევან კორინთელი და არჩილ გელოვანი სამომავლოდ ტრილოგიის ბოლო ნაწილზე დაიწყებენ მუშაობას. ქართული ოდისეა აუცილებლად გაგრძელდება, გოგლიკო ისევ იმოგზაურებს და გეზს სავარაუდოდ კავკასიის სხვა ცხელი წერტილისკენ აიღებს... ასეთი კი მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის გარდა რამდენიმეა.

აღსანიშნავია, რომ „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ თავისებურად ნეკრორეალისტურია არა ჟანრული გაგებით, არამედ მახასიათებლით - უფერული, თითქმის მკვდარი ფაქტურით. ამ ფაქტურას აცოცხლებს ფილმის ტემპორიტმი, რომელიც არ განიცდის მნიშვნელოვან ვარდნას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავისი წინამორბედისაგან ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ სიუჟეტი კინონოველის პრინციპით იგება და ვანო ბურდული ერთი პერსონაჟის ისტორიის ნაცვლად რამდენიმე პერსონაჟის ისტორიას აღწერს. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ რთულია როგორც ერთიანი რიტმის, ისე ფაბულის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, უფრო მრავალფეროვანია თუ არა ყარაბაღის მეორე ნაწილი, ნუცა კუხიანიძისა და ლევან დობორჯგინიძის სასიყვარულო ურთიერთობამ უკან გადაინაცვლა და მათ ფონზე წინა პლანზე წამოიწია მიშა მესხის პერსონაჟმა. ვფიქრობ, რომ პროდიუსერებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და „უფერული“ ფილმის ტიპაჟურ მრავალფეროვნებას ერთი კოლორიტული კინოპერსონაჟი არჩიეს.

ალბათ, ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ წარმატება იმ დოზირებულმა შავმა იუმორმაც განაპირობა, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას და თინეიჯერებს უყვართ. თინეიჯერებს ე.წ. ტუალეტის იუმორიც ახალისებს, მაგრამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „გასეირნება ყარაბაღში 2“ ასეთი იაფფასიანი პასაჟებით არ სცოდავს და მიშა მესხის კინოგმირის ბილწსიტყვაობა ნაკლებად ტოვებს ხოლმე უკბილო ხუმრობის შთაბეჭდილებას. საბედნიეროდ, ირაკლი სოლომონაშვილმა და ვანო ბურდულმა არ აქციეს ფილმი ერთ უბრალო უხამს კინოანეკდოტად, რომელზეც, როგორც კინოკრიტიკოსს, მწვავე რეაქცია მექნებოდა.

სამაგიეროდ არ მინდა უპასუხოდ დავტოვო ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერების ის განცხადება, რომელიც 2008 წლის ნოემბერს გააკეთეს პრესკონფერენციაზე. შეიძლება თუ არა ფილმს უწოდო წარმატებული? წარმატების ინდიკატორი გახლავთ კინოსეანსზე დასწრების სტატისტიკა და შემოსავალი, რომელიც არსებული ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გაიზრდება. მაგრამ რამდენად სწორია ან მართებული, როდესაც ფილმის გადაღების წინ პროდიუსერები მოკრძალებულად აღნიშნავენ, რომ მთავარია ფილმმა კინოგაქირავებიდან მის გადაღებაზე გაწეული ხარჯი ამოიღოს და არა მოგება მოიტანოს?

მახსენდება გოგა ხაინდრავას ფრაზა, რომელიც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხრა - ქველმოქმედებას ზღვარი აქვს, მერე ბიზნესი იწყებაო. ვფიქრობ, ლევან კორინთელისა და ფილმის სხვა პროდიუსერებისათვის ისევე, როგორც ნებისმიერი კინომწარმოებლისათვის ეს მოწოდება აქსიომატური უნდა იყოს. მით უმეტეს, ისეთი კინოპროდიუსერისათვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავით აღმაშენებელზე მსხვილბიუჯეტიანი, კოსტიუმირებული და ბატალური სცენებით გაჯერებული ფილმის გადაღებას გეგმავდა... მხოლოდ ფილმზე გაწეული ხარჯის დაფარვაზე ორიენტირება აკნინებს პროდიუსერის პროფესიას. ასეთი ალტრუისტული დამოკიდებულება უადგილოა. მით უმეტეს, რომ ასეთი დამოკიდებულება ძალიან ჰგავს მოწოდებას „ხელოვნება - ხელოვნებისთვის“ და ისეთივე არამომგებიანია, როგორც, მაგალითად, რომელიმე ქართულ საწარმოს ან ბიზნესმენს რომ დაეწყო წარმოებული პროდუქციის გაყიდვა ერთადერთი მიზნით - ამოეღო გაყიდვებიდან წარმოებაზე გაწეული ხარჯი (და არა მოგება, გაეზარდა შემოსავალი) და ამ თანხებით ისევ, აი, ასე უანგაროდ ეწარმოებინა პროდუქციის ახალი პარტია... თუ არ ვცდები, ფილმის ერთ-ერთ კადრში მიშა მესხს ლუდი 3დ-ეს ბოთლი უჭირავს. თუკი ლუდი 3დ-ეს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ფილმში მათი ბრენდის ირიბი რეკლამირება გაზრდის ამ ლუდის გაყიდვების მაჩვენებელს და, შესაბამისად, შემოსავალს, მაშინ რატომ შემოიფარგლებიან ფილმის პროდიუსერები მხოლოდ ხარჯის დაფარვით?

ვისურვებდი, რომ ფილმის „გასეირნება ყარაბაღში 2: კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერებმა ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობა უფრო მეტი ამბიციით და შემართებით დაიწყონ. რაც მთავარია, უკვე მოხერხდა ქართველი მაყურებლის „გაწევრიანება“ მოგზაურთა კლუბში, რომელიც მათ კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხო და საინტერესო გასეირნებას სთავაზობს...