Thursday, April 16, 2009

ყოფიერების აუტანელი სიმძიმე


სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების ”სვანი” - ჩვეული და უჩვეულო მორალი


კინოეკრანებზე სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების მხატვრული ფილმი ”სვანი” გამოჩნდა. სიმართლე ითქვას, ბაბლუანის ”მემკვიდრეობის” შემდეგ მაყურებელს გაუჭირდება კიდეც სვანეთის შესახებ ალტერნატიული სურათის ობიექტურად შეფასება. ”სვანისა” და ”მემკვიდრეობის” ერთ რაკურსში განხილვა ისეთივე შეცდომაა, როგორიც მხატვრული და დოკუმენტური, მით უმეტეს, რეპორტაჟული ფოტოს შედარება-შეჯერება. მართალია, ქართველი მაყურებელი ძალზედ პრეტენზიულია, მაგრამ ეს ფილმის აღქმის დამხმარე საშუალებად ვერ იქცევა. მეტიც, პრეტენზია ემპირიულ ცოდნას ეყრდნობა, რომლის გათვალისწინებით ვერასოდეს შევთანხმედებით იმაზე, რომ მთის ადათ-წესებზე ოდესმე ”ვედრებაზე” უკეთეს ფილმს გადაიღებენ, ან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემდეგ მთაზე წერა ღირდეს.

ანეკდოტებს, ან ხალხურ თვითშემოქმედებას თუ დავუჯერებთ, სვანი ადამიანის სიდინჯე ღიმილის მომგვრელია. თუმცა სიდინჯე ჩვევად გექცევა, როდესაც ცხოვრობ პრინციპით - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი; როდესაც პირველი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს უკანასკნელი. ჯაჭვლიანებმა ეს კარგად იციან და სვანური ადათ-წესების ცოდნაში მათ არავინ ეცილება.

ჯაჭვლიანების ფილმში სვანეთის თვითმყოფადი და მკაცრი ბუნების ფონზე უფრო მკვეთრად კონტრასტული ხდება კერპთაყვანისმცემლური და ქრისტიანული კულტურათა ურთიერთქმედება; ურთიერთსაწინააღმდეგო მორალისა და ზნეობის - ”კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ” და ”მარჯვენა ლოყაში თუ გაგაწნეს სილა, მეორეც შეუშვირე” სახიფათო სიმბიოზი. ეს ის ყოფაა და ყოფიერების აუტანელი სიმძიმე, რომელიც ქალაქელ ადამიანს არ გაწვება ფსიქიკაზე და მხრებზე. ქალაქში ყველაფერს მიწიერი კანონი არეგულირებს, მთაში კი, როგორც ამას სოსო ჯაჭვლიანი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, - ”სახელმწიფო რომ არ არის თავის დონეზე მერე ადამიანი ხდება კანონი...”

ჯაჭვლიანების ”სვანი”, კინოესთეტიკის თვალსაზრისით ვერ პასუხობს კინომანების მოთხოვნას, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს კინოგურმანების მოთხოვნილებას, რადგან ფილმი მათ აწვდის რთულად გადასამუშავებელ სულიერ საზრდოს. თავისთავად რთულია აღიქვა და ”გადაამუშავო” რეალობა, რომელშიც ორი მონათესავე ოჯახის მტრობის საბაბი უსაზღვრო სიყვარული ხდება. თითქმის პარადოქსული სიტუაცია შექსპირის ”რომეო და ჯულიეტას” გაგონებს, მაგრამ ”სვანის” რეჟისორი საკმაოდ საჩოთირო მდგომარეობაში იმყოფება - მონათესავე ოჯახების სისხლის აღრევა სხვა არაფერია თუ არა ინცესტი. არანაკლებ საჩოთირო საკითხია, ღირს თუ არა ამ ფაქტორის გათვალისწინებით სიყვარულის იგნორირება, მით უმეტეს, რომ ”მონათესავე” და ”მოგვარე” არ არის სინონიმები... ვფიქრობ, ”სვანში” ერთი-მეორესთან მონათესავე (ღმერთი უწყის, რომელ თაობაში) ადამიანის სიყვარული იმაზე ნაკლები ცოდვაა, ვიდრე რელიგიაში ადამი და ევას შთამომავლობის იძულებითი ინცესტუალური კავშირი...

მიუხედავად ამისა, ფილმში სალომე გასვიანის ლინჩის წესით გასამართლებას წინ ვერაფერი აღუდგა. ისიც ისე უმოწყალოდ მოკლეს ამორალური მორალის ფარს ამოფარებულმა ნათესავებმა, როგორც გაუსწორდნენ მარიტას აბულაძის ფილმში ”ნატვრის ხე”. ამ ვანდალური აქტის უსაფუძვლობას სალომე გასვიანის კინოგმირის მამა თვითმკვლელობით ადასტურებს. ეს ის იშვიათი მაგალითია, როდესაც მთიელი, ამ შემთხვევაში კი ფილმის რეჟისორი, საზოგადოებრივი აზრის მონობას ლამის პათოლოგიად ასახავს - თემის თვალწინ მამამ შვილი მოკლა და ამრიგად აღასრულა ადათ-წესი, დააკმაყოფილა თემის მოთხოვნა, მაგრამ ვერ უზრუნველყო ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ჩანს, ასეთი ყოფა და საზოგადოებრივი აზრის მონობა არა მხოლოდ კომუნალურ პირობებში აღზრდილი თაობის, არამედ მთიელებისა და მათი სოციალური კულტურის ბედისწერაა...

ამ სოციო-კულტურას ჯაჭვლიანები ზედმეტი შელამაზების გარეშე გვიჩვენებენ. ფილმის შელამაზებას არც სვანური ფოლკლორის ანსამბლის გამოჩენა იწვევს - ფილმის ერთ-ერთ სცენაში საფლავზე სიმღერა ვიღაცისთვის, მეტწილად კი ეთნოგრაფიაში გაუთვითცნობიერებელი მაყურებლისთვის კომიკურ, ვიღაცისთვის კი ტრაგიკულ ელფერს იძენს. გახსენდება ”სვანური ზარი”, რომელიც ლოცვასაც ჰგავს და გოდებას. ასე ემშვიდობებიან სვანეთში და ამის იგნორირება ან შეურაცხყოფა, თუნდაც იმის ხაზგასმით, რომ ”ეს სცენა - არაკინემატოგრაფიულია”, ჯანსაღ კრიტიკას არ შეეფერება.

სვანეთში რომ ყველაზე მტკივნეულად განიცდიან გვარის სიკვდილს იქიდანაც ჩანს, რომ ძმებმა ჯაჭვლიანებმა თავისი გვარი ფილმის მთავარ გმირს ”გადაულოცეს”. ჩანს, ამ გვარმა ავტორებისგან დამოუკიდებლად ეკრანზეც უნდა იარსებოს. ბადრი ჯაჭვლიანის კინოგმირი ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც სათუთად ზრუნავს გენეოლოგიური ხის დაცვაზე. სწორედ ამიტომ არც ის უნდა იყოს მაინცდამაინც ალოგიკური თუ მოულოდნელი, რომ სიკვდილის რისკის მიუხედავად იგი რუს მეუღლესთან ერთად (რუსი მეუღლე, ჯარიდან გამოყოლილი რუსი მეგობარი - ამას ნაკლებად დაჰკრავს პოლიტკორექტულობის ელფერი, ნოსტალგიის ელფერი კი ცალსახად) მულახის თემში, ჯაჭვლიანების საგვარეულო კოშკში ბრუნდება. მთავარია არა ის, რა დარჩება მას, არამედ ის, რასაც იგი დატოვებს აქ... ეს კი მხოლოდ ფინალში ირკვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ აბულაძის ”ვედრება” საშა ანტიპენკომ (”მონანიება” კი მიხეილ აგრანოვიჩმა) გადაიღო. ”სვანის” დაუვიწყარი ლანდშაფტები კი ევგენი მუზრუკოვმა აღბეჭდა. შესაბამისად, ვფიქრობ, არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ ქართული ბუნების (მით უფრო ქართული სულის) მხოლოდ ქართველებს გვესმის; მხოლოდ ჩვენ ვხედავთ ამ მკაცრი ლანდშაფტების მიღმა ფაქიზ და ნატიფ სილამაზეს. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მუზრუკოვის მოწვევამ გაამართლა, რადგან სწორედ მისი თანამონაწილეობით სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების ფილმი "სვანი" მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ”ოქროს ფოთოლცვენა - 2007” კინოპრესის ჟიურის სპეციალური დიპლომით "თანამედროვე ეკრანზე ეროვნული კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისათვის" აღინიშნა.

მსახიობების მანერულობა ფილმის სუსტი მხარეა და სტანისლავსკის მეთოდით მსახიობების წრთობამ ხშირ შემთხვევაში უკუშედეგი გამოიღო - იქ, სადაც სპონტანურობა იქნებოდა ფასდაუდებელი, იგრძნობა ფალში, გადათამაშება; ჩანს თეატრალური კულისები და არა კინოეკრანი... ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა ფილმის არაპროფესიონალ მსახიობებზე, ტიპაჟებზე აგება, რაც ერთი-ორად გაზრდიდა ”სვანის” რეალიზმს და მაყურებლისა და, ამასთანავე, კრიტიკოსების სიმპათიას. სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ მსახიობებს მანერულობას აბრალებენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი ზედმიწევნით იცავენ სტილს - საუბრობენ დინჯად, თითოეული სიტყვის აწონ-დაწონით, ერთმანეთს სათქმელის დასრულების საშვალებას აძლევენ და მხოლოდ ამის შემდეგ სცემენ პასუხს. ესეც კულტურის ნიშან-თვისებაა, რომელსაც ზრდილობა ეწოდება და მთიელებში ოქროს ფასად იწონის...

თუმცა, რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ფილმის ფინალი ყველაზე რეალისტურია და მძაფრი. მონათესავე ოჯახები დაზავდნენ, მაგრამ სახლიდან გამოსული ბადრი ჯაჭვლიანის კინოგმირი გადამტერებული მეზობლის, ძმის მკვლელობისთვის შურისმაძიებელი ადამიანის მსხვერპლი ხდება. ბადრი ჯაჭვლიანის წინაშე სოსო ჯაჭვლიანი პირწმინდა და მართალია - იგი არ მოუკლავს დაზავებულ, ძველ მტერს. იგი ბედისწერამ იმსხვერპლა. საჭირო იყო თუ არა ასეთი ფინალი? ასეთი კათარზისი? ვფიქრობ, რომ კი. ამან სამუდამოდ დაასამარა მტრობის მიზეზი, ნათესავებს შორის არსებული შუღლი და მშვიდობიანი მომავლის გარანტად დატოვა უცოდველი ახალშობილი...

No comments:

Post a Comment