Thursday, April 16, 2009

ნეკრორეალიზმი


მუზეუმიფიცირებული და ნარკომანიის თემით ინფიცირებული ქართული კინო


რამდენიმე დღის წინ ტელეეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას - შტატებში სცენარისტების გილდია გაიფიცა და ”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალი ჩაშლის საფრთხის წინაშე დგასო - გულგრილად ვისმენდი. ჰოლივუდი არც ეკონომიკაა და არც პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის კურსზე რომ იქონიოს გავლენა. არაფერი შეიცვლება. სულ რომ მთელი ჰოლივუდი გაიფიცოს, ქართული კინო ისეთი რეიტინგული მაინც ვერ გახდება, როგორიც ტელეკომანია ”კავკასია” გახდა ”იმედის” გაუქმების ხარჯზე... მეტიც, ქართული კინო სტიქიურ ცნებად რომ იქცეს, ასეც დარჩება ქარიშხალი ჭიქაში.


არც ერთი ახალი ქართული ფილმი არ ასახავს, ან არ ეხმაურება მსოფლიო კინოს ტენდენციებს - ჩვენ არც ტერორიზმის და არც გლობალური დათბობის თემა გვაწუხებს. თუმცა მსოფლიო კინოს სურდოს მიკრობივით მოდებული მიგრაციის თემა ქართულ კინოში ერთი დაცემინების შედეგად გამოწვეული ექოს სახით მაინც დაფიქსირდა (2006 წელს - ბაბლუანის ”13”). და ეს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის გადინება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. წინასაარჩევნო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოდან მილიონზე მეტი ქართველია წასული...

ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოში ნარკომანიის პანდემიის საშიშროების მიუხედავად, ნარკომანიის პრობლემას 2007 წლის მიწურულს მხოლოდ ერთი ფილმი მიეძღვნა - აჩიკო ქავთარაძის ”სუბორდინაცია”. არცაა გასაკვირი. სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევას რომ გადახედო, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ნარკომანიის შემოტევა ისეთივე მითია, როგორიც მარსიანელების თავდასხმა. თუმცა ნებისმიერი ჩვენთაგანის სადარბაზო სტატისტიკის დეპარტამენტის ავტონომიური განყოფილებაა - კიბე-კიბე დაგდებული გამოყენებული შპრიცები მართლაც რომ ნარკომანის მეირ განვლილი ხანმოკლე ცხოვრების მეტაფორულ გზას ასახავს...

ასე რომ, ქართულ კინოში სოციალური თუ კრიტიკული რეალიზმის არარსებობა თუ დაკნინება ისევდაისევ შევარდნაძის დროინდელ ქართულ კინოსთან გვაბრუნებს, როდესაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო არაფერი იქმნებოდა. და თუ იქმნებოდა, ფილმი იყო სრულიად არაადეკვატური იმ დროისა და სივრცის მიმართ, რომელშიც იზრდებოდა და ყალიბდებოდა რეჟისორი. შევარდნაძის დროინდელი კინო ნეკრორეალიზმს უფრო ჰგავდა. ოღონდ არა იმ მინიმალისტურ მხატვრულ მიმართულებას, რომელსაც 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა რუსეთში ევგენი იუფოტმა. არა, ნეკრორეალიზმს საქართველოში სხვა განმარტება აქვს - ეს არის მართლაც მკვდარი, არა მუმიფიცირებული, არამედ მუზეუმიფიცირებული დრო, რომელმაც დაკარგა აქტულაობა და დროსთან კავშირი; კინო იქცა სამუზეუმო ექსპონატად, რომელიც მხოლოდ მკვლევარებში აღძრავს ინტერესს. შესაბამისად, როდესაც ამ დროში ძალდატანებით გვაბრუნებენ, გვიჩნდება საფუძვლიანი პროტესტის შეგრძნება, რადგან ქვეყანაში თანამედროვეობის გამოძახილს მხოლოდ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა არ უნდა ტოვებდეს. მე მინდა მქონდეს ისეთი კინოწარმოება, რომლის პირობებშიც ”დავით აღმაშენებლის” გადაღება მართლაც შესაძლებელი იქნება.

სიმართლე ითქვას, ამ სტატიის წერისას კოტე ყუბანეიშვილი გამახსენდა. არა მარტო იმიტომ, რომ მაიაკოვსკის მსგავსად ყუბანეიშვილი ქართულ კულტურას სოციალური დაკვეთის შესრულებისკენ მოუწოდებდა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლობის” წინ გამართული მცირერიცხოვანი მიტინგის ფონზე კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ თავის დროზე კოტე ყუბანეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციასაც ასრულებდა - არ ცრუობდა, იყო მიუკერძოებელი და ”სახალხო” მთქმელი... ერთხელ მას სალოსიც კი ვუწოდე, რადგან ძველად მხოლოდ მათ და კიდევ მასხარებს შეეძლოთ სიმართლის პირში თქმა და ამისათვის მათ არავინ სჯიდა, რადგან გიჟებად მიიჩნევდნენ... ამაზე უკეთ დრამატურგმა სულიკო ჟღერნტმა თქვა, - ”აბსოლუტურ მონარქს ვერავინ ეტყვის მწარე სიმართლეს. ამიტომ შემოღებული იქნა მასხარას თანამდებობა (ოპოზიცია)... ” სამწუხაროდ, ასეთმა მასხარებმა პოლიტიკაში გადაინაცვლეს და დემაგოგებად იქცნენ. ხელოვნებას კი, მათ შორის კინოს მრავალი ნიჭიერი ადამიანი მოაკლდა...

თანამედროვე ქართული კინო ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტივითაა - მთავარია არა აქტუალური, არამედ პრიორიტეტული პროცესების ასახვა. შესაბამისად, ნარკომანიის პრობლემაზე, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ფილმს არავინ იღებს. აქტუალობას ქმნის ვითარება, პრიორიტეტს კი ადამიანი. შესაბამისად, ეს ყურადსაღებია იმ რეჟისორებისთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ რეალობის შეგრძნება. რამდენიმე წლის წინ ასეთი კატეგორიის ახალგაზრდა რეჟისორებში ჩემი ფავორიტიც მყავდა. და არა მარტო მე, ქართველი კინომცოდნეები ერთხმად აღიარებდნენ, რომ კინოდოკუმენტალისტი საშა ქორიძე ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციების მატარებელია და იგი ”შორს წავა”...


ქორიძე იმდენად შორს წავიდა, რომ აღარც ჩანს. შესაძლოა საშა ქორიძეც ტელეინდუსტრიის მძევლად იქცა და მასში კლიპურმა ცნობიერებამ სძლია კინემატოგრაფიულს. ასეა თუ ისე, ქორიძე ”შორს წავიდა”... ისევე, როგორც ქართული კინოს მამების თაობა - ოთარ იოსელიანი - საფრანგეთში, მიხეილ კობახიძე - ავსტრიაში, დიტო ცინცაძე - გერმანიაში. მოკლედ, შორს წავიდნენ და დაგვშორდნენ. ალეკო ცაბაძე ერთ-ერთი ქართველი რეჟისორია, რომელმაც 2007 წელს გადაღებული ფილმით ქართულ რეალობასთან და პოლიტიკურ რეალიებთან დაკავშირება სცადა. პროდიუსერების, არჩილ გელოვანის, ლევან კორინთელისა და გუკა რჩეულიშვილის პროდიუსირებით (ფილმის გადაღება ჯამში 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა) ალეკო ცაბაძემ გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ”რუსული სამკუთხედი”, რომელიც ქართულ-რუსული დაძაბული ურთიერთობის, ტერორისა და შანტაჟის ენით მოლაპარაკე დიპლომატიის ფონზე ნამდვილად მოვლენა იყო. ამჟამად უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი ”რუსული სამკუთხედი” ქართული კინოკრიტიკის ნაწილმა საკმაოდ გულგრილად მიიღო. გაისმა სხვადასხვა ბრალდებებიც - ქართულ რეალობას მოწყვეტილი, თეატრალური მანერიზმი და სხვა და სხვა. სიმართლე გითხრათ, მე ფილმს დადებითი რეცენზია მივუძღვენი. მომეწონა თუ არა ფილმი? არც ისე, მაგრამ როგორც კინოკრიტიკოსმა ვარჩიე შეფასებისას თანმიმდევრული და ადეკვატური ვყოფილიყავი. ”რუსული სამკუთხედი” მარკეტინგულად გათვლილი და რუსულ აუდიტორიაზე მეტ-ნაკლებად გათვლილი კინოპროექტია.


ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედის” მეორე, სამუშაო სახელწოდება იყო ”რუსული ენის მასწავლებელი”. შინაარსობრივად ფილმი საკმაოდ საინტერესოა: მოსკოვში პროფესიონალურად შესრულებულ მკვლელობებს მილიცია იძიებს. გამოძიებაში იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, კოლია მალცევი მონაწილეობს. მისი დახმარებით კრიმინალში ნელ-ნელა იკვეთება რუსი ჯარისკაცისა და ჩეჩენი პატრიოტის კვალი. ფილმში ერთ-ერთი შურისმაძიებელი წარსულში რუსული ენის მასწავლებელია. ასეთი წიაღსვლა დღესაც უამრავ კითხვასა და ასოციაციას ბადებს - რუსულ კულტურაზე და მის ენაზე შეყვარებული ადამიანი რუსული აგრესორული პოლიტიკისა და ანტიჩეჩნური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. შესაბამისად, სახელწოდებას - ”რუსული ენის მასწავლებელი”, ფონად მწარე ირონია გასდევს.

არანაკლებ საინტერესოა ფილმის ახლანდელი სათაური - ”რუსული სამკუთხედი”. ამ შემთხვევაში წინა პლანზე იწევს ის გეომეტრიული ურთიერთობა, რომელსაც ქმნის პოლიტიკური რეალობა: ქართველის, რუსისა და ჩეჩენის ურთიერთკავშირი. ფილმში ნახევრადქართველი ნიკალაი მალცევი ხანდახან ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომლის უკან დაუფარავად ჩანს ქართველი რეჟისორი ცაბაძე. მაგალითად, მალცევი ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე რატომღაც აფხაზეთის ომს ახსენებს... ჩანს, ალეკო ცაბაძემ მაინც დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც ნახევარტონში, მაგრამ ცალსახად დააფიქსირა მალცევის პოსტაფხაზური სინდრომი.ასე რომ, ფილმი ნამდვილად არ არის მოწყვეტილი ქართულ სინამდვილეს. პირიქით, ”რუსული სამკუთხედი”, მასში ღიად გაჟღერებულ ანტიმილიტარისტულ ნოტებთან პარალელურად აჟღერებს აფხაზური ომის თემასაც. და ეს იმ დროს, როდესაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში ზოგი ანტიქართულ განწყობასთან ერთად ღიად აფიქსირებს საქართველოს შიდა სეპარატისტული რეჟიმისადმი მხარდაჭერას და ცალსახად ითხოვს დუმისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. ასეთ ვითარებაში ქართულ ღვინოს მონატრებული რუსი მაყურებელი ცაბაძის ანტიმილიტარისტულ ფილმს ომსა და მშვიდობაზე ისე აღიქვამდა, როგორც ფილმსა და სადღეგრძელოს... სამწუხაროდ, ალეკო ცაბაძე ის ერთადერთი რეჟისორია, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ ქართულ კინოში რეალიზმის დამვკიდრება სცადა...

ამ მხრივ ლევან თუთბერიძის ”მოგზაურობა ყარაბაღში” არსებული რეალობის ერთადერთი გამოძახილი იყო. თუმცა მაინც სუსტი, რადგან გიორგი ახვლედიანის (აკა მორჩილაძის) ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი ასახავს 90-იანი წლების საქართველოს და მასში ნარკომანიის პრობლემას. საინტერესოა, რომ ლევან თუთბერიძის ”მოგზაურობა ყარაბაღში” და ახალგაზრდა რეჟისორის აჩიკო ქავთარაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ”სუბორდინაცია” ერთი-მეორეს ეხმაურება - ორივე ფილმი ეხება ნარკომანიის პრობლემას და ორივე ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი, მსახიობი ლევან დობორჯგინიძე ასრულებს.
”სუბორდინაციაში” კრიტიკოსებმაც და მაყურებელმაც ინგლისელი რეჟისორი, გაი რიჩის მისამართით გაცემული მრავალი რევერანსი ამოიკითხეს. მათ შორის მონტაჟისა და სტილისტური პასაჟების კუთხით. პირადად მე ”სუბორდინაციაში” არა მხოლოდ სტილისტური და ჟანრული აღრევა, არამედ რეალობისა და ფიქციის ”შედუღება” დავინახე. რეჟისორი ფილმს ისე იღებს, რომ ხანდახან ეჭვობ - ”სუბორდინაცია” მხატვრული ფილმია თუ დოკუმენტური, ან კიდევ ფსევდოდოკუმენტური, მაგრამ მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით. აქ ნარკოტიკს ისე უკეთებენ ერთმანეთს, როგორც რეალობაში - შელამაზების გარეშე, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი შპრიცებით, ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე. ნარკომანიით დაავადებული ადამიანის ფასეულობების დევალვაციაც საკმაოდ კარგად ჩანს და თავად პიროვნების თანმიმდევრული დეგრადაცია. შეიძლება ითქვას, აჩიკო ქავთარაძე აგრძელებს საზოგადოებასთან მამების თაობის მეირ (ნარკომანიის თემით ”ინფიცირებული” ფილმები: ლევან ზაქარეიშვილი ”ისინი”, ლევან ანჯაფარიძის ”ორმაგი სახე”) წამოწყებულ დიალოგს. მეტიც, თითქმის ნახევარი წლის წინ კინოთეატრ ”ამირანში” გამართულ პრემიერას ჯგუფური თერაპიის ფუნქცია უფრო ჰქონდა, ვიდრე კომერციული კინოსეანსის. თუმცა თბილისელი ნარკომანების ცხოვრების წეს-ჩვეულებების გამოჩენასთან ერთად კინოეკრანზე კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, რამაც ყველაზე მეტად დამაინტერესა და ამასთანავე დამაინტრიგა - ფილმში გამოჩნდა რეჟისორის თვითირონია და საკმაოდ დიდი ცინიზმი. ცინიზმი იყო თუნდაც რეჟისორის დაუფარავი პროვოკაცია, როდესაც ფილმის ერთ-ერთ კადრში ახალგაზრდა ბიჭები სუბუტექსს ”რეალურად” იკეთებენ... სწორედ ამ დროს გიჩნდება განცდა, რომ ქართულ კინოში რეალობასა და ფიქციას შორის ზღვარი წაიშალა...

ქავთარაძის ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ ანონიმური ნარკომანების თავშეყრას გაგონებს. ფილმში არ არის გმირი, რომელიც არ ეტანება ნარკოტიკს (სუბუტექსს). რეჟისორს ასეთი თეთრი ყვავი ერთი ჰყავს, მაგრამ ფინალში ისიც ირკვევა, რომ გმირისა და ანტიგმირის იმიჯს პერსონაჟი თეატრალური ნიღაბივით ირგებს. ერთი შეხედვით მარგინალი პიროვნება ყველა გოგონას სასურველი მამაკაცია, რადგან ”არ ეწევა, არ იკეთებს...” თუმცა აქ ქავთარაძის მესიჯიც საკმაოდ ცინიკურია - ფილმში ნარკორეალიზატორი, სიკვდილის ვაჭარი სწორედ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ბიჭუნაა... ანუ, ქავთარაძის მესიჯის პარაფრაზი რომ გავაკეთოთ, - ჩვენ წამალს ვიკეთებთ და ამას არ ვმალავთ. ჩვენ ყველა გვაკრიტიკებს... მაგრამ ის, ვინც არ იკეთებს და თავს გაწონებთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით - ბარიგაა! ახლა გვითხარით, რა უფრო უზნეოა? რა უფრო ამორალურია?

ალბათ ძნელია ქავთარაძის გზავნილს საზოგადოებისათვის ნასროლი თეთრი ხელთათმანი უწოდო... ქავთარაძე ხელთათმანს კი არა, მძიმეწონიან არგუმენტს ტყვიასავით ისვრის. სამწუხაროდ, ფილმის შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა. ”სუბორდინაციას” უგემოვნოდ შეთხზული ფილმი უწოდეს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის თაროზე შემოსადები. შესაძლოა, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ფილმი საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ ეს არ არის ნაივი, ეს უფრო გულწრფელობაა. ფილმს სტრუქტურაც ისეთი აქვს, რომ რეჟისორის სითამამე კანონისა და უკანონობის ზღვარზე დგას. სხვა დროს ფილმის ავტორი სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ფილმში გაშიშვლებული რეალობა დააინტერესებდა არა მარტო მაყურებელს, არამედ გენერალურ პროკურატურასაც. თუმცა, ვინ იცის, ქვეყანა, რომელშიც ფარული მიყურადება - ნივთმტკიცებულების სინონიმია, ქავთარაძის ”სუბორდინაცია” შეიძლება დანაშაულის გულახდილ აღიარებად მიიჩნიონ...


ასე რომ, ხანდახან გაურკვევლობასა და გაბუნდოვნებას - მხატვრული ფილმია თუ დოკუმენტური, ან კიდევ ფსევდოდოკუმენტური, მაგრამ მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით - თავიც კი უნდა აარიდო.

თანამედროვე ქართული კინო მართალია ნელ ტემპში, მაგრამ მაინც იზრდება. რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობრებმა დოკუმენტური ფილმების სტუდია დააარსეს - ”საქდოკი” და მათი პოტენციალის მქონე რეჟისორები დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქართულ დოკუმენტურ კინოში სოციალური თუ კრიტიკული რეალიზმის დაბრუნების პროცესში.

თუმცა უფრო რადიკალურად განწყობილ კინოკრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქართული კინო კი არ ვითარდება, არამედ გარდაიქმნება და პატარ-პატარა სტუდიების ხარჯზე ცდილობს თავის გატანას. შესაძლოა, კინოშიც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც გვქონდა 90-იან წლებში ქართულ თეატრში, როდესაც იმას წერდნენ, რომ სოკოებივით აღმოცენებული პატარ-პატარა თეატრები მაყურებელს ერთჯერად სანახაობას სთავაზობენ... რაც მთავარია, ქართველ მაყურებელში სულიერი საზრდოს და მისი მიღების მოთხოვნილება გაიზარდა... და როგორც კინოკრიტიკოსი, მადას არავის მოვუკლავ კრიტიკით. პირიქით, ამ წერილის მიზანიც სტიმულირებაა და არა კაპიტულაციისკენ მოწოდება.

No comments:

Post a Comment